ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თათბირი და გამორჩევა

- მეტისმეტი სევდისაგან გულში დანის დაცემა მინდოდა. ამ დროს ასმათის წერილი მომიტანეს - ნესტან-დარეჯანი დაუყოვნებლივ მისვლას გიბრძანებსო. კოშკთან ნატირები ასმათი დამხვდა. ძველებურად აღარ გამიცინა, არც რამე მითხრა, მხოლოდ ცრემლები გადმოღვარა. კოშკში შემიყვანა. დავინახე ნესტანი. ჩემი ნაჩუქარი რიდე ჩამოშლილი ჰქონდა. სახე ცრემლებით დასველებოდა. იწვა, როგორც პირგამეხებული ვეფხვი. ასმათმა მოშორებით დამსვა. ნესტანი წამოდგა. იგი გამწყრალი, წარბშეკრული, განრისხებული იყო. მიბრძანა: „მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა? გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?“ - მე ვკითხე, რატომ მადანაშაულებ-მეთქი. მიპასუხა: „შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი სიმტკიცე და იგი მცნება, ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა ცუდად შენი ხელოვნება! ... ამას ვჰბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთახარ მოსაცეთსა, აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა! ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!“ ნესტანისაგან ეს რომ მოვისმინე, იმედი მომეცა. დავიფიცე, რომ მისთვის არ მიღალატია და თუ მომისმენდა, ყველაფერს ავუხსნიდი. იგი დამთანხმდა. ვუთხარი, - თანხმობა იმიტომ მივეცი, რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ გადაწყვეტილი და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა-მეთქი. „მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა, მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა. დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა; თავსა ვუთხარ: „მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა.“ მიღმა დაშლა რამცა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა? არ იცის, რომ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა? ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა, ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?“ ნესტანს ვუთხარი, რომ გადაწყვეტილი მქონდა, ეს საქმე სხვარიგად მომეგვარებინა. ახლა ტარიელის სიტყვები განვიხილოთ. ტარიელის თქმით, ინდოეთის ტახტი მას ეკუთვნის და ეს კარგად იცის ფარსადანმაც, რომელიც ამაზე სიტყვასაც არ ძრავს, ვითომც არ იცის. ტარიელი ფარსადან მეფეს აშკარად ადანაშაულებს იმაში, რომ იგი ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს ხელყოფს, იგნორირებას უწევს. ამის გათვალისწინებით უკვე გასაგები ხდება ფარსადან მეფის მიზანი და მისი უცნაური, არაგულწრფელი დამოკიდებულების მიზეზი ტარიელის მიმართ. რა თქმა უნდა, აქ საქმე გვაქვს ტახტის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სასახლის ინტრიგებთან, რაც თითქმის ყველა ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო ფეოდალურ სინამდვილეში. ინდოეთში ამ ინტრიგის არსი ასეთია: რადგან ფარსადანი თვალს არიდებს ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს და ამის შესახებ ვითომდაც არაფერი იცის, ამიტომ მისთვის ტარიელი არ არის სასურველი სასიძო. მას თავის ასულს ცოლად არ მისცემს, რადგან თუ ტარიელი ნესტანის ქმარი გახდება, ინდოეთის სამეფო დინასტია ტარიელის ხაზით გაგრძელდება და არა ფარსადანის ხაზით. ამის საფუძველს ტარიელს არა მხოლოდ ნესტანის ქმრობა, არამედ მისი მემკვიდრეობითი უფლებაც მისცემს. ფარსადანს კი უნდა სამეფო დინასტია ნესტანის ხაზით (ანუ ფარსადანის ხაზით) გაგრძელდეს. იგი ნესტანის საქმროს იმ პირობით ირჩევს, რომ ნამდვილი მეფე ნესტანი იქნება და არა მისი ქმარი. გავიხსენოთ, ფარსადანს ნესტანის გამეფება აქვს გადაწყვეტილი. მას სურს, ტარიელი „თამაშგარე მდგომარეობაში“ დატოვოს. ამ ინტრიგის განსახორციელებლად მეფე-დედოფალს დასჭირდათ გარკვეული ტაქტიკური სვლების გაკეთება. ჯერ იყო და, მეფე-დედოფალმა საიდუმლოდ მოითათბირეს, ნესტანი და ტარიელი გამარჯვების აღსანიშნავ ნადიმზე ერთმანეთის პირისპირ დაესვათ და მათ ურთიერთობას ფარულად დაკვირვებოდნენ. როცა დარწმუნდნენ, რომ ისინი ერთმანეთზე გამიჯნურებულები იყვნენ, მათ გადაწყვიტეს ნესტანის სხვაზე გათხოვება, რათა ტარიელი სასწრაფოდ ჩამოეცილებინათ გზიდან. მიზნის განსახორციელებლად მათ ასეთი რამ მოიფიქრეს: ვაზირებთან თათბირზე მათ ისე დახატეს ვითარება, რომ ნესტანის გამეფება სახელმწიფო სამართლით არ შეიძლებოდა და ყველაზე შესაფერი საქმრო იქნებოდა ძლიერი ხვარაზმის სამეფოს უფლისწული. სინამდვილეში მეფე-დედოფალს სწორედ ნესტანის გამეფება ჰქონდათ ადრევე გადაწყვეტილი. ე.ი. მათ ტყუილი თქვეს, რათა ამ ტყუილით გაემართლებინათ ხვარაზმელი უფლისწულის სასიძოდ მოწვევა. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ისე გამართლებული ჩანდა, რომ ვაზირები აუცილებლად უნდა დათანხმებულიყვნენ. უნდა დათანხმებულიყო ტარიელიც, როგორც ვაზირი და არა როგორც ნესტანის მიჯნური. ასეთ სიტუაციაში ტარიელი ვერც გაბედავდა წინააღმდეგობის გაწევას და ნესტანის საქმროდ თავისი თავის დასახელებას. მეფე-დედოფალს სწორედ ამისი იმედი ჰქონდათ. მეფე-დედოფლის ეს ვარაუდი გამართლდა, - ტარიელმა მართლაც ვერ გაბედა წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ იყო, რომ ასე იჩქარეს ხვარაზმშას შვილის ჩამოყვანა, სანამ ტარიელი გონს მოეგებოდა და სათანადო გზას მონახავდა თავისი მემკვიდრეობითი უფლებების დასაცავად და ნესტანის შესართავად. აი, ასეთ ფარულ ბრძოლას აწარმოებდა ფარსადან მეფე ტარიელის, როგორც ტახტის მემკვიდრის წინააღმდეგ, თუმცა ტარიელს ფარისევლურად ძალიან კარგად ეპყრობოდა. ეს სულაც არაა საკვირველი, რადგან ტახტისათვის ბრძოლის გაცილებით უარესი შემთხვევებიც ახსოვს ისტორიას. ინდოეთის ტახტის ირგვლივ არსებული სიტუაცია რუსთველის მიერ სრულიად რეალისტურად არის ასახული. ახლა განვაგრძოთ შინაარსის გადმოცემა. - ნესტანი ჩემს განმარტებას დაეთანხმა და მითხრა, რომ ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა დავმჯდარიყავით ხელმწიფედ, როგორც ცოლ-ქმარი. „არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, უარის ქმნასა ღმრთისას, ამისთვის არ მართლობასა; იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა! მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა.“ მერე დაიწყო იმაზე მსჯელობა, როგორ გვეპოვა გონივრული გამოსავალი. მთავარია, არ ავჩქარებულიყავით და შეცდომა არ დაგვეშვა. სასიძოს თუ არ შემოვუშვებდით, მეფე განრისხდებოდა, ერთმანეთს წავეკიდებოდით და ინდოეთი „გარდაქარდებოდა“. თუ შემოვეშვებდით, იგი ნესტანს შეირთავდა, ჩვენ ერთმანეთთან განშორება და ტანჯვა მოგვიწევდა, ხოლო „სპარსნი“ (ხვარაზმელები) ინდოეთში იბატონებდნენ. მიბრძანა თუ: „გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს; თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს, შენ და ისი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს! კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ, მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ.“ - მე ვუთხარი, რომ ამას არ დავუშვებდი: მე ვჰკადრე: „ღმერთმან აშოროს მის ყმისა შენი ქმარობა! რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა, ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: ასრე დავხადნე, შეეძლოს აღარას, არ, სახმარობა!“ ნესტანმა მირჩია, საქმე დიდი სისხლისღვრის გარეშე გადაგვეწყვიტა და მხოლოდ სასიძო მომეკლა: მიბრძანა თუ: „ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად: რა მოვიდეს, სიძე მოკალ მისთა სპათა აუწყვედლად. ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.“ ნესტანის რჩევით, სასიძოს მოკვლის შემდეგ ფარსადანისათვის უნდა მომეხსენებინა, რომ მე უფლებას ვერ მივცემდი „სპარსელებს“, ინდოეთში გაბატონებულიყვნენ, რადგან ინდოეთი მე მეკუთვნოდა და არავის დავუთმობდი, ხოლო თუ არ დამეხსნებოდა, ქალაქს ტრამალად გადავუქცევდი. „იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა, ჰკადრე თუ: „სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა, არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!“ ნესტანის აზრით, ჩვენი სიყვარული საერთოდ არ უნდა გვეხსენებინა, რადგან ამით უფრო მივაღწევდი სამართლიანად ტახტის დაუფლებას, ხოლო ტახტზე ასვლის შემდეგ ფარსადანი აქეთ შემომეხვეწებოდა ნესტანის ცოლად შერთვას: „ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნუცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მიხვდომა; ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა, ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფერვოდეს ერთგან სხდომა.“ ნესტანის რჩევა ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, მტრებისთვის დამეცლია ხრმლის შემოქნევა. წასასვლელად ავდექი, მაგრამ ნესტანმა მთხოვა, კიდევ დავრჩენილიყავი. მინდოდა ნესტანს მოვხვეოდი, მაგრამ ვერ გავბედე. ერთხანს დავრჩი, მერე წამოვედი, მაგრამ მღელვარებისაგან ვკვდებოდი. გავაანალიზოთ ნესტანის რჩევა. ნესტანი აქ წარმოგვიდგება, როგორც გაბედული, ჭკვიანი, სიტუაციის ღრმად გამაანალიზებელი, სტრატეგიულად და ტაქტიკურად უნაკლოდ მოაზროვნე ადამიანი. ნესტანმა იცის, რომ ინდოეთის ტახტი ტარიელს ეკუთვნის, მაგრამ ეკუთვნის თვითონაც, ამიტომ გამოსავალს მათ ცოლქმრობაში ხედავს, მით უფრო, რომ გამიჯნურებულებიც არიან. ნესტანი ხვდება, რომ ფარსადანი თვალს არიდებს ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს და ამიტომაც არ სურს იგი სასიძოდ. ამიტომ ტარიელს ურჩევს, მათი სიყვარული არ ახსენოს და მხოლოდ თავისი მემკვიდრეობითი უფლებების დაცვა მოითხოვოს. ნესტანის რჩევის აზრი ასეთია: თუ ტარიელი ნესტანის ცოლად შერთვას მოითხოვს, ფარსადანი მას უარს ეტყვის, რადგან ტარიელის სიძობა არ უნდა. ფარსადანის დადანაშაულება, როგორც მშობლისა, ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება. ამიტომ ტარიელმა თავისი მემკვიდრეობითი უფლებანი უნდა წამოაყენოს, - ტახტი მოითხოვოს, ე.ი. ნესტანის გამეფება არ დაუშვას, მისი წესისამებრ გათხოვება, მშობლების სახლიდან წასვლა უნდა მოითხოვოს, რის შემდეგაც ფარსადანი აქეთ შემოეხვეწება ტარიელს ნესტანის შერთვას. თუ ტარიელი ერთდროულად მოითხოვს ინდოეთის ტახტსაც და ნესტანის ხელსაც, არც ეს იქნება სწორი, რადგან მაშინ გამოდის, რომ ტარიელი ურიგდება ნესტანის დარჩენას მშობლების სახლში, ე.ი. იმას, რომ ნესტანი არის „საძეო“, ძის მოვალეობის შემსრულებელი, ტახტის მემკვიდრე. ერთი სიტყვით, ტარიელის ასეთი მოთხოვნა გამოვა წინააღმდეგობის შემცველი, რაც საქმეს გაართულებს. უმჯობესია მხოლოდ ინდოეთის ტახტის მოთხოვნა. ამგვარად, ინდოეთში ასეთი ვითარებაა შექმნილი: ფარსადანს უნდა ნესტანის გამეფება და ტახტის მემკვიდრის - ტარიელის გზიდან ჩამოცილება. ფარსადანის ამ მიზანს ნესტანმა და ტარიელმა დაუპირისპირეს სრულიად საწინააღმდეგო მიზანი - ტარიელის გამეფების მოთხოვნა და ნესტანის ტახტისაგან ჩამოშორება, ანუ გათხოვება მშობლების სახლიდან წასვლით. მათ ფარსადანი უნდა აიძულონ, ამაზე დათანხმდეს. ნესტანის აზრით, ყველაზე უკეთესი და სამართლიანი გამოსავალია მისი დაქორწინება ტარიელზე, რაც მათ სიყვარულსაც გადაარჩენს და ტახტის მემკვიდრეობასაც ორივეს შეუნარჩუნებს: „მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა“. ერთი სიტყვით, აქ ასახულია ტახტის მემკვიდრეობის პრობლემასთან დაკავშირებული სრულიად რეალური ცხოვრებისეული და ამავე დროს საკმაოდ რთული სიტუაცია.