წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა

ტარიელი აგრძელებს თავის ამბავს: წიგნი დავწერე: „მეფეო, სვემცაა თქვენი სვიანად! მე ხატაელთა მიმუხთლეს, - თუცა მათ ეცა ზიანად, - ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად. მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად.“ - ხატაეთში ყველაფერი მოვაგვარე, ალაფი წამოვიღეთ და რამაზ მეფე შეპყრობილი წამოვიყვანე. ინდოეთში შესვლისას ჩემი გამზრდელი მეფე მომეგება, „რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!“ იმ დღეს კარვები დავდგით და დიდი ნადიმი გადავიხადეთ, დილით კი სატახტო ქალაქში შევედით. მეფემ ბრძანა, ტყვეები მიმეგვარა. რამაზ მეფე მის წინაშე შეპყრობილი მივიყვანე, ტკბილად ნახა ხელმწიფემან ვითა შვილი სააკვანე, ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე. ფარსადანმა რამაზ მეფე გულმოწყალედ მიიღო და მკითხა, შევუნდობდი თუ არა მას. მე ვჰკადრე: „ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა.“ მეფემ რამაზсმეფეს ხარკი დააკისრა და „შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.“ მეფე ფარსადანმა, რომელსაც სამი თვის უნახავი ვყავდი, სანადიროდ მიმიწვია, თავის ცოლს კი საიდუმლოდ უთხრა, რომ რადგან ასული გასამეფებლად უნდოდათ, იგი დღეს წარედგინათ საზოგადოებისათვის და ამიტომ ნადირობის შემდეგ ორივე სასახლეში დახვედროდათ.. იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: „ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტლად სასურვალია, მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია; რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია. აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული: რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული, ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა ხე, ედემს ხებული, გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული.“ აქ მცირე კომენტარი გავაკეთოთ. ფარსადანი საიდუმლოდ ავალებს თავის ცოლს „საჭვრეტლად სასურვალი“ ტარიელისა და ხალხის წინაშე „სამეფოდ სახელდებული“ ნესტან-დარეჯანის გამოყვანას. (თუ ცხოვრებისეულ ვითარებას გავითვალისწინებთ, რაც რუსთველისთვის დამახასიათებელია, ამ საიდუმლო დავალების შესახებ ტარიელს შეეძლო ნესტან-დარეჯანისაგან შეეტყო, რომელსაც, ცხადია, ამის შესახებ ეცოდინებოდა, მას ხომ სამეფოდ ზრდიდნენ). თუ რაა ამ საიდუმლო დავალების მიზეზი, ამას მოგვიანებით შევიტყობთ. - ვინადირეთ და დროზე ადრე დავბრუნდით, - განაგრძობს ტარიელი, - მთელი ქალაქი აღტაცებით მეგებებოდა. კიდევ უფრო მამშვენებდა ხატაეთიდან ჩამოტანილი ის უცნაური რიდე. შევედით დარბაზში. იმ ადგილას დამსვეს, სადაც ყველაზე მეტად მესიამოვნებოდა - ნესტან-დარეჯანის პირდაპირ. ერთმანეთს მალვით ვუჭვრეტდით, „რა შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა.“ ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ, სადა მეამებოდა. პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა, მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა, თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა. მეფემ მომმართა, - რაც გმოსავს, ძალიან გშვენის, მაგრამ მაინც გიბოძებ ას საჭურჭლეს, იმით შეიმოსე, რაც მოგესურვებაო. დედოფალი და ნესტანი წავიდნენ, ჩვენ კი გავაგრძელეთ ლხინი. მერე კი, როცა სმა ვეღარ შევიძელით, ავიყარეთ. ნესტანის წასვლით დანაღვლიანებული ჩემს საწოლ ოთახში შევედი და მხოლოდ იმის მოგონება მგვრიდა ლხენას, თუ როგორ ვუცქეროდით ერთმანეთს ცოტა ხნის წინ. მცირე კომენტარი: ტარიელი ხაზგასმით ამბობს, რომ მეფემ დედოფალს საიდუმლო დავალება მისცა, რომ ტარიელთან საზეიმო შეხვედრაზე ხალხის წინაშე ნესტანი წარედგინათ. ისმება კითხვა, რატომ გაასაიდუმლოვა ეს დავალება მეფემ? როგორც შემდგომში ირკვევა, მეფე-დედოფალს უნდოდათ, ტარიელისა და ნესტანის დამოკიდებულებას ფარულად დაკვირვებოდნენ (ამიტომ დასვეს ერთმანეთის პირდაპირ ტარიელი და ნესტანი) და რასაც შეამჩნევდნენ, მომავალში გაეთვალისწინებიათ.