აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა

ტარიელი და ავთანდილი ასმათის სანახავად წავიდნენ. ასმათმა ღმერთს გულმხურვალე მადლობა შესწირა მათი დაბრუნების გამო. ასმათ თქვა: „ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!“ ამ სტროფში ასმათის პირით რუსთველი გამოთქვამს რთულ ფილოსოფიურ-თეოლოგიურ თვალსაზრისს ღმერთის შესახებ, რაზეც შეგიძლიათ წაიკითხოთ რუსთველოლოგთა ნაშრომებში რუსთველის მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით. ტარიელმა, ავთანდილმა და ასმათმა მოიგონეს თავსგადახდენილი ჭირ-ვარამი, ერთმანეთს უთანაგრძნეს, შემდეგ მწვადი შეწვეს, ივახშმეს და დაიძინეს. დილით ტარიელმა უთხრა ავთანდილს, - რაც ჩემთვის გააკეთე, ღმერთი გადაგიხდის ამ სიკეთეს, მაგრამ ჩემს ცეცხლს შენ ვერ დაშრეტ, შენც დაგწვავს იგი, ამიტომ სჯობს დაბრუნდე შენს ქვეყანაში და შენს მზეს დაუბრუნდეო. „ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად, რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ მეცა ვიყავ მქმნელად, აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად.“ ავთანდილ ეტყვის: „რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა? შენვე, თქვი, ეგე სიტყვაა კაცისა ბრძნად სწავლულისა?“ განა არ იცი, - ეუბნება ავთანდილი, - რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია შენი წყლულების განკურნება, თქვენი შეყრა? განა არ იცი, რომ მიჯნურებს ფათერაკები სდევს? მამაცი ჭირს არ უნდა შეუდრკეს. „ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია, რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.“ მე ჩემს მზეს დავეთხოვე შენი გულისათვის და უკან რომ დავბრუნდე, რა ვუთხრა, რით ვიმართლო თავი? „მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი: მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი. შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!“ გთხოვ, - ეუბნება ავთანდილი, - ერთი წელი დამელოდე, მე ყველგან გავიკითხავ და გავიგებ შენი მზის ამბავს. ერთი წლის თავზე, როცა ვარდები აყვავდებიან, თუ არ მოვედი, ესე იგი ცოცხალი აღარ ვიქნები. ამის შემდეგ კი რაც გწადდეს, იგი ჰქმენო. „აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი! მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი, არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი.“ ტარიელმა პირობა მისცა. რუსთველი ასეთ „კომენტარს“ უკეთებს ტარიელისა და ავთანდილის ამ განშორებას: ლექსთა მკითხველო, შენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია! გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?! მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია, ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია. დილით ავთანდილი ასმათს გამოეთხოვა, ტარიელმა კი მთელი დღე მასთან იარა და ზღვის პირამდე მიაცილა. ავთანდილმა თხოვა, ფრიდონის გზა ესწავლებინა, რათა მისგან დაეწყო ნესტანის კვალის ძებნა. იმ ღამით ერთად იყვნენ. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა, სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთგან იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა. ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა. ცისკრისას ადგნენ, ერთმანეთს გადაეხვივნენ და გამოემშვიდობნენ.