ლოცვა ავთანდილისა

ილოცავს, იტყვის: „მაღალო, ღმერთო ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო!“ ავთანდილის ლოცვა ნამდვილი ქრისტიანის ლოცვაა, თუმცა პოემის მიხედვით, იგი არაბია, მუსულმანი. მაგრამ, რა თქმა უნდა, იგი „შეფარვით“ ქართველია, ქრისტიანი. იგი ქრისტიანულ ლიტერატურაში დამკვიდრებული ცნებებით მიმართავს ღმერთს. ავთანდილი, როგორც ბრძენი ადამიანი, ღმერთს პირველ რიგში „სურვილთა დათმობას“, სურვილებისაგან თავშეკავებას, მოთმენას ევედრება, რადგან იცის, რომ გულისთქმათა აყოლა ადამიანს კარგს არას უქადის ხოლმე. ლოცვის დროს ავთანდილს, რა თქმა უნდა, არ ავიწყდება მიჯნურობის ხსენებაც: „ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა, ნუ ამოფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!“ ლოცვის დამთავრების შემდეგ იგი შერმადინს გამოეთხოვა და წავიდა, ხოლო საბრალო შერმადინმა ცრემლები ღვარა, რადგან პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა! ამ სტრიქონში კარგად ჩანს საქართველოში იმ დროს არსებული პატრონყმობის მაღალზნეობრიობა.