წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი

- ნესტანს საპასუხო წერილი მივწერე, - აგრძელებს ტარიელი. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვწერდი: „მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია.“ როგორც ვხედავთ, ტარიელის წერილი ძალიან მოკლეა, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სრულიად გასაგებია. მან ასმათს თხოვა, დანარჩენი მას ეთქვა ნესტანისათვის. ასმათს ვუთხარ: „მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხდები, ესე ჰკადრე: „რათგან, მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რასაცაღა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები.“ საინტერესოა, რომ ნესტან-დარეჯანი გამოცდილი კონსპირატორივით იქცევა, რათა არავინ შეიტყოს მისი და ტარიელის მიჯნურობა. მას სურს, მასთან მისული ტარიელი ასმათთან სააშიკოდ მისული ეგონოთ სხვებს: ასმათ მითხრა: „მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს: ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს, ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს;“ და-ცა-მვედრა: „ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს!“ (გამოდის, რომ ნესტანი საერთოდ უარყოფითად არ უყურებდა ტარიელის მსუბუქ ფლირტს, გააშიკებას მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან, ამ შემთხვევაში ვითომდაც ასმათთან). - მე ასეთი რჩევა მომეწონა, - განაგრძობს ტარიელი, - ასმათს საჩუქრები მივართვი, მაგრამ მან მხოლოდ ერთი ბეჭედი აიღო ნიშნად. როდესაც ასმათი წავიდა, მე ჩემს თანატოლებთან დავბრუნდი და ლხინი გავაგრძელეთ.