თხრობა სულიერი პდ [84]. სასწაულთ მოქმედებისათვის
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ჰქმნეს და უფროსიღა ამისა ჰქმნეს“(იო. 14,12).
საყვარელნო, ამის გამო საცნაურ არს, ვითარმედ მართლისა სარწმუნოებისა მქონებელნი და საქმეთა კეთილთა მოქმედნი, ყოველსავე მიიღებენ მადლითა ყოვლადსახიერისა ღმრთისათა, გინათუ სასწაულთმოქმედებასა, გინათუ დაფარულთმცნობელობასა, ანუ წინასწარმცნობელობასა „და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო მოეცემის ღმრთისა მიერ ღირსთა კაცთა საქმეთათვის კეთილთა“[იაკ. 1,17].
რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, მრავალთა სათნოებათა მოქმედი, დიდისა სარწმუნოებისა მქონებელი, და დღე და ღამე ღმრთისა მიმართ ლოცვისა ღაღადებით განათლებული, სახელით ვესარიონ.
დღესა ერთსა წარვიდოდა კიდესა ზღვისასა ნეტარი იგი და მოწაფე მისი მისთანა, ხოლო მოწაფესა მას მოეწყურვა ძლიერად და ჰრქუა მამასა მას სულიერსა: „მწყურის, მამაო პატიოსანო“. მიუგო ბერმან და ჰრქუა: „სახელითა იესო ქრისტესითა შესვი, შვილო, ზღვისა ამისგან“. და იქმნა მწარე იგი წყალი ზღვისა ტკბილ, ვითარცა წყაროჲ მადლითა მისითა. ხოლო ჰსუა რა მოწაფემან, ენება აღვსება ჭურჭლისაცა. ჰრქუა მას ბერმან: „რაჲსა ჰყოფ, ჵ, შვილო?“ და მან მიუგო: „შემინდევ, მამაო წმიდაო, ნუუკუჱ შემდგომადცა მწყუროდეს“. ჰრქუა მას წმიდამან ბერმან სიტკბოებით: „შვილო საყვარელო, ღმერთი რომელი აქა არს, იგივე ყოველგან არს და იქმს წყალობასა“.
და ვითარცა მივიდეს მდინარესა მას დიდსა, რომელსა ეწოდების ხრვისორია (რომელ არს თარგმანებით ოქრო მდინარე), ჰპოვეს მუნ მცირე ნავი და წარგზავნა მით მოწაფე იგი, ხოლო თვით დასდგა ლოცვად. და შემდგომად ლოცვისა გამოსახა სასწაული პატიოსნისა ჯვრისა მდინარესა მას ზედა, და იწყო სლვად სარწმუნოებით, ვითარცა ხმელსა ზედა. და ვითარცა განვიდა იმიერ კიდესა უვნებელად, შეუვრდა მოწაფე იგი საკვირველთმოქმედსა მას მამასა სულიერსა და ჰრქუა: „გევედრები, ღმერთშემოსილო მამაო, მაუწყე თუ აგრძნობდიაა წყალსა მას, ანუ არა?“ ხოლო ჰრქუა მას წმიდამან ღმრთისამან: „შვილო საყვარელო, ვაგრძნობდი ვიდრე კოჭადმდე თუ წყალი არს, რამეთუ ვეტვირთე მე მადლსა ყოვლადსახიერისა ღმრთისასა“. და მსმენელი ამისი განკვირვებით ადიდებდა კაცთმოყვარებასა ღმრთისასა.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ სარწმუნოება ჭეშმარიტი, სასოება მტკიცე და სიყვარული შეუორგულებელი, რამეთუ რომელსა სამნი ესე პატიოსანნი სათნოებანი აქუნდეს, ღმერთი ყოველსავე ლოცვასა მისსა ისმენს და ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა, ვითარცა ბრძანებს უფალი: „ყოველსა, რომელსა ითხოვდეთ სარწმუნოებით ლოცვასა შინა, გრწმენესთ, რამეთუ მოიღოთ და გეყოს თქვენ. დაღაცათუ ჰრქუათ მთასა ამას: აღიფხვარ და შთავარდი ზღუასა, იყოს ეგრეთ, ვინათგან: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“[მთ. 21,21-22; ლკ. 18,27].
გარნა ჩვენ, საყვარელნო, ნუ ვეძიებთ სასწაულისა ქმნასა, არამედ ვეძიებდეთ სასუფეველსა ღმრთისასა და ვიქმოდეთ სიმართლესა მისთვის და სათნოებასა, და სარწმუნოებით ვითხოვოთ ლოცვათა შინა ჩვენთა და უეჭველად მოგვეცემის კაცთმოყვარებითა ღმრთისათა სასუფეველი, რომელი ჩვენთვის განმზადებულ არს, პირველ სოფლის დაბადებისა. რამეთუ ღმერთმან ჩვენთვის უმჯობესი წინასწარ განიგულა. და ესე ფრიად უდიდეს არს ყოვლისავე სასწაულისა ქმნისა.
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, მოვიგოთ სარწმუნოება ლოცვასა შინა, სიწმიდე გულისა, სიყვარული ღმრთისა, სიტკბოება ძმათა, მოწყალება გლახაკთა და რაჲცა ვითხოვოთ ღმრთისაგან, ისმენს ჩვენსა. და ვედრებით ვითხოვოთ, საყვარელნო, რათა „ღრუბლითა აღვიტაცნეთ შემთხვევად უფლისა ჰაერთა ზედა, და მარადის უფლისა თანა ვიყოფოდეთ“[1 თესალ. 4,17] სასუფეველსა მისსა, რომელი ესე ნამდვილვე უდიდეს არს ყოველთა სასწაულთა და საკვირველებათა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მართლმორწმუნენი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.