ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა

ავთანდილი არაბეთში ბრუნდება. საინტერესოა, როგორ მიიღებენ მას ჯერ საკუთარ სამეფო მამულში, ხოლო შემდეგ არაბეთის სატახტო ქალაქში. ცხადია, მას ყველა სიყვარულით და აღტაცებით მიიღებს, საეჭვო მხოლოდ როსტევან მეფეა, რომელიც ავთანდილმა სავსებით გამიზნულად მოატყუა - ჩემს მამულში სახელმწიფო საქმეების მოსაგვარებლად მივდივარო, არადა უცხო მოყმის საძებრად გაიპარა. აპატიებს როსტევანი ამ ტყუილს? მაგრამ, მოდით, ისევ შინაარსს დავუბრუნდეთ. ავთანდილი ისე გახარებული ბრუნდებოდა არაბეთში, რომ გრძელი გზა მოკლედ მოეჩვენა. პირველად იქ მივიდა, სადაც თავისი სამეფოს სპა დატოვა. დიდმა სიხარულმა მოიცვა ყველა. მისი დაბრუნება სასწრაფოდ შეატყობინეს შერმადინს. შერმადინიც დაუყოვნებლივ მოვიდა, ავთანდილს გადაეხვია და ღმერთს მადლობა შესწირა მისი დაბრუნებისათვის. დიდებულებიც მოვიდნენ და ავთანდილს თაყვანი სცეს. ავთანდილმა შერმადინს ყველაფერი უამბო. შერმადინმაც აქაური ამბები მოახსენა. შენი წასვლა, როგორც მთხოვე, არავის გაუგიაო. ავთანდილმა შერმადინი მეფე როსტევანთან გაგზავნა, რათა მისთვის ავთანდილის დაბრუნება და მისგან უცხო მოყმის ამბავის გაგება ეცნობებინა: შესთვალა: „მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და დიდობით! ამა საქმესა ვიკადრებ შიშით, კრძალვით და რიდობით: მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა ფლიდობით, აწ ვცან და გაცნევ ყველასა, მოვალ შვებით და მშვიდობით.“ შერმადინმა ათი დღის სავალი სამ დღეში გაიარა და როსტევანს ავთანდილის დაბრუნება ახარა. თინათინსაც შეატყობინა, რომ ავთანდილი საამო ამბავს უამბობდა მას. ავთანდილს „შიში, კრძალვა და რიდობა“ აღარ დასჭირდა მეფის წინაშე, მას სიხარულით მიეგება ყველა - მეფეც, თინათინიც, დიდებულებიც. დასხდნენ სანადიმოდ. მეფემ და დიდებულებმა ავთანდილს ყველაფერი აამბობინეს. როსტევანი ისე გახარებული იყო, რომ საყვედურის თქმაც კი დაავიწყდა ავთანდილისათვის, რატომ გამეპარეო. შეიძლება, არც დაავიწყდა, მაგრამ არაფერი უთხრა, რადგან გონიერი და ლმობიერი მეფე იყო - „მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი“. როდესაც ავთანდილი დასაძინებლად მოემზადა, თინათინის მონა მოვიდა. თინათინი თავისთან უხმობდა. ახლა ავთანდილმა მხოლოდ თინათინს უამბო ყველაფერი და ისიც უთხრა, რომ ტარიელს დასახმარებლად ისევ წასვლას აპირებდა, რადგან მას ფიცი მისცა. „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად; კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, აჰა, მაქვსცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად.“ ახლა მცირე კომენტარი. ამ სტროფში (და სხვაგანაც ბევრგან) გვხვდება სიტყვა „მოყვარე“. ამ სიტყვას რუსთველი იყენებს „მეგობარის“ მნიშვნელობით. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „მეგობარი“ იმ დროსაც არსებობდა, იგი პოემაში ერთხელაც არაა ნახმარი, თუმცა „ვეფხისტყაოსანი“ მეგობრობის ქებათაქებაცაა მიჯნურობასთან ერთად. როგორც ჩანს, სიტყვა „მოყვარეს“ რუსთველი სრულიად გამიზნულად იყენებს „მეგობარის“ ნაცვლად. ეს გასაგებიცაა, რადგან სიტყვა „მოყვარე“ სიტყვა „სიყვარულიდან“ მოდის. რუსთველისათვის, როგორც ჩანს, მეგობრობის მთავარი დამახასიათებელი ნიშან-თვისება სიყვარულია. ცხადია, ეს სიყვარული არ ნიშნავს ქალ-ვაჟურ სიყვარულს, არამედ სიყვარულს ზოგადად, სიყვარულს მოყვასისადმი, რაც ქრისტიანული რწმენის მთავარი არსია. ამ ტერმინს თავის დროზე ყურადღება მიაქცია კომუნისტების დროს საზღვარგარეთ ემიგრირებულმა დიდმა რუსთველოლოგმა ვიკტორ ნოზაძემ, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ კვლევის საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. მან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი შესძინა რუსთველოლოგიურ მეცნიერებას. ახლა ისევ შინაარსს დავუბრუნდეთ. მზე ეტყვის: „მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა; პირველ, შენ მოხვე მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერმე, ზრდა სიყვარულისა გაქვს ჩემგან დანერგულისა, ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა!“ თინათინმა მოუწონა ავთანდილს ტარიელის დასახმარებლად წასვლის განზრახვა. „შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა“, მაგრამ მე რა ვქნა, როგორ გავუძლო შენს ამდენი ხნის განშორებასო. ავთანდილი ეჭვობს, რომ კიდევ ბევრი განსაცდელი გადახდება, ამიტომ თინათინს თხოვს, ნუგეშად რაიმე სახსოვარი გაატანოს. თინათინმა მარგალიტი მიუძღვნა. თინათინთან შეხვედრამ კიდევ უფრო გაუმძაფრა გრძნობები ავთანდილს. მისგან წამოსვლის შემდეგ სიყვარულის სახმილი კვლავ მწველად მოედო და სიხარულის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი ცრემლი ღვარა. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად, იტყვის: „მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად, მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღა რად! ვირე გნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!“ ცხადია, ავთანდილს საწუხარი და ცრემლის საღვრელი არაფერი ჰქონდა, მას, უბრალოდ, თინათინთან განშორება ერთი წამითაც არ უნდოდა. ამიტომ თავის გულს სიხარბე და გაუმაძღრობა უსაყვედურა: „გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი, გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!“ რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირსა დასდვა და აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი. ახლა, მოდი, პატარა სტილისტური წიაღსვლა გავაკეთოთ. მოყვანილ სტროფებში რამდენჯერმე ზედიზედ არის განმეორებული სიტყვა „გული“. ხშირად გაიგონებთ ხოლმე, - ერთი და იგივე სიტყვის ზედიზედ, ხშირად განმეორება ცუდი სტილის ნიშანიაო. მაგრამ მოყვანილი სტროფები გვარწმუნებს, რომ ერთი და იგივე სიტყვის ბევრჯერ განმეორება კი არაა მთავარი, არამედ ის, თუ როგორაა ის განმეორებული - კარგად თუ ცუდად. ამიტომ იმ გავრცელებულ შეხედულებას მაინც და მაინც ნუ დაუჯერებ. რუსთველი დაიმოწმე ხოლმე. ისევ შინაარსს დავუბრუნდეთ. დილით ავთანდილს სასახლეში უხმეს. მეფემ იგი სანადიროდ წაიყვანა. ნადირობის შემდეგ ისევ ინადიმეს, კიდევ ერთხელ ისაუბრეს ტარიელის შესახებ. „უტარიელოდ ხსენება არვისგან იკადრებოდა“. ნადიმის შემდეგ შინ წასულ ავთანდილს ისევ სევდამ დარია ხელი, ისევ სიყვარულის სახმილი მოედო. მაგრამ გულს მოთმენა ურჩია: „არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა!“ ფრიად სასარგებლო და საგულისხმო რჩევაა ყველა ჩვენთაგანისათვის!..