თხრობა სულიერი პთ [89]. დაფარულთ მცნობელობისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „სარწმუნოებისა თქვენისაებრ გეყავნ თქვენ“(მთ. 9,29). საყვარელნო, ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარიცა სარწმუნოება ჩვენ გვაქუნდეს ღმრთისა მიმართ, ანუ წმიდათა კაცთა, ეგოდენიცა მადლი და წყალობა მოგვეფინების ზეგარდამო. ამისთვის ჯერ არს ჩვენდა, ძმანო, სარწმუნოება უეჭველი და სასოება მტკიცე, წმიდათა და სათნოთა კაცთა ზედა. და რაჲსაცა ვსასოებდეთ, გამოგვიცხადდების მათ შორის დამკვიდრებულითა ღმრთისა მადლითა. რამეთუ იყვნეს ორნი ძმანი სულიერნი, კათილმოსურნენი სათნოყოფად ღმრთისა, სამღთოსა მოქალაქობით წარმატებულნი და ეძიებდეს უაღრესსა სათნოებასა, მეტყველნი: „ნეტარ რაოდენი მადლი და წყალობა მოენიჭების ღმრთისა მიერ მოწყალეთა გლახაკთასა, რომელ ესრეთ უმეტესად და უზესთაესად მოწყალება არს პატივცემულ წმიდათა წერილთა შორის?“ და ჰსთქუჱს, წერილ არს, ვითარმედ: „ჰკითხე მამასა შენსა, გითხრას შენ და მოხუცებულთა გასწავონ“[2 სჯ. 32,7]. წარვიდენ უკუჱ ღმრთივგანათლებულისა მამისა იოსებისა, რათა ჰკითხონ მას ამის პირისათვის. ხოლო ყოვლადღირსმან და პატიოსანმან ბერმან გულისჴმა ჰყო მადლითა სულის წმიდისათა და დასდგა ორი სკამი ამიერ და იმიერ, და მორავიდეს ძმანი იგი სულიერნი, სიხარულით შეიწყნარნა და დასხნა სკამთა მათ ზედა. და თვით შევიდა სენაკად და შეიმოსა სამოსელი საგლახაკო. გამოვიდა და ორთა მათ შორის განვლო და გამოვლო დუმილით. და კვალად განიძარცვა სამოსელი იგი საგლახაკო და შეიმოსა თვისივე. და მითცა განვლო შორის მათსა და გამოვლო. იხილეს რა ესე ძმათა მათ, ჰრქუჱს მას: „რაჲ ესე ჰყავ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო პატიოსანო?“ მიუგო წმიდამან ბერმან: „ვიცვალეაა, საყვარელნო შვილნო, სამოსლითა მით საგლახაკოჲთა, ანუ სამოსლითა ამით ჩემითა?“ ხოლო მათ ჰრქუჱს: „არა იცვალე, ყოვლადსანატრელო მამაო, არამედ ორთავე შინა სამოსელთა იგივე ხარ წმიდა ეგე ღმრთისა“. მაშინ ჰრქუა მათ წმიდამან ბერმან: „ვითარცა ესე მე ორთავე შინა იგივე ვარ და ვერ მცვალეს სამოსელთა, ეგრეთვე, შვილნო ჩემნო საყვარელნო, მოწყალებისა ქმნაჲ, გინათუ ქრისტესა მისცე, ანუ თუ გლახაკსა, ორივე ერთ არს, რამეთუ თვით იესო ჭეშმარიტებისა წყარო ბრძანებს: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“(მთ. 25,40). ესერა იხილეს და ესმათ ძმათა მათ, ფრიად დაუკვირდათ, თუ ვითარ რა იგი გულსა მათსა აქუნდათ, წმიდამან ბერმან დაფარულთმცნობელმან სახითა ჭეშმარიტითა დაუმტკიცა და სიტყვითა მადლისათა სარწმუნო ჰყვნა. და მიერიდგან უმეტესის სარწმუნოებით იქმოდეს მოწყალებასა და ადიდებდეს ღმერთსა. გულისჴმა ვჰყოთ, საყვარელნო, თუ ვითარ სათნოებისა მოსურნეთა ღმერთი წმიდათა კაცთა მიერ განუმარტებს და განუცხადებს კეთილსა, რომლისათვისცა ჰგალობს მეფსალმუნე: „განცხადება სიტყვათა მათ შენთა, უფალო, განანათლებს და გონიერ ჰყოფს ჩვილთა“[ფს. 118,130]. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, შევიტკბოთ სათნოებათა თუალი – მოწყალება, რამეთუ ვითარცა თუალი პატიოსანი ოქროს ბუდესა შინა მჯდომარე და გარემოს მისა აქუნდენ მარგარიტნი კეთილნი, ეგრეთ შვენიერ არს და ბრწყინვალე სათნოებათა შორის მოწყალებაჲ. რამეთუ მოწყალებისა მიერ იქმნების გამობრწყინვება ჩვენი შორის სასუფეველისა და ღმრთივშვენიერითა გვირგვინითა შემკობა და საყდართა ზედა პატიოსანთა სუფევა და განათლება, და საუნჯეთა ზედა განმრავლებულთა უფლება. რამეთუ დაღაცათუ აქა ერთი მივსცეთ სარწმუნოებით გლახაკთა, ხოლო ქრისტე ასწილად სარგებლით განგვიმზადებს, რათა წინაშე ანგელოსთა და კაცთა მიგვიწოდოს ჴმითა მაღლითა და ღმრთივბრწყინვალითა მეტყველმან: „მოვედით, გამომზრდელნო და შემმოსელნო ჩემნო, და განისვენეთ ნაშრომთა თქვენთა ზედა და უფალ იყვენით საუნჯეთა დიდძალთა და დაიდგთ ოქროსა და ანთრაკისა უპატიოსნესი გვირგვინი შვენიერი მეფობისა, კურთხეულნო მამისა ჩემისანო“. აჰა, ესერა გევედრები, ძმანო, „აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისა; აჰა, ესერა აწ არს დღე იგი ცხოვრებისა“(2 კორ. 6,2), შევიმოსოთ მოწყალება გლახაკთა, შეწყნარება უცხოთა და შებრალება ტყვეთა. დავაშვრნეთ ჴელნი ჩვენნი კეთილმოქმედებითა და განვაშვენოთ მოწყალებითა, რათა ჴელისაგან ქრისტესისა მოვიღოთ გვირგვინი და პირისაგან იესოსა, ვისმინოთ კურთხევა და მისთანაცა ვსუფევდეთ მადლითა და წყალობითა მისითა, რომელი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.