თხრობა სულიერი პვ [86]. კრძალულებისათვის შვენიერისა

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქვენნი ყოვლისაგან ვნებისა“[ლკ. 12,15]. საყვარელნო, კრძალულება მშობელი არს ყოველთა კეთილთა, კრძალულება საუნჯე არს სათნოებათა, კრძალულება პატიოსნება არს სულისა და კეთილად წარმმართებელი ცხოვრებისა. აქაცა მშვიდობისა შემტკბობელი და მას საუკუნესა დიდებისა მომატყვებელი, და არს სათნო უფლისა, მსგავსება ანგელოსთა და საქმე წმიდათა. რამეთუ ილოცვიდა ოდესმე სანატრელი მამა ჩვენი მაკარი, და ესმა ჴმაჲ ანგელოსისაგან, ვითარმედ: „მას რომელსამე ქალაქსა არიან ორნი დედანი ფრიად კეთილკრძალულნი და სათნო უფლისა“. ხოლო მივიდა მათდა მიმართ ღმერთშემოსილი იგი მამა მაკარი და ჰკითხა მეტყველმან: „მშვიდობა თქვენ თანა, ღმრთივსულიერნო ასულნო, გამომიცხადეთ მე საქმენი თქვენნი კეთილნი“. ხოლო მათ ჰრქუჱს სიმდაბლით: „ჩვენდა რაჲ კეთილ არს ცოდვილთა ამათ დედაკაცთა თანა, პატიოსანო მამაო?“ და იგი ეტყოდა: „მარქუთ მე, შვილნო სულიერნო, სათნოებანი თქვენნი მცნებისათვის უფლისა“. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუჱს: „ჩვენ, მამაო სანატრელო, უცხონი ვართ ურთიერთას, და ორთა ძმათა შევეყვენით ცოლად ამას სახლსა და მოგვიხდა გულსა სიწმიდით ცხოვრება და წარსლვა ქალწულთა მონასტერსა და არა გვიტევეს მეუღლეთა ჩვენთა, რამეთუ ქორწინებისა სჯულითა შეკრულ ვიყვენით. და ვინათგან ესე სურვილი ჩვენი არა იქმნა, ათხუთმეტი წელი არს, რომელ ვჰყავთ აღთქმაჲ, რათა ვეკრძალნეთ არა თქმად სიტყვა რაჲმე უშვერი და ამაო, არამედ მარადის ვილოცავთ პირითა ჴელთსაქმარსა თანა და მით ვიქმთ მოწყალებასა ქვრივთა და ობოლთა მიმართ, და ვჰმსახურებთ ეკკლესიათა, პატივს­ ვცემთ მღუდელთა და ვადიდებთ კაცთმოყვარებასა ღმრთისასა“. ესერა ესმა წმიდასა მას ბერსა, ჰრქუა მათ: „კურთხევით გაკურთხენ თქვენ უფალმან და სრულ ჰყავნ კეთილი ეგე სრბა თქვენი საუკუნო ცხოვრებად“. და თავსა შორის თვისსა განკვირვებული ადიდებდა უფალსა, რომელსა მრავალნი ესევითარნი კეთილკრძალულნი და პატიოსანნი სულნი ჰყვანან სადიდებელად სახიერებისა მისისა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, პატიოსანნო მსმენელნო, მოვიგოთ კრძალულება და მყუდროება, რამეთუ იტყვის უფალი: „ვის მივხედნე, გარნა მშვიდსა და მყუდროსა“[ეს. 66,2]. და განვაგდოთ ჩვენგან კადნიერება და ლაღობა, რომელი ბილწად წოდებულ არს წერილთა შინა. კრძალულება ყოველსავე შინა კეთილ არს, საყვარელნო და უმეტესად ლოცვასა შინა, ვითარცა იტყვის სამღთო მოციქული: „ლოცვასა განკრძალულ იყვენით“(რომ. 12,12). ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, ლოცვასა განვეკრძალნეთ, რათა არა უჯერო რაჲმე სიტყვა გამოვიდეს პირით ჩვენით, არამედ რა იგი არს სათნო უფლისა, ყოველთა გულთა მეცნიერისა. და გულისსიტყვათაცა ჩვენთა ვეკრძალნეთ, ძმანო, აღკრძალვითა საცნობელთათა დავიმონნეთ იგინი, რათა არა ვსცეთ ადგილი ეშმაკთა, არამედ კეთილთა სამღთოთა წერილთა ვიწვრთიდეთ მარადის, ფსალმუნებითა უგალობდეთ უფალსა და ლოცვასა შინა ლმობიერი ცრემლი შევსწიროთ, ვითარცა ნელსაცხებელი ღირსთა დედათა. და ტკბილითა სიტყვითა ყოველთა კაცთა თანა კეთილსა ვჰყოფდეთ, ვითარცა შვენიერი მზრახველი იოსებ. და ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ძალისაებრ ჩვენისა გულსმოდგინებით ვმსახურებდეთ სათნოყოფად მისა. ქრისტესთანა ვივნოთ კეთილითა მოღვაწებითა, რათა მისთანაცა ვიდიდნეთ დიდებასა მას კაცთაგან გამოუთქმელსა, რომლისათვისცა ჴმობს იესო ტკბილი: „მამაო, მნებავს, რათა სადაცა მე ვიყო, ესენიცა ჩემთანა იყვნენ და ჰხედვიდენ დიდებასა ჩემსა“[იო. 17,24]. რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნივე მადლითა და კაცთმოყვარებითა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუითი უკუნისამდე. ამინ.