ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსლვა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკვლა

ხვარაზმიდან კაცი მოვიდა, - განაგრძობს ტარიელი, - სასიძო მოდისო, გვახარა. მეფეს ძალიან გაუხარდა, თავისთან დამისვა და მითხრა, რომ მისთვის ეს დღე დიდი ლხინისა და სიხარულის დღე იყო. დიდი ქორწილი გადავიხადოთ და უხვი საბოძვარი გავცეთო. მეფის ბრძანებით სასიძოსთვის კარავი დავდგი მოედანზე. სასიძოს სანახავად უამრავი ხალხი მოვიდა. მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე, ჰგვანდა, არს აღვსებისა, შეიქმნა გასვლა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა. დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა. მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა, შინა წამოვე, მაშვრალსა ქმნა მომნდომოდა ძილისა. ახლა მცირე კომენტარი: როგორც ტარიელის მონათხრობიდან ვიცით, ტარიელს შეუნარჩუნეს მამის თანამდებობები - ამირბარობა და ამირსპასალარობა. ასეთი წესი იყო ინდოეთში „თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა“. ასეთივე წესი იყო საქართველოში - ორი უმაღლესი თანამდებობის დაკავება. ეს თანამდებობები იყო ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი. განსხვავება ისაა, რომ მეორე თანამდებობა ინდოეთში არის ამირბარი, საქართველოში კი - მანდატურთუხუცესი. ამიტომ ზოგიერთი რუსთველოლოგი მიიჩნევს, რომ „ამირბარში“ რუსთველს ნაგულისხმევი აქვს „მანდატურთუხუცესი“, თუმცა უფრო მიღებული თვალსაზრისით, „ამირბარი“ ზღვათა ვაზირს, ადმირალს ნიშნავს. მაგრამ უფრო სწორი პირველი თვალსაზრისი ჩანს. ამას მოწმობს ზემოთგანხილული ეპიზოდი. საქმე ისაა, რომ საქართველოში მანდატურთუხუცესის ერთ-ერთ მოვალეობას წარმოადგენდა სტუმრების მიღებისა და გამასპინძლების ცერემონიის მოწყობა-მოგვარება. ტარიელმაც სწორედ ასეთი მოვალეობა შეასრულა: „მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა“; „მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა“. („საურავი“ ნიშნავს სამსახურებრივ საქმიანობა-საზრუნავს). როგორც ჩანს, სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის გამო შეასრულა ტარიელმა ხვარაზმშას შვილის მიღების მომზადება, თორემ საკუთარი სურვილით ამის გაკეთების ხალისი მაინც და მაინც არ ექნებოდა. - ამ დროს ასმათის წერილი მომიტანეს, - განაგრძობს ტარიელი, - ნესტანი მიბარებდა. მაშინვე წავედი. ასმათი ისევ ნატირები დამხვდა, მითხრა, - შენს გამო ტირილი არ მაკლდება, ყოველთვის როგორ გაგამართლოო. შევედით ნესტანთან, რომელიც წარბშეკრული იჯდა. წავდეგ, მიბრძანა: „რასა სდგა? დღე მიგიჩს წინ საომარე! ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცთომარე?“ მე მეწყინა, - ქალი როგორ მაქეზებდა? აღარაფერი ვუთხარი, სწრაფად გამოვბრუნდი, შინ შევედი და იმ მოყმის მოსაკლავად გავემზადე. ას კაცს ვუბრძანე, საომრად მომზადებულიყვნენ. ქალაქი ისე გავიარეთ, არავის დავუნახივართ. კარავში უჩუმრად შევედი და ხვარაზმშას ძე უსისხლოდ, ბოძზე თავის მიხეთქებით მოვკალი. კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა მწოლთა დაიზახნეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე; ცხენსა შევჯე, წამო-ცა-ვე, ჯაჭვი მეცვა საკურტაკე. მისი მხლებლები გამომიდგნენ, მაგრამ ისინი დავხოცე და ჩემს ქალაქში გავმაგრდი. ლაშქარს ვაცნობე, მომშველებოდნენ. დილით ჩემთან მეფისაგან გამოგზავნილი სამი დიდებული მოვიდა. მეფეს შემოეთვალა, - ღმერთმა ხომ იცის, რომ შვილივით გაგზარდე, ასე რატომ შემიცვალე სიხარული მწუხარებადო? „ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩენი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე, ბერსა, შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!“ ახლა მცირე კომენტარი. ფარსადანი აგრძელებს თვალთმაქცობას ტარიელთან დამოკიდებულებისას. ეს ჩანს მისი სიტყვებიდან: „თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინეო“. არადა, მან კარგად იცოდა მათი მიჯნურობის შესახებ. ტარიელი აგრძელებს: მე შევუთვალე: „მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა? მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა, მე, თქვენმან მზემან, მარიდოს ნდომა თქვენისა ქალისა! იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! - ერთი-ღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხვდომია; ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; სამართლად ტახტი უჩემოდ არვისგან მისახვდომია! ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ-მართალია, ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?! შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე! ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე!“ როგორც ვხედავთ, ტარიელი ზუსტად ასრულებს ნესტანის რჩევას. ტარიელი ოფიციალურად პირველად აცხადებს თავისი მემკვიდრეობითი უფლების შესახებ ინდოეთის ტახტზე. ეს უფლება, ტარიელის თქმით, ეფუძნება იმას, რომ ინდოეთის შვიდივე სამეფო საგვარეულოდან მხოლოდ ის ერთადერთი მამაკაცია დარჩენილი და სამართლის მიხედვით, მხოლოდ მას ეკუთვნის ინდოეთის ტახტი. ტარიელი სამართალს რამდენჯერმე იმოწმებს და ფარსადანს დებს ბრალს მის დარღვევაში. მაგრამ ფაქტია, რომ ფარსადანმა ოფიციალურად „არ იცოდა“ ტარიელის მემკვიდრეობითი უფლებების შესახებ და ამიტომაც ახერხებდა ამისათვის თვალის არიდებას. „არ იცის, რომ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა? ტარიელ არს მემამულე, სხვასა მართებს არად არა“, - ამბობს ტარიელი მწარე ირონიით ფარსადანზე ნესტანთან საუბრის დროს. გამოდის, რომ ტარიელის მემკვიდრეობითი უფლებები ისე მყარი არ იყო, რომ ფარსადანს ვერ შეძლებოდა მისი უგულებელყოფა. მაგრამ ფარსადანი თავად არღვევდა სამართალს, რადგან ასულის გამეფება სურდა, ამიტომ ტარიელის მემკვიდრეობით უფლებებს, თუნდაც არამყარს, მეტი წონა ეძლეოდა. ფარსადანი, შესაძლოა, ტარიელის არგუმენტებს დათანხმებოდა და უკან დაეხია, მაგრამ სანამ იგი ტარიელის პასუხს მიიღებდა, ინდოეთში უკვე დიდი ტრაგედია დატრიალდა. ამდენად ტარიელისა და ნესტანის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. ამის შესახებ მომდევნო თავში გვიამბობს ტარიელი.