მოდი, შევთანხმდეთ

ბედნიერია ბავშვობის ხანა. არა მხოლოდ იმ უზრუნველობისა და სიხალისის გამო, რაც ცხოვრების მძიმე ჭაპანში შებმამდე გაქვს, არამედ უფრო იმიტომ, რომ ყოველდღიურად რაღაც ახალს იგებ, იმეცნებ, ითვისებ. ამ შემეცნების გზაზე ბევრი გატაცება გაქვს ხოლმე, ბევრი რამ გგვრის სიხარულს, ბევრი რამ გაფიქრებს. მოდი, დავუკვირდეთ ერთ კანონზომიერებას. ავიღოთ, ვთქვათ, მათემატიკა. თუ შენ ადვილად ხსნი მაგალითებსა და ამოცანებს, აუცილებლად გიყვარს კიდეც ეს საგანი. თუ ვერ ხსნი, ვერ გებულობ, მაშინ არ გიყვარს. არ გიყვარს კი არა, შეიძლება გძულს კიდეც. ასევეა ნებისმიერ სხვა საგანშიც. ალბათ, ერთი რამეც გაქვს შენიშნული: შენ თუ კარგად იცი, ვთქვათ, მათემატიკა, ქიმია და ა.შ., ძალიან გიკვირს, თუ რატომ არ უყვარს, არ ესმის ზოგიერთ შენს ამხანაგს ეს საგნები, შენთვის რომ ასე ძალიან ადვილი და გასაგებია. ხომ გახსოვს, სანამ ჭადრაკის თამაში არ იცოდი, საშინლად გაუგებრად და უაზროდ გეჩვენებოდა ის. ხოლო როცა მისი თამაში ისწავლე, მაშინღა იგრძენი, რა ადვილი ყოფილა მისი სწავლა, რა მიმზიდველი, თანაც რა სასიამოვნოდ რთული ყოფილა მისი თამაში. მოდი, შევთანხმდეთ: აი, ისე, როგორც ჭადრაკის შემთხვევაში, რაიმეს ხიბლი და მიმზიდველობა რომ იგრძნო, იგი უნდა ისწავლო. ეს კი იმას ნიშნავს, მოიპოვო ის გასაღები, რომელიც „ჯადოსნური“ სამყაროს კარს გაგიღებს და ისეთ რამეს დაგანახებს, რაც მანამადე შენთვის სრულიად უცხო და უინტე- რესო იყო. აი, ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენი ერის უდიდესი განძის - „ვეფხისტყაოსანის“ შემთხვევაშიც. „ვეფხისტყაოსანის“ შესახებ ალბათ ბევრჯერ გსმენია. ისიც გაგიგია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ქართული კულტურის უჭკნობი გვირგვინი და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი მშვენებაა. მაგრამ თუ რატომაა ასე, ამის შესახებ ნაკლებად იცი. „ვეფხისტყაოსანს“ ხშირად ისე ვუცქერით, როგორც უზარმაზარ მწვერვალს უცქერიან ადამიანები - აღტაცებით, მოკრძალებით და ერთგვარი შიშითაც. მაგრამ „ვეფხისტყაოსანი“ სულაც არ არის „უკარება“ და მიუწვდომელი. პირიქით, თუ მას გულს უჩვენებ (ანუ თუ გულისყურით წაიკითხავ), ის სამაგიეროდ ათასმაგ სიხარულს მოგანიჭებთ, იმ სიხარულს, რასაც მაღალი ხელოვნებით ტკბობის სიხარული ჰქვია. „ვეფხისტყაოსანის“ კითხვისას ბევრი გაუგებარი ან ძნელად გასაგები ადგილი შეგხვდება. ამან, შეიძლება, გარკვეულად დაგაბრკოლოს. ქვემოთ შევეცდები, განგიმარტო ასეთი ადგილები. ზოგიერთი, პირიქით, შესაძლოა, ადვილად გასაგები გეგონოს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ღრმა აზრის, ან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ხოლმე. ერთი სიტყვით, ჩვენ ერთად განვიხილავთ მთელ „ვეფხისტყაოსანს“. შევეცადოთ, ერთად მოვიპოვოთ ის ჯადოსნური „გასაღები“, რომელიც ამ დიდებული ტაძრის - „ვეფხისტყაოსანის“ კარს გაგიღებს. „გასაღებია“ პოემის შინაარსის, მისი ცალკეული ეპიზოდების, პოემაში აღწერილი მოლენების სწორად გაგება და, ამასთან ერთად, რუსთველის უზენაეს პოეტურ ხელოვნე- ბასთან ზიარება. ამ გასაღებით შენთვის გაადვილდება გზა „ვეფხისტყაოსანის“ ყველა „კუთხე-კუნჭულისაკენ“, საიდანაც ყველთვის აუწერელი მშვენიერება შემოგანათებს. შენ, ალბათ, ბევრი კინოფილმი, ბევრი წიგნი გიყვარს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მათი შინაარსები კარგად იცი, მაინც ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ნახულობ და კითხულობ მათ. ანალოგიურად, იმ ჯადოსნური გასაღების მოპოვების შემდეგ, შენ „ვეფხისტყაოსანსაც“ ალბათ მრავალჯერ, მრავალჯერ წაიკითხავ სიამოვნებით, თუნდაც ადგილ-ადგილ. და იგი შენთვის გახდება ყველაზე საოცარი და მშვენიერი, ყველაზე მიმზიდველი და ძვირფასი წიგნი. მაშ, მოდი, შევუდგეთ ამ ჯადოსნური გასაღების ძიებას, ან, უფრო სწორად, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ ამ ჯადოსნური გასაღების მოპოვება.