ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელს შეეყარა

- ერთხელ ქალაქის სიახლოვეს მოვხვდით, - აგრძელებს ტარიელი თავის თავგადასავალს, - რადგან ადამიანების ნახვის სურვილი არ მქონდა, უკაცრიელ ადგილას ხეთა ძირში მოვისვენეთ. დაძინება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი და ავდექი. მომესმა ვიღაც მოყმის ყვირილი, იგი დაჭრილი იყო და მრისხანედ იმუქრებოდა. შავ ტაიჭზე იჯდა, აი, ამ ცხენზე, ახლა მე რომ მყავს. მონა გამოვადევნე და შევუთვალე, რომ შემხვედროდა და თავისი გასაჭირი ეთქვა. მან მონას ყურადღება არ მიაქცია. მაშინ მე თავად წამოვეწიე და ვკითხე, რა სჭირდა. მან შემომხედა, მოვეწონე და შეჩერდა. გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: „შენ ასეთნი ხენი ვით ჰხენ?“ მერმე მითხრა: „მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ, უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ.“ მე ჩემთან წამოვიყვანე, ჩემმა მონა-დოსტაქარმა ჭრილობები შეუხვია. გამოვკითხე, ვინ იყო. იგი აღმოჩნდა მულღაზანზარის მეფე ნურადინ-ფრიდონი. მან თავისი ამბავი მიამბო: როდესაც მის პაპას მისი მამა და მამის ძმა გაუყვია, ერთი კუნძული მამის ძმისათვის მიუკუთვნებია, რომელიც, წესით, ფრიდონის მამას უნდა კუთვნებოდა. ეს კუნძული სადავო გამხდარა. დღეს, როდესაც ამ კუნძულზე ნადირობდა, ბიძაშვილებს დაუნახავთ და ლაშქრით თავს დასხმიან, ბევრნი ყოფილან და მორევიან. ფრიდონს ცხენით გამოუცურავს, მისი მხლებლები კი დაუხოცავთ. ფრიდონი იმუქრებოდა, რომ ამ სისხლს მათ არ შეარჩენდა. ფრიდონი ძალიან მომეწონა და დახმარება შევთავაზე. მივედით მის პატარა, მაგრამ ლამაზ ქალაქში. ყველა მძიმედ განიცდიდა მის მარცხს. გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა. (დამეთანხმები, ეს ბოლო სტრიქონი ძნელია ღიმილის გარეშე წაიკითხო).