მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცვისა

საკმაოდ დამშვიდებული ტარიელი ეუბნება ავთანდილს, - გიამბობ, რაც შემემთხვა და მერე შენ განმსაჯე შენი ბრძენი გულითო. შენს მოლოდინში გამოქვაბულში ვეღარ გავძელი, მინდვრად ცხენით გავლა მომინდა. დავინახე ერთად მყოფი ლომი და ვეფხი, რომლებიც საყვარლებივით ექცეოდნენ ერთმანეთს. მათი ყურება მესიამოვნა. ჯერ ილაღობეს, შემდეგ კი წაიჩხუბნენ და ერთმანეთი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ეს კი ვეღარ მოვითმინე. „ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: „არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!“ ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვჰკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა. ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა, მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა. მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭყალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა. რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე, მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე. სულნი სრულად არ ამომხდეს, რად გიკვირს, თუ ცრემლსა ვღვრიდე!“ ახლა მცირე კომენტარი გავუკეთოთ ტარიელის მონათხრობს. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ხოლმე, რომ რუსთველი ამა თუ იმ სიტუაციის აღწერისას არ სცილდება რეალობის, სინამდვილის ჩარჩოებს. რამდენად ზის ამ ჩარჩოებში ლომ-ვეფხის დახოცვის ეპიზოდი? ლომის ხმლით მოკვლა, რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია, მით უფრო, თუ მისი ჩამდენი ისეთი ძლიერი და ბრძოლებში გამოწრთობილი ვაჟკაცია, როგორიცაა ტარიელი. რაც შეეხება ვეფხის ხელით შეპყრობას და მის მოკვლას მიწაზე დანარცხებით (და არა დახრჩობას, როგორც ჰგონიათ „ვეფხისტყაოსნის“ ძალიან ზერელედ მცოდნეებს), აქ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: საერთოდ, ეს ეპიზოდი ერთ-ერთი ულამაზესი ეპიზოდია მთელ პოემაში. რუსთველის პოეტური ფანტაზია აქ, შეიძლება ითქვას, მწვერვალს აღწევს. ტარიელმა ვეფხვში თავისი მიჯნური, თავისი მზე, თავისი ცეცხლთა მომდები ნესტან-დარეჯანი წარმოიდგინა და მისი კოცნა მოინდომა. (გავიხსენოთ, ერთხელ ტარიელმა განრისხებული ნესტანი ვეფხვს შეადარა - „იწვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული“). ახლა ცოტა იუმორით შევხედოთ ამ სურათს. მიუხედავად ტარიელის ამ ულამაზესი ხილვისა თუ წარმოდგენისა, ვეფხვს რეალობის გრძნობა სრულიადაც არ ჰქონდა დაკარგული, ამიტომ მან თავი, ცხადია, ნესტან-დარეჯანად არ ჩათვალა და ტარიელში თავისი მიჯნური კი არა, მოსისხლე მტერი დაინახა, რომელმაც იგი ხელით შეიპყრო, ხოლო როცა მას ტარიელმა კოცნაც დაუპირა, იფიქრა - შეჭმას თუ კბენას მიპირებსო, და ღრენითა და ბრჭყალების გამოყენებით სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მას. ტარიელმა, რა თქმა უნდა, ვერაფრით დაარწმუნა ვეფხვი თავის ლამაზ განზრახვაში, ამიტომ გაგულისებულმა მიწაზე დააწყვიტა იგი და სული გააფრთხობინა. ვეფხის სახით თავისი მიჯნურის წარმოდგენა და მისი კოცნის მცდელობა გრძნობამორეული ტარიელისაგან ისე ბუნებრივად გვეჩვენება, რომ არაფერს შეუძლებელს არ ვხედავთ ვეფხვის ხელით შეპყრობაშიც და მის მოკვლაშიც მიწაზე დანარცხებით. აქ უმაღლესი პოეზიითაა გამართლებული და განამდვილებული ადამიანის მიერ ასეთი მოქმედების ცოტა არ იყოს დაუჯერებელი სურათი.