წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი ტარიელის ტირილი და დაბნედა წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი

- ასმათმა ნესტანის წერილი მომიტანა. იგი მწერდა, - ძალიან მომეწონე ომგადახდილი, მე შენ გეკუთვნი და ამიერიდან ნუღარ სტირი; ის რიდე მომიძღვენი, რომელიც ნადიმზე გამშვენებდა, შენ კი ჩემი სამხრე ატარეო. ტარიელმა ეს რომ თქვა, ნესტანის ნაჩუქარ სამხრეს ეამბორა და დაბნედილი დაეცა. ასმათმა ტირილი დაიწყო და დაბნედილ ტარიელს წყალი აპკურა. ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა; ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა. მცირე კომენტარი: რუსთველის პოემაში ყველაფერი გენიალურია, მათ შორის რითმებიც. რითმა, საერთოდ, პოეტს გარკვეულად ზღუდავს, გარკვეულ კალაპოტში სვამს. რითმის გამო, შეიძლება, ლექსში ისეთი სიტყვაც გამოიყენოს პოეტმა, რომელიც ლექსის აზრს არც უკავშირდებოდეს. რუსთველთან აქაც ყველაფერი უმაღლეს დონეზეა, ზემოთ მოყვანილ სტროფშიც, რომელშიც ტარიელის მძიმე განცდებია გადმოცემული, ბოლო სტრიქონის სარითმო ფრაზა - „ხმა ისმის მუნ წკანწკარისა“ - თითქოს არ შეესაბამება ტარიელის მძიმე განცდებს და მხოლოდ რითმის გულისთვისაა გამოყენებული. მაგრამ რუსთველის გენიალური, ჯადოქრული ნიჭის წყალობით, სწორედ ეს, რითმის გულისათვის გამოყენებული იუმორნარევი ფრაზა თითქოს იმ მძიმე განცდებს გვიმსუბუქებს, თითქოს რაღაც შვება გვეუფლება, თითქოს სულშეხუთულებს და დაბნედილებს მართლაც „წკანწკარით“ გვეპკურება მაცოცხლებელი წყალი. რა თქმა უნდა, ეს „მოწკანწკარე წყალი“ უმაღლესი, ლაღი პოეზიაა. ახლა შინაარსს მივყვეთ. ასმათმა წყლის პკურებით გონს მოიყვანა ტარიელი, რომელმაც კიდევ დიდხანს ვერ შეძლო ხმის ამოღება, შემდეგ კი ავთანდილს უთხრა: გავაგრძელებ ჩემი ამბის მოყოლას, რადგან მხოლოდ ის მგვრის შვებას, რომ შენ გეხმარები შენს საყვარელთან შეყრაშიო. - ასმათმა ნესტანის სამხრე გადმომცა, რომელიც მაშინვე გავიკეთე, ხოლო ჩემი რიდე მოვიხსენი ნესტანისათვის გასაგზავნად. ნესტანს წერილი მივწერე და ასმათის ხელით რიდე და ყაბაჩა გავუგზავნე. ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა, მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა. გამეღვიძა, აღარა მყვა, სულდგმულობა მომეწყინა, ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა.