ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა

- ფარსადანის მოციქულები ჩემი პასუხით უკან გავგზავნე, - აგრძელებს ტარიელი, - მაგრამ ნესტანის შესახებ არაფერი ვიცოდი და ეს უფრო მტანჯავდა. ამ დროს ასმათი დავინახე მსახურთან ერთად. იგი ღიმილით აღარ შემეგება. ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. მან შემომტირა და დიდხანს ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ კი ყველაფერი მომიყვა. მიამბო: „ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიზახნა: „მიხმეთო“, ხმა-მაღლად გახმამყივარდა; მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამოჩივარდა. ჰკადრეს: „აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან“. მეფე ბრძანებს: „ვიცი, ვიცი, მეტად კარგად შემიგიან: მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან. აწ, თავმან ჩემმან, მას მოვკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა! მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა! მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა!“ მეფე თუკი დაიფიცებდა, მას აუცილებლად ასრულებდა კიდეც. მეფის ეს დაფიცება დავარს შეატყობინეს. მან ეგრე თქვა: „უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან.“ დავარი ნესტანს მიეჭრა, როსკიპი, ბოზი უწოდა, თმები დააგლიჯა, ცემით დაალურჯა - საქმრო რად მოაკვლევინეო. „როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე? ანუ სისხლისად მისისა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქმნევინე? აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!“ ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა, მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქვნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლულნი დაუშუშნა. დავარმა ნესტანის ცემით გული რომ იჯერა, ქაჯეთიდან მოყვანილ ორ მონას უხმო, მათ კიდობანი მოიტანეს და შიგ ნესტანი ჩასვეს. დავარმა მონებს უბრძანა, ნესტანი გადაეკარგათ. მათ ზღვისაკენ წაიყვანეს ნესტანი და გაუჩინარდნენ. დავარი ახლა კი მოეგო გონს, მიხვდა, რაც ჩაიდინა; თქვა, ვიდრე მეფე მომკლავს, მე თავად მოვიკლავ თავსო, დანა დაიცა და სიცოცხლეს გამოესალმა. ამ ამბის მომტანს ცოცხალს ნუ დამტოვებო, - უთხრა სასოწარკვეთილმა ასმათმა ტარიელს. მე ვუთხარ: „დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! - აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია.“ სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია. მეტისმეტმა მწუხარებამ მთლად გამაშმაგა. ასსამოცი კარგი მოყმე გავიყოლე და ნესტანის ძებნას შევუდექი. მთელი წელიწადი ვეძებდი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვინც მახლდა, ყველა დამეხოცა, მხოლოდ ასმათი და ორი მონაღა დამრჩა. ტირილი ჩემს ლხინად იქცა.