სასარგებლო და საინტერესო წიგნი (წინათქმის მაგიერ)
მსურს, დავიწყო იმ ფრაზით, რომლითაც ამ წიგნის ავტორი თავის წიგნს ამთავრებს: „ამაოდ დავშვრი, საწუხ არს ესე!“ (პარაფრაზი ცნობილი გამონათქვამისა XV111 საუკუნის გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, კათალიკოს ანტონ 1-ის რელიგიურ-ფილოსოფიური იამბიკოდან შოთა რუსთველის შესახებ).
მართალია, ეს ფრაზა, როგორც თვითონ ანზორ აბჟანდაძე ამბობს, გულწრფელი თვითირონიით აქვს დაწერილი, მაგრამ მასში მწარე რეალობაც ჩანს, რაც, ავტორისავე სიტყვით, გამოწვეულია დღევანდელი ყოფის სავალალო პოლიტიკურ-სოციალურ-კულტურული ფონით.
აღსანიშნავია, რომ ავტორს მხედველობაში აქვს ის რეალური გარემოც, რაც დღევანდელმა აგრესიულმა გლობალიზაციამ მოიტანა.
ამ თვალსაზრისს გამოხატავს მისი - პოეტ ანზორ აბჟანდაძის - ერთი ლექსი „აპოლოგია ვეფხისტყაოსნისა“ (კრებულიდან „ჩემი რჩეული“, 2016). ერთი შეხედვით, უცნაურია, მაგრამ ამ ლექსში „ვეფხისტყაოსანი“ არც ერთხელ არაა ნახსენები, მხოლოდ ბოლო სტრიქონშია ერთადერთი ფრაზა - „შოთას წიგნი“.
აი, ეს ლექსიც:
აპოლოგია „ვეფხისტყაოსნისა“
ჩვენი წიგნის თაროები
სულ პირთამდე ავსილია...
ვერ კი შველის უწიგნურებს ამდენს, -
მათ შოუებს, რეალითებს,
სერიალებს ბრაზილიურს,
ეროტიულ ფილმებს, ფეშენ-ფართებს...
ჰო, წიგნები უხვადა გვაქვს
არიგებ-ჩარიგებული,
არჩევანიც გვაქვს-მცა უამრავი:
ქართული და რუსული და
ამერიკულ-ევროპული,
დედანი თუ, თარგმანი თუ, რავი...
რომანი და ნოველა და
ლექსები თუ ნაშრომები...
რამდენი რამ დაგვიგროვდა, ღმერთო...
...ნეტავ იმ დროს, როცა ქართველს
სხვა არ ჰქონდა არჩევანი,
და წინ მხოლოდ შოთას წიგნი ედო!
მართლაც დასაფიქრებელი რეალობაა!
დღეს, წამლეკავი გლობალიზაციის ეპოქაში, რაც უცილობლად ბეწვის ხიდზე სიარულს მოითხოვს (განსაკუთრებით მცირერიცხოვანი ერებისგან, როგორიცაა საქართველო), აურაცხელი ლიტერატურის ლაბირინთებში თავგზააბნეულ ქართველ მკითხველს, ალბათ, მართლაც მეგზური სჭირდება „ვეფხისტყაოსნის“ სათანადოდ შესაცნობად და გასათავისებლად. აი, სწორედ ასეთი მკითხველებისთვის (ფორმალურად - მოზარდებისათვის) დაიწერა ეს წიგნი, თორემ ვინც „ვეფხისტყაოსნის“ ჭეშმარიტი დამფასებელი და სრულყოფილად აღმქმელია, მათთვის, ალბათ, არაა აუცილებელი ასეთი მეგზურობა.
აღნიშვნის ღირსია ის, რომ წიგნი დაწერილია მიმზიდველი, ადვილად აღსაქმელი ენით და, ამასთან, მრავალფეროვანი, ინტერესის აღმძვრელი განმარტებები ახლავს.
წიგნში შიგადაშიგ ზომიერ იუმორსაც შეხვდებით, მაგალითად, ეპიზოდებში: როსტევანისა და ავთანდილის ნადირობა, ტარიელს მიერ ლომ-ვეფხის დახოცვა, ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება და სხვა, რაც თავისებურ მომხიბვლელობას სძენს ნაშრომს.
წიგნში სხვადასხვა რუსთველოლოგის კვლევის შედეგებიც არის ზომიერად ასახული (ვიკტორ ნოზაძე, ზვიად გამსახურდია, ნოდარ ნათაძე, გიორგი თევზაძე და სხვ.). ბუნებრივია, ავტორს საკუთარი რუსთველოლოგიური ნაშრომიდანაც აქვს შეტანილი გარკვეული ადგილები (მხედველობაში მაქვს ნაშრომი „ვეფხისტყაოსანი და მისი ავტორი“, რომელიც 1994 წელს გამოიცა).
ვფიქრობ, აქ საყურადღებო ის არის, რომ ავტორს რუსთველელოგიურ საკითხებზე თავისი ახალი, ორიგინალური დაკვირვებებიც აქვს გადმოცემული.
მაგალითად, ერთ-ერთი დაკვირვება ასეთია:
„ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის მიხედვით, ტარიელის მამამ სარიდანმა თავისი დამოუკიდებელი სამეფო ნებაყოფლობით შეუერთა ინდოეთის სახელმწიფოს.
ინდოეთში შექმნილი დრამატული სიტუაციის ორიგინალური და დამაჯერებელი გაანალიზებით ავტორი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სარიდანის სამეფოს შეერთება ინდოეთის გაერთიანებულ სამეფოთან მოხდა არა ნებაყოფლობით - სარიდანის კეთილი ნებით, არამედ ინდოეთის მეფის ფარსადანის მხრიდან რაღაც იძულების გზით, როგორც ეს ისტორიულად არაერთხელ მომხდარა, და სწორედ ეს იძულებითი შეერთება გახდა ინდოეთის დრამატული მოვლენების შეფარული, მაგრამ ნადვილი მიზეზი, პოემის გმირთა ქმედებების წარმმართველი უჩინარი ზამბარა.
ავტორი საინტერესო ანალოგიას ხედავს სარიდანის სამეფოს ინდოეთთან ვითომცდა „ნებაყოფლობით“ შეერთებასა და 1801 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას შორის, რასაც ასევე „ნებაყოფლობით“ შეერთებას უწოდებდნენ კრემლის იდეოლოგები.
რამდენადაც ვიცი, ასეთი ანალოგიის დანახვა და ინდოეთში შექმნილი დრამატული სიტუაციის ამ კუთხით გააანალიზება რუსთველოლოგიაში ფაქტობრივად არ გვხვდება. ცოტა არ იყოს, გასაკვირიც კია, რომ ეს მნიშვნელოვანი დაკვირვება ავტორს გადმოცემული აქვს ამ, ერთი შეხედვით, უპრეტენზიო წიგნში. ვფიქრობ, სასურველია, ანზორ აბჟანდაძემ ეს თემა ცალკე, სპეციალური კვლევით განავრცოს, რაც, ვფიქრობ, წაადგება რუსთველოლოგიური კვლევა-ძიების საქმეს.
ნაშრომში ასეთი არაორდინალური დაკვირვებები სხვაც არაერთია. განსაკუთრებით ეს ითქმის პროლოგის ანალიზზე (სხვათა შორის, აქ ყურადღება გამახვილებულია ცნობილი რუსთველოლოგის და კულტურტრეგერის ზვიად გამსახურდიას შეხედულებაზე პოემაში სამება-ერთარსების მოხსენიების შესახებ).
ვფიქრობ, ეს უდავოდ საინტერესო და სასარგებლო წიგნია მოზარდთათვის (და არა მხოლოდ მათთვის), ამასთან სასიამოვნოდ საკითხავიც.
კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო წიგნის ბოლო ფრაზა, ავტორის მიერ გულწრფელი თვითირონიით ნათქვამი: „ამაოდ დავშვრი, საწუხ არს ესე!“
არა, ანზორ ბატონო, ნუ სწუხარ, ნამდვილად არ დამაშვრალხარ ამაოდ!
ვახტანგ ბახტაძე
პუბლიცისტი, ჟურნალისტი