თხრობა სულიერი პჱ [88]. სარწმუნოებით მოწყალებისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „მცირესა ზედა სარწმუნო, მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს“[ლკ. 16,10]. საყვარელნო, სარწმუნო ვექმნეთ მცნებათა ღმრთისათა და აღთქმასა იესო ტკბილისასა, ვითარმედ: „მიეცით და მოგეცესთ თქვენ საწყაული კეთილი და ზედა გარდათხეული“[ლკ. 6,38]. ამისთვის, ძმანო, მიცემა გლახაკთა მოწყალებისა აქაცა უვნებელად დაგვიცვამს და საუკუნო დიდებასაცა მოგვატყვებს. ხოლო უნჯება ოქროსა და ვეცხლისა, აქაცა მტერთა განგვიმრავლებს და შიშით გვაცოცხლებს და მუნ არას გვარგებს. გარნა სარწმუნოებით მიცემა გლახაკთა ზეცას წარუპარველად დაიუნჯების და საუკუნო სასოებითა გვახარებს. რამეთუ იყო ვინმე კაცი მართალი, წრფელი, მუშაკი სათნოებისა და მოწყალე ფრიად. და რაჲსაცა მოირეწდა მუშაკობითა თვისითა, ყოველსავე გლახაკთ მისცემდა სარწმუნოებით და სასოება ქრისტესდა აქუნდა შემსჭვალული. ხოლო კეთილის მოძულემან ეშმაკმან შთაუგდო გულსა მისსა ვეცხლისმოყვარება, ვითარმედ: „ოდეს დასნეულდე, სახმარ შენდა იყოსო“. და შეინახა ერთი დრაჰკანი, და შესძინა მეორეცა და მიუმატა მესამეცა, ვიდრე მეხუთედმდე. და ოდეს შეჰქმნა ხუთი დრაჰკანი, მაშინ შეემთხვია სალმობა ფერჴისა და განძლიერდა სენი მისი. გამოიღო ერთი დრაჰკანი და არარაჲ სარგებელ ეყო. წარაგო მეორეცა, ვიდრემდის ხუთივე წარაგო და ვერარაჲ ლხინება ჰპოვა. მერმე მოვიდა მკურნალი ვინმე კეთილჴელოვანი და გამოცდილი და ჰრქუა მას: „კაცო, ფერჴსა შენს მოკვეთა უნდა, თუ არა ყოველი გუამი შენი დალპოლვად არს“. და მოკვეთად განაჩინეს ფერჴი მისი ხვალისად. და მას ღამესა იწყო ტირილად და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ გულითა მხურვალითა. და ტირილსა მას შინა და ლოცვასა, აჰა, ესერა წარმოუდგა მას ანგელოსი უფლისა და კაცი იგი განჰკრთა ბრწყინვალებისა მისგან. ხოლო ანგელოსმან მშვიდობისა სახითა და ტკბილითა ჴმითა ნუგეშინის სცა მას, და შეახო თითი მისი წმიდა ფერჴსა მისსა და განჰკურნა და ჰრქუა: „აწ რაჲსა იტყვი, ჵ, კაცო! შეჰქმნაღაა ხუთი დრაჰკანი და დასდვა სასოება შენი ვეცხლისა მიმართ, ვიდრე უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა?!“ ესერა ჰრქუა, უჩინო იქმნა ანგელოსი იგი და ვითარცა განთენა მოვიდა მკურნალი, რათა მოჰკვეთოს ფერჴი მისი და ურეკა კარსა. მაშინ თვით სნეულ ყოფილი იგი მიეგება და განუღო კარი. იხილა რა მკურნალმან, განცვიფრდა, და ვითარცა გამოიკითხა და ზედმიწევნით გულისჴმა ჰყო საკვირველება ღმრთისა, მეყსეულად მოიქცა მკურნალი იგი ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, რამეთუ პირველ წარმართი იყო. და მის ძლით კაცმანცა მან ღმრთისამან და მკურნალმანცა, შესძინეს მოწყალებასა გლახაკთასა სარწმუნოებით და ადიდებდეს ღმერთსა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მოყვარენო და სარწმუნოებით განათლებულნო, სარწმუნოებასა ამას ჩვენსა თანა ჭეშმარიტსა მოვიგოთ სათნოებაცა და სასოება ჩვენი დავსდვათ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩვენისა და ნუ ვეცხლისა და ოქროჲსა. სარწმუნო მონა ვიქმნეთ უფლისა ღმრთისა ჩვენისა და ნუ დავამონებთ აზნაურებასა ჩვენსა მამონასა მას სიცრუისასა. არამედ ვიქმნეთ კეთილგონიერებით ბრძენ, სახიერებით – მოწყალე და სარწმუნოებით – განმგებელ, უფლისა ჩვენისა მიერ რწმუნებულსა ჩვენდა ყოველსავე ნიჭსა, რათა მორავიდეს ყოვლადსახიერი იგი და მართლმსაჯული უფალი დიდებისა და გვიბნრძანოს ყოვლადტკბილითა და ღმრთივშვენიერითა ჴმითა: „კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო, ვინათგან მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, აჰა, ესერა მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა და განისვენე შენთვის განმზადებულსა საყდარსა ზედა“[მთ. 25,21], რამეთუ „სრბა მოღვაწებისა აღგისრულებიეს, სარწმუნოება მართალი დაგიმარხავს და მოწყალება პატიოსანი დაგიუნჯებიეს, რომლისათვის მიგელის ღმრთივბრწყინვალე ვარსკულოვოვანი გვირგვინი დიდებისა “[2 ტიმ. 4,7-8]. ვინათგან შენ სარწმუნო ექმენ სიტყვათა ჩემთა, მეცა სარწმუნო ვარ საქმეთა შენთა, რომელი ჰქმენ კეთილითა გონებითა ძმათა მიმართ ჩემთა. ამისთვის ღირს არს და მართალ, რათა ჩემთანა იხარებდე საუკუნოდ. ჵ, ძმანო, ვისმინოთ ესე ტკბილნი სიტყვანი მაცხოვრისანი და სარწმუნოებით ვიქმოდეთ მოწყალებასა გლახაკთა მიმართ, და სასყიდელი მოვიღოთ ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა და მის თანა ვიხარებდეთ დაუსრულებელად უკუნითი უკუისამდე. ამინ.