თხრობა სულიერი პგ [83]. წინასწარმეტყველთა პატივისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს“(მთ. 10,41). საყვარელნო, თანამდებ ვართ სარწმუნოებით შეწყნარებად და სასოებით პატივისცემად წმიდათა წინასწარმეტყველთა, რამეთუ მათ მიერ გვაუწყა სულმან წმიდამან მამისა მიერ გამობრწყინვება სიტყვისა ღმრთისა და ქალწულისაგანცა ჴორციელად შობაჲ. ვითარცა ჰგალობს მეფსალმუნე: „საშოთ მთიებისა წინა გშევ შენ, ფუცა უფალმან და არა შეინანოს: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისასა“(ფს. 109,3-4). მამათმთავარნი და წინასწარმეტყველნი პატივცემულ არიან ღმრთისა მიერ და ჩვენდაცა ჯერ არს, ძმანო, თაყვანისცემა მათი სარწმუნოებით. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, მშვიდი, მდაბალი, ფრიად წრფელი სულითა და მართალი, მრავალთა საკვირველებათა მხილველი და ყოველთა მიერ სარწმუნო. მივიდა ვინმე მის ნეტარისა და ჰრქუა: „მამაო პატიოსანო, ორნი გულისსიტყვანი შემაიწრებენ მე, ვითარმედ: მელქისედეკ ძე არს ღმრთისა, ვინათგან მოციქული იტყვის: „უმამო, უდედო, ნათესავმოუხსენებელ“(ებრ. 7,3) მიმსგავსებულ არს ძესა ღმრთისასა. და მეორე გულისსიტყვა მეტყვის: მელქისედეკ კაცი არს მღუდელი ღმრთისა მაღლისა. ამის პირისათვის გევედრები, ღმერთ­შემოსილო მამაო, რათა სთხოვო ღმერთსა და გამოგიცხადოს შენ, თუ ვითარ არს ესე“. მიუგო წმიდამან ბერმან: „მაცადე მე, შვილო საყვარელო, სამ დღე და ჭეშმარიტი მოგითხრა მადლითა ღმრთისათა“. წარვიდა ყოვლადღირსი იგი ბერი და ევედრა ღმერთსა გულითა წმიდითა. და შემდგომად სამისა დღისა, მოვიდა და ჰრქუა: „მელქისედეკ კაცი არს, შვილო საყვარელო“. ხოლო მან ჰრქუა: „ვითარ სცან, წმიდაო ღმრთისაო?“ მიუგო ბერმან: „ღმერთმან მიჩვენა მე, შვილო, ყოველნი მამათმთავარნი და წინასწარმეტყველნი ადამისითგან ვიდრე მელქისედეკადმდე და ვიდრე ქრისტესადმდე, ბრწყინვალებითა მრავლითა და დიდებითა მიუთხრობელითა განათლებულნი და მრქუა ანგელოსმან: „ესე არს მელქისედეკ, მღუდელი ღმრთისა მაღლისა და არა ვინ არს ძე ღმრთისა, თვინიერ იესო ქრისტესა“. მაშინ სარწმუნო იქმნა იგიცა, და ადიდებდა საკვირველმოქმედსა ღმერთსა, რომელი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, სარწმუნოებით თაყვანისვსცემდეთ და ვადიდებდეთ ღმრთისა მიერ პატივცემულთა და დიდებულთა წმიდათა მამათმთავართა და წინასწარმეტყველთა, რამეთუ მათ მოასწავეს სულითა წმიდითა განათლებულთა ქრისტეს შობა ქალწულისაგან წმიდისა და სასოება ცხოვნებისა ჩვენისა. და აწ ჩვენცა, საყვარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი მარხვითა, ლოცვითა, ცრემლითა, სინანულითა, წინაშე მოძღვრისა ჩვენისა აღსაარებითა და გლახაკთა მიმართ მოწყალებითა, რათა განწმედილნი გულითა, სრწმუნოებითა უეჭველითა, ღირს ვიქმნეთ ზიარებად ცხოველს­მყოფელთა წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა, და განბრწყინვებულითა სულითა ვდღესასწაულობდეთ მარადის. და ვჰბაძვიდეთ, საყვარელნო ძმანო, სარწმუნოთა მონათა ღმრთისათა აბრაჰამს – სტუმართ მოყვარებითა, ისააკს – მამისა მიმართ მორჩილებითა, იაკობს – მოწყალებითა, დავითს – სიმშვიდითა, სოლომანს – სიბრძნითა, იოსებს – სიმართლითა, და ყოველთავე წმიდათა მოქალაქობასა ვემსგავსნეთ, რათა ჩვენცა წმიდა ვიქმნეთ და ზეცისა მოქალაქედ გამოვსჩნდეთ, მადლითა ყოვლადსახიერისა ღმრთისათა, რომლისა მიერ განწმდებიან ყოველნივე წინასწარმეტყველნიცა და მოციქულნიცა; რამეთუ მის მიერვე დაიბადნეს საყდარნიცა, ანუ თუ უფლებანი, გინათუ მთავრობანი, გინათუ ჴელმწიფებანი და ყოველნი ანგელოსნი. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მივემსგავსნეთ წინასწარმეტყველთა ჭეშმარიტის მეტყველებითა, რამეთუ მათ რაჲცა სთქვეს სულითა წმიდითა, ყოველივე ჭეშმარიტი იყო. და ჩვენცა, ძმანო, სარწმუნოებით შეუდგეთ საქმესა მამათა ჩვენთასა, და მივიწივნეთ მათთანა სავანეობასა სასუფეველსა ცათასა და განვისვენოთ წიაღთა აბრაჰამ, ისააკ და იაკობისთა. და ვხედვიდეთ დიდებასა და ბრწყინვალებასა ღმრთისასა და მცხინვარებითა ელვარებისა მისისათა განათლებულნი სამ­წმიდაარსობით უგალობდეთ, ვაკურთხევდეთ და თაყვანისვსცემდეთ დაუსაბამოსა მამასა, თანამოსაყდრესა ძესა და თანამფლობელსა სულსა წმიდასა დაუსრულებელად, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.