ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

როსტევანის რეაქცია ჯერ ავთანდილის თხოვნაზე, ხოლო შემდეგ გაპარვაზე რუსთველს ისე აქვს აღწერილი, რომ მიუხედავად როსტევანის ბობოქრობისა, მკითხველს უნებურად ეღიმება რაღაც ფაქიზი კომიკურობის, უფრო სწორად, ტრაგიკომიკური სიტუაციის გამო. ვაზირზე განრისხებული როსტევანი ვერა და ვერ დამშვიდდა. გულგამწყრალმა არც დარბაზობა ჩაატარა. სიბრაზე მეორე დღესაც გაჰყვა. დილით ისე პირმოქუშული ადგა, გეგონებოდათ, პირიდან ცეცხლსა ჰყრისო. მაშინვე ვაზირი დაიბარა, რომელიც შიშით გულგახეთქილი შევიდა მასთან. როსტევანმა უბრძანა, გუშინ რაც მითხარი, არ მახსოვს, კიდევ თქვი, რა გინდოდა, ასე რომ განმარისხეო. ვაზირმა ისევ გადასცა ავთანდილის თხოვნა. როსტევანი ამჯერად უფრო მშვიდად შეხვდა ამ ამბავს და ავთანდილს შეუთვალა, მეტი აღარ გამაგონო ეგ თხოვნა, თორემ მეც ხელს ავიღებ შენზეო. ვაზირი გამოვიდა, მაგრამ ავთანდილი ვეღარსად ნახა - იგი უკვე გაპარულიყო. როსტევანთან ამ ამბის საცნობებლად შესვლა ვაზირს ცოცხალი თავით აღარ სურდა: მან თქვა: „მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს, რაცა ვთქვი, მასცა ვინანი.“ ვაზირი რომ აღარ შებრუნდა, მეფემ კაცი გაგზავნა მის მოსაყვანად, რომელმაც რომ გაიგო, ავთანდილი გაპარულაო, მანაც ვეღარ გაბედა მეფესთან შესვლა. როსტევანი ახლა უკვე მთლად დაეჭვდა, ეტყობა, მართლა გაიპარაო, და სასოწარკვეთილმა ისევ ვაზირი დაიბარა: უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: „მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!“ „ფლიდი“ ვაზირი კი შევიდა, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა. თუმცა ტყუილად ეშინოდა - მეფე უკვე ბედს შერიგებოდა. კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ-მხიარულად; მეფემან ჰკითხა: „წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?“ მან მოახსენა ყველაი, ვით წასრულიყო და რულად: „მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად!“ მეფე აქამდეც კი ეჭვობდა, მაგრამ თავისი ეჭვის დადასტურება ახლა ნამდვილად რომ მოისმინა, მწუხარებისაგან კინაღამ გაგიჟდა: რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; მოსთქვამს, იტყვის: „ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი!“- პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი, - „სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?“ პირის მხოჭავი და წვერის მგლეჯელი როსტევანი, ცოტა არ აყოს, კომიკური წარმოსადგენია, თუმცა მეფემ მართლაც ძალიან განიცადა ავთანდილის გაპარვა, რომელიც ქვეყნის უპირველესი რაინდი და ჯარის ხელმძღანელი იყო. როსტევანი ასე მოთქვამს: „ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები, შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები! მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?“ ქვეყანაში ყველა დამწუხრდა ავთანდილის წასვლის გამო. თუმცა სურათი ახლაც საკმაოდ კომიკურია: დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა. მეფემ იკითხა, მარტო წავიდა, თუ ყმები გაყვნენო. მაშინ შერმადინმა მისი ანდერძი მიართვა და ჰკადრა, - თუ მომკლავთ, მართალი იქნებითო. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი, მერმე ბრძანა: „მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!“ ჩვენც ახლა ავთანდილს გავყვეთ.