წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისასა

ეს თავი იწყება სტროფით, რომელიც თავისთავად, პოემის გარეშეც, ლირიკული პოეზიის ჭეშმარიტ შედევრს წარმოადგენს. ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა? ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი, სადათ ძირსა?! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა. აქ, უეჭველია, რუსთველი თავის თავზე, თავის განცდებზე ლაპარაკობს. შესაძლოა, იგი ამ დროს არაა საქართველოში, - შეიძლება მოგზაურობს, შეიძლება რაღაც სახელმწიფო დავალებითაა წასული, შეიძლება განდევნილია... მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მასში აშკარად ჩანს პოეტის საკუთარი გულისტკივილი, მისი დამოკიდებულება ცხოვრებასთან, მის თანამედროვე საზოგადოებასთან. შოთა რუსთველი გენიოსი იყო, ხოლო გენიოსთა ცხოვრება თითქმის ყოველთვის განსაკუთრებულია, - ან გაღმერთება, ან შერისხვა, ან ორივე ერთად, - აი, ხშირ შემთხვევაში გენიოსის ხვედრი, მისი თანამედროვე საზოგადოებიდან მიღებული. ახლა გავყვეთ ავთანდილს და ვნახოთ, სად მიჰყავს იგი „სოფელს“, ბედს, განგებას. მიდის ავთანდილი ნესტანის საძებრად და იგონებს თავის მიჯნურს. იგი კოსმიურ სამყაროს, კოსმიურ ძალებს თხოვს დახმარებას, რათა მიჯნურმა არ გასწიროს, მას ისევ შეჰყაროს. ეს არის გასაოცარი ღაღადისი ლამის მთელი სამყაროს მიმართ. პირველად იგი მზეს ევედრება: მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: „აჰა, მზეო, გეაჯები შენ უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!“ შემდეგ ავთანდილი მიმართავს ზუალს, ანუ თანამედროვე დასახელებით - პლანეტა სატურნს: „მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემომყარე კაეშანი, ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა, მას უთხარ, თუ: „ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა“. შემდეგ ავთანდილი ევედრება მუშთარს, ანუ პლანეტა იუპიტერს: „ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?“ შემდეგ ავთანდილი მიმართავა მარიხს, ანუ პლანეტა მარსს: „მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენით-ა.“ ავთანდილის შემდეგი ვედრება მიმართულია ასპიროზისადმი, ანუ პლანეტა ვენერასადმი: „მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა, შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.“ შემდეგ ავთანდილი მიმართავს ოტარიდს, ანუ პლანეტა მერკურს: „ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა: მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა, დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა ჩემსა, ვითა თმასა.“ მნათობებისადმი ვედრებას ავთანდილი ამთავრებს მთვარისადმი მიმართვით: „მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები, მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ რაგვარ ვბნდები, მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.“ ზემოთმოყვანილი სტროფებიდან კარგად ჩანს რუსთველის დიდი განსწავლულობა ასტრონომიაში. უფრო მეტიც, ცნობილი მეცნიერი, ასტრონომი გიორგი თევზაძე ასაბუთებს, რომ რუსთველმა ასტრონომიაში იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე იმ დროს იყო ცნობილი. აი, რას სწერს იგი: „ვეფხისტყაოსანში“ მოცემული ყოველი ასტრალური მოვლენა აღწერილია დეტალურად და შეუცდომლად, სწორედ იმგვარი თანმიმდევრობით, როგორადაც სინამდვილეში მიმდინარეობენ ეს მოვლენები; ამავე დროს პოემაში ნაჩვენებია ციური მოვლენების ისეთი სფეციფიკური დეტალები, რომელთა ცოდნაც მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს თუ შეიძლებოდა ჰქონოდა. გარდა ამისა, „ვეფხისტყაოსანში“ ვლინდება ბუნების მოვლენათა არსის ისეთი ღრმა ცოდნა, რომ მის ავტორს უთუოდ თვით უნდა ეწარმოებინა უშუალო დაკვირვებები ამ მოვლენებზე. და ბოლოს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ „ვეფხისტყაოსანში“ ვხვდებით და სხვაგან არსად სამყაროს აგებულების ამ ორიგინალურ გეო-ჰელიოცენტრულ სისტემას, მაშინ ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვიწამოთ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შემქმნელი ამ დიდი ასტრონომიული მიღწევების ავტორადაც მივიჩნიოთ. ამგვარად, რუსთველი გვესახება არა მარტო შეუდარებელ მხატვრად, არამედ ისეთ ბუმბერაზ მეცნიერადაც, რომლის ბადალი თოთხმეტი საუკუნის მანძილზე კაცობრიობის ისტორიამ არ იცის.“ აქ ნახსენებ თოთხმეტ საუკუნეში იგულისხმება პერიოდი მე-2 საუკუნიდან მე-16 საუკუნემდე. მე-2 საუკუნეში პტოლომეოსმა შექმნა გეოცენტრული სისტემა, რომლის მიხედვითაც ცენტრი დედამიწაა, რომლის ირგვლივ ბრუნავენ მზე და დანარჩენი პლანეტები. ეს შეხედულება დამკვიდრებული იყო მე-16 საუკუნემდე, როდესაც კოპერნიკმა შექმნა ჰელიოცენტრული სისტემა, რომლის მიხედვითაც ცენტრია მზე, მზის ირგვლივ კი ბრუნავენ დედამიწა და სხვა პლანეტები. ამ სისტემის ჩამოყალიბებიდან 50 წლის შემდეგ მეცნიერმა ტიხო დე ბრაჰემ ერთმანეთს შეუხამა პტოლომეუსის და კოპერნიკის სისტემები და შექმნა გეო-ჰელიოცენტრული სისტემა, რომლის მიხედვითაც დედამიწის ირგვლივ მოძრაობს მთვარე, დანარჩენი პლანეტები მოძრაობენ მზის ირგვლივ, ხოლო მზე, მის ირგვლივ მოძრავ პლანეტებთან ერთად ბრუნავს დედამიწის გარშემო. აი, სწორედ ეს სისტემაა დადასტურებული 400 წლით ადრე დაწერილ „ვეფხისტყაოსანში“. ამის შესახებ კი შეგიძლიათ წაიკითხოთ გიორგი თევზაძის წიგნში „რუსთაველის კოსმოლოგია“. ახლა თავი დავანებოთ ასტრონომიას და ისევ ავთანდილთან დავბრუნდეთ. ავთანდილის ვედრება ციური მნათობებისადმი იწყება სტროფით, რომლის პირველი ტაეპი ასეთია: „მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა“, ეი. მზეს ესაუბრება, ელაპარაკებაო. მაგრამ ციურ მნათობებთან „საუბარი“ ისეთი ბრწყინვალე მხატვრული ოსტატობით აქვს გადმოცემული პოეტს, რომ აღარ გვიკვირს, როდესაც ამ ვედრებას პოეტი ბულბულის მღერას უწოდებს, თანაც ისე ტკბილს, რომ მის ხმასთან შედარებით ბულბულის სტვენა ბუს კივილს ჰგავდა. მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა. ასეთ ღიმილიან, იუმორნარევ შედარებებს რუსთველი ძალიან ხშირად იყენებს. ავთანდილის „მღერის“ სასმენად ტყიდან მხეცები გამოვიდნენ, წყლიდან კი ქვები: რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან, მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან, ისმენდიან გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან, იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.