თხრობა სულიერი ჟ [90]. წინასწარ მცნობელობისათვის

ღმრთივსულიერნო შვილნო ეკკლესიისანო, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით“[ლკ. 7,50]. საყვარელნო, სარწმუნოებით ქმნილი ყოველივე კეთილი ფრიად შვენიერ არს და სათნო უფლისა. და თვინიერ სარწმუნოებისა არარაჲ არს კეთილ, ვითარცა სამღთო მოციქული იტყვის: „რომელი არა სარწმუნოებით იქმნების, იგი ცოდვა არს“[რომ. 14,23]. არამედ სარწმუნოებისაგან შეწევნილი სათნოება მტკიცე არს და შეურყეველ, გინათუ სიყვარული, გინათუ მორჩილება, გინათუ ცხოვრება, გინათუ სიკუდილი, ყოველივე სარწმუნოებისაგან აღორძინდების და სრულსა საზომსა უვნებელობისასა მიიწევის და სამღთოს მადლით განათლებული სულითა განბრწყინდების. რამეთუ იყო ვინმე ბერი წმიდა და ღმერთშემოსილი, მდაბალი, წრფელი, გულისჴმიერი, სათნოებათა მუშაკი, სარწმუნოებით განათლებული და სიყვარულით ამაღლებული. და უმეტესის მადლის შეძინებისათვის ჰბაძვიდა პირველსა ტობიას სათნოებათა და მკუდართა შემურვიდა კეთილად და გულსმოდგინებით. და ამით სახითა სრულ ჰყოფდა ჭეშმარიტსა სიყვარულსა, რომლითაცა შეიძენდა დიდსა მადლსა ღმრთისა მიერ. და ჰყვანდა მას სანატრელს მამასა მსგავსი თვისისა სათნოებისა მოწაფე დამორჩილებული, ყოველსა შინა საქმესა კეთილსა და ძმა იგი სარწმუნოებით, სიყვარულით და უმანკოებით ჰმსახურებდა მამასა თვისსა სულიერსა. და წინასწარმცნობელობისა მადლითა სცნა კეთილმან მან მოწაფემან კეთილისა მოძღვრისამან აღსასრული თვისი და ჰრქუა მამასა თვისსა: „ღმერთ­შემოსილო მამაო პატიოსანო, მე რომ მოვჰკუდე კეთილად შემმურამაა და წარმგზავნი უფლისად მშვიდობით?“ ჰსცნა მანცა სულითა მხილველმან მამამან წინასწარმცნობელობისა მადლითა, ვითარმედ ახლოს არს აღსასრული მოწაფისა მის და ჰრქუა: „ჰე, შვილო საყვარელო, ესრეთ კეთილად შეგმურავ, რომელ თვით სთქუა თუ კეთილ არს“. და შემდგომად არა მრავლისა ჟამისა მიიცვალა ღმრთივკურთხეული და ყოვლადსანატრელი ძმა იგი და საქმით აღესრულა წინასწარ სიტყვით გამოცხადებული მისი. ხოლო წმიდამან ბერმან კეთილად შემურა, ვითარცა ჰშვენოდა პატიოსნებასა მისსა. და ოდეს მიიღეს ეკკლესიად და შემოჰკრბენ ძმანი ყოველნი წარგზავნასა მისსა, მაშინ ჰრქუა მიცვალებულსა მას მამამან მისმან სულიერმან: „შვილო საყვარელო, კეთილად შემურვილ ხარაა, ანუ თუ გაკლს რაჲმე?“ ხოლო მიცვალებულმან ჴმა ჰყო და მორჩილ ექმნა ამას ზედაცა მამასა თვისსა და ჰრქუა: „კეთილ არს და გულსავსე ვარ, ღმერთშემოსილო მამაო“. ესერა ესმათ მუნ მყოფთა, ყოველთა განჰკვირდეს სარწმუნოებასა და სიწმიდესა ზედა მის მამისასა და მორჩილებასა და სიყვარულსა მის ძმისასა და ადიდებდეს საკვირველთმოქმედსა ღმერთსა. ამისთვის გლოცავ და გევედრები, ქრისტეს მიერ საყვარელნო, მოვიგოთ ჩვენცა სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. მოწაფენი სარწმუნოებით ვმორჩილებდეთ მოძღვართა ჩვენთა, და მოძღვარნი სიყვარულით ულოცვიდეთ კეთილად მორჩილთა, და სასოებითა ყოველნივე მოველოდეთ ღმრთისა მიერ მადლსა და სასყიდელსა. ძმათა მიმართ ჩვენთა ვაჩვენოთ სიყვარული და წყალობა, და ნუცა მტერთა მიმართ და მოძულეთა ჩვენთა დავაყენებთ სიყვარულსა და კეთილისყოფასა მცნებისათვის უფლისა, ვითარ იგი ბრძანებს: „გიყვარდენ მტერნი თქვენნი... და კეთილსა უყოფდეთ მოძულეთა თქვენთა“(მთ. 5,44). და უფროსად მიცვალებულთა ზედა ვაჩვენოთ სიყვარული და წყალობა, ძმანო, რომელ ესე არს ჭეშმარიტება და სათნო უფლისა, ვინათგან მათ მიერ არღარას მოველით ნაცვალსა ამას სოფელსა, და მათ მაგიერად ღმერთი მოგვანიჭებს, მადლსა და დიდსა წყალობასა. ჰე, გევედრები, ქრისტეს მოყვარენო, შევიმოსოთ ესევითარი სათნოება, რათა ქრისტე შევიმოსოთ და ქრისტეშემოსილნი ქრისტესა ვმსახურებდეთ. და ქრისტეს მსახურნი ქრისტეს თანა ინახიდ ყოფნასა ღირს ვიქმნეთ, ვითარცა თვით ბრძანებს: „სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს და ხედვიდეს დიდებასა ჩემსა“[იო. 12,26; 17,24]. ჵ, საყვარელნო, უკეთუ გვსურის ქრისტეს თანა ყოფაჲ, და დიდებისა მისისა ხილვაჲ, ესე სათნოებანი კეთილად და ღმრთივშვენიერად აღვასრულნეთ. და ჭეშმარიტისა სარწმუნოებითა სრულსა სიყვარულსა მივიწივნეთ და მადლითა ღმრთისათა განათლებულნი ზეცისა სასუფეველსა გამოვბრწყინდეთ. ვაქებდეთ, ვადიდებდეთ და უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. დასასრuლი მეცხრისა თავისა