თხრობა სულიერი პე [85]. სარწმუნოებისათვის პატიოსნისა
ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „რაჲსაცა ითხოვდეთ სარწმუნოებით ლოცვასა შინა გრწმენესთ, რამეთუ მოიღოთ და გეყოს თქვენ... რამეთუ მორწმუნისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“[მრკ. 11,24; 9,23].
საყვარელნო, სარწმუნოება კეთილი და პატიოსანი იგი არს, რომელიც აქო უფალმან და ჰსთქუა: „ჵ, დედაკაცო, დიდ არს სარწმუნოება ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს“(მთ. 15,28). და განიკურნა ასული იგი მისი მასვე ჟამსა შინა.
ეგრეთვე იყო ვინმე, უფლისა იესო ქრისტეს მიმართ კეთილმორწმუნე დედაკაცი; დიდებული და პატიოსანი, რომელსა ფრიადის სარწმუნოებით უყვარდა უფალი, და აქუნდა სასოება წმიდათა კაცთა მიმართ და მცნებისაებრ იესოსა: უცხოთა შეიწყნარებდა, სნეულთა მსახურებდა და ყოველთა ჭირვეულთა ნუგეშინის სცემდა.
დღესა ერთსა მოვიდენ სამნი პატიოსანნი ბერნი მას სოფელსა, წმიდად იერუსალიმად მიმავლნი მოლოცვად. ხოლო კეთილგონიერმან დედაკაცმან ისტუმრნა იგინი, ფერჴნი დაბანნა და განუსვენა კეთილად, და მრავალი ძღვენი შესწირა სასოებით და დიდის გულსმოდგინებით ევედრა, რათა მცირეოდენ ცხოველსმყოფელისა მის ძელისა მოუღონ მას იერუსალიმით, რომელსა ზედა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჴორცითა დაემსჭვალა. ხოლო მათ აღუთქვეს და წარვიდეს.
და ოდეს მოილოცეს ღირსთა მათ ბერთა წმიდა იერუსალიმი და უკ-მოიქცეს, მოართვეს მას დედაკაცსა მცირე ჯვარი, არა ძელისაგან ჭეშმარიტისა, არამედ სხვისა ხისაგან, მსგავსად ძელისა და ჰრქუჱს: „ესე არს, დედაო პატიოსანო, ძელი ჭეშმარიტიო“. ხოლო კეთილმორწმუნემან დედაკაცმან მიითვალა იგი დიდითა სარწმუნოებითა, მტკიცითა სასოებითა და ქრისტე იესოს სიყვარულითა შეიტკბო და ამბორს უყო ფრიადის სურვილითა.
და მოიღო სტამნითა წყალი და განბანა ჯვარი იგი და ასუა სნეულთა მათ, რომელთა ჰმსახურებდა და სცხო წყლულთა მათთა. ეჰა, საკვირველებათა შენთა, ღმერთო! რამეთუ მეყსეულად განმრთელდეს და ზე აღსდგეს ყოველნი იგი სნეულნი და ადიდებდეს ღმერთსა. ხოლო ბერნი იგი განკვირვებულ იყვნეს სარწმუნოებასა ზედა მის დედაკაცისასა და აკურთხევდეს უფალსა, რომელსა ჰყვანან მრავალნი ესევითარნი სარწმუნო მსახურნი საიდუმლოდ მადიდებელნი თვისნი.
ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, პატიოსანნო მსმენელნო, მოვიგოთ ჩვენცა სარწმუნოება, სასოება და სიყვარული და ვიქმოდეთ მცნებათა უფლისათა: უცხოთა შევიწყნარებდეთ, სნეულთა მივხედვიდეთ და ყოველთა ჭირვეულთა ჴელსა აღუპყრობდეთ. წმიდათა კაცთა ვმსახურებდეთ და მართალთა შევიწყნარებდეთ, ვითარცა მაცხოვარი ბრძანებს: „რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს და რომელმან ასუას სასმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა... არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“(მთ. 10,42).
ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, სარწმუნოებით ვილოცვიდეთ ღმრთისა მიმართ და ვიტყოდეთ: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, შეიწყალე სული ჩვენი ეშმაკთა მიერ ვნებული“.
ხოლო მან ზესთა სახიერმან, ყოვლადტკბილმან და მოწყალემან, გურქუას კაცთმოყვარებით ყოვლადსაწადელითა და ღმრთივშვენიერითა ჴმითა ბრწყინვალითა: „მშვიდობა შენთანა, მცნებათა ჩემთა აღმასრულებელო. „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით“[ლკ. 7,50] ზეცად მიმართ და დაიმკვიდრე სასუფეველი, რომელი პირველითგან განგიმზადე საშვებელად შენდა და სადიდებელად ჩემდა, ვინათგან „მცირესა ზედა ეკკლესიასა სარწმუნო იქმენ, აჰა, ესერა დიდსა ზედა სასუფეველსა დაგადგინო შენ უფლად და მეფედ, განშვენებული გვირგვინ-დიადიმ და პორჶირითა, რათა სუფევდე და იხარებდე საუკუნოდ“[მთ. 25,21].
გულსმოდგინე ვიქმნეთ, ჵ, საყვარელნო ძმანო, ღირსყოფად ჩვენდა სასუფეველისა დიდებასა და დიდად შვენიერსა ბრწყინვალებასა დამკვიდრებად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.