წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი

წიგნი ვნახე, მისი იყო, ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა. მოეწერა მზისა შუქსა: „ნუ დაიჩენ, ლომო, წყლულსა. მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა. ბედითი ბნედა, სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია! ხატაეთს მყოფნი ყოველნი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!“ როგორც ვხედავთ, ნესტანი ტარიელს კონკრეტული საქმის შესრულებას თხოვს მისი მიჯნურობის დასამტკიცებლად. ზემოთ ვთქვით, რომ მიჯნურობის სავალდებულო წესებში შედიოდა მიჯნური ქალისადმი სამსახური, თავის გამოჩენა მის წინაშე, აგრეთვე სიყვარულით „გახელება“, „ველად გაჭრა“. ნესტანი თავის წერილში თითქოს ეჭვობს, ტარიელი გახელებული და დაბნედილი მიჯნურობის წესების აღსრულების გამო ხომ არ არისო მხოლოდ. ეს ეჭვი კარგადაა გამოხატული მის სიტყვებში: „ბედითი ბნედა, სიკვდილი, რა მიჯნურობა გგონია?“ თუ მართლა მიჯნური ხარო, სწერს იგი ტარიელს, ეს საქმით დაამტკიცეო: „სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია“. მიჯნურობის დამამტკიცებელ კონკრეტულ საქმედ ნესტანი ტარიელს უსახავს განდგომილი სამეფოს - ხატაეთის დამორჩილებას. „შენგან ჩემისა ქმრობისა წინასცა ვიყავ მნდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხვდომია, ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მინდა ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია. მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე? მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე!“ აქ ერთ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნესტანი ტარიელს ავალებს მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმის შესრულებას. ცხადია, იგულისხმება, რომ ამის თანხმობა მეფე ფარსადანისაგან აქვს მიღებული. მართალია, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსთველი სათქმელს არ აკონკრეტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას მკითხველი თავისთავად უნდა მიხვდეს. ნესტანს რომ ფარსადანთან შეთანხმების გარეშე, მალულად დაევალებინა ეს ტარიელისათვის, ამას რუსთველი აუცილებლად გვეტყოდა, ისევე, როგორც არაბეთის შემთხვევაში, როდესაც თინათინმა როსტევანს დაუმალა ავთანდილის გაგზავნა უცხო მოყმის მოსაძებნად. ამ ეპიზოდიდან კარგად ჩანს ისიც, რომ ფარსადანი თავის ასულს სამეფოდ ამზადებდა და წვრთნიდა. ეს მნიშვნელოვანი დეტალია და იგი პოემის მომდევნო თავების სწორ გაგებაში დაგვეხმარება.