რას ვგებულობთ „ვეფხისტყაოსნის“ შესავალში

„ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისი, როგორც ჩანს, პოემის დასრულების შემდეგაა დაწერილი. ე.ი. შოთა რუსთველს ჯერ პოემა დაუწერია, შემდეგ კი მისთვის შესავალი დაურთავს. ეს იქიდან ჩანს, რომ შესავალში რუსთველი თავის პოემას უკვე დაწერილად იხსენიებს. მართლა ასეა თუ არა, ეს ჩვენი განსასჯელი არაა. ფაქტი ისაა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ შესავლით იწყება და ჩვენც მის კითხვას შევუდგეთ. ჯერ პირველ სტროფს გავეცნოთ: რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. დავუკვირდეთ დასაწყის ფრაზას: „რომელმან შექმნა სამყარო“. შენ კარგად იცი, ვინც შექმნა სამყარო. იგი შექმნა ღმერთმა. ეს, ალბათ, ბევრჯერ მოგისმენია. ე.ი. ფრაზაში „რომელმან შექმნა სამყარო“ იგულისხმება ღმერთი. შენ შეიძლება წარმოგეშვას კითხვა, - თუ ამ ფრაზაში ღმერთი იგულისხმება, რატომ არ არის ის პირდაპირ ნახსენებიო. მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. გავიხსენოთ თუნდაც მთავარი ლოცვა იგივე ღმერთის მიმართ, რომელიც, ალბათ, შენც კარგად იცი: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“. ამ ფრაზაშიც, ცხადია, ღმერთი იგულისხმება, თუმცა სიტყვა „ღმერთი“ არც აქაა ნახსენები. პირდაპირ მოუხსენებლობის შემთხვევებს სხვა ობიექტის მიმართაც ხშირად შევხვდებით პოემაში. შენ, ალბათ, ისიც გაგიგია, რომ ქრისტიანული ღმერთი იწოდება, როგორც „სამება-ერთარსება“. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანული ღმერთი ერთ არსებაში შერწყმულ სამ პირს წარმოადგენს. ეს პირებია: მამა ღმერთი, ძე ღმერთი (ანუ იესო ქრისტე) და სულიწმინდა. აი, სწორედ ამ სამი პირის შესახებაა ლაპარაკი პირველი სტროფის პირველ და მეორე სტრიქონებში: რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა. როგორც ზემოთ ვთქვით, ფრაზაში „რომელმან შექმნა სამყარო“ იგულისხმება ღმერთი, ანუ ქრისტიანული „სამება-ერთარსების“ პირველი პირი - მამა ღმერთი. მომდევნო ფრაზაში - „ძალითა მით ძლიერითა“ იგულისხმება „სამება-ერთარსების“ მეორე პირი - ძე ღმერთი, ანუ იესო ქრისტე. აქაც იგი პირდაპირ არაა ნახსენები (ისევე, როგორც მამა ღმერთის შემთხვევაში), მაგრამ ქრისტიანული მოძღვრება გვასწავლის, რომ მამა ღმერთმა სამყარო თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით შექმნა. ქრისტიანულ ლიტერატურაში იესო ქრისტე მოიხსენიება, როგორც „ღმრთისა ძალი“. მაშ, სტრიქონი „რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“, ნიშნავს: მამა ღმერთმა შექმნა სამყარო თავისი ძლიერი ძალის, იესო ქრისტეს მეშვეობით. მომდევნო სტრიქონში - „ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა“ - ნაგულისხმევია სამება-ერთარსების მესამე პირი - სულიწმინდა, რომელიც ზეცით მონაბერი სულია და რომლის მეშვეობითაც მამა ღმერთმა სამყაროსთან ერთად „ზეგარდმო არსნი“ შექმნა. როგორც ხედავ, დასაწყის სტრიქონებში პირდაპირ არც მამა ღმერთია ნახსენები, არც ძე ღმერთი და არც სულიწმინდა, მაგრამ აქ რომ მართლაც სამება-ერთარსების სამივე პირი იგულისხმება, ეს ძველ ქრისტიანულ ლიტერატურაზე დაყრდნობით დაადგინა ცნობილმა მეცნიერმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ. ახლა განვიხილოთ მომდევნო სტრიქონი, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“. ეს სტრიქონი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. პოემის პირველივე სტროფში ღმერთის ხსენების შემდეგ რომ სწორედ ეს სტრიქონია, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ მასში გამოხატული აზრი რუსთველისათვის ღმერთის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას წარმოადგენს. როდესაც „უთვალავი ფერის“ მქონე ქვეყანაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ მაინც და მაინც ნაირფერი ვარდ-ყვავილებით მოფენილი მინდორ-ველი. ქვეყანა რომ „უთვალავი ფერისაა“, ეს ნიშნავს, რომ ამქვეყნად ყოველივე არსებული - ადამიანი, ნივთი თუ მოვლენა, - არ არის და არც შეიძლება იყოს ერთი „ფერის“ მქონე - მხოლოდ „შავი“, ან მხოლოდ „თეთრი“, მხოლოდ ბოროტი, ან მხოლოდ კეთილი, მხოლოდ ცუდი, ან მხოლოდ კარგი, და ყველაფერი, რაც კი ამქვეყნად არსებობს, ამ „ფერთა“ ნაზავს, ერთობლიობას წარმოადგენს. და ეს ღმერთის მიერაა შექმნილი და დადგენილი. თუ ამას კარგად გავაცნობიერებთ, ჩვენს ირგვლივ არსებულ რეალობას, რომელიც, ვიმეორებ, ღმერთის მიერაა შექმნილი და დადგენილი, უფრო ბრძნულად, უფრო შემწყნარებლურად, უფრო გამგებიანად, უფრო მოთმინებით აღვიქვამთ; საკუთარ თავსაც უფრო რეალისტურად შევაფასებთ; დავრწმუნდებით, რომ ჩვენ, ყველანი, მეტნაკლებ ღირსებათა და მეტნაკლებ ნაკლოვანებათა მფლობელნი ვართ; ერთმანეთს აღარ მივიჩნევთ ან ძალიან კარგ, ან ძალიან ცუდ ადამიანებად; უფრო მიმტევებელნი გავხდებით ერთმანეთის მიმართ; უფრო კარგად გავითავისებთ ერთ-ერთ მთავარ ქრისტიანულ მცნებას - „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“; უფრო ყურადღებით გავითვალისწინებთ ღვთიურ შეგონებას სხვის თვალში ბეწვის შემჩნევისა და საკუთარში დვირის ვერდანახვის შესახებ. ერთი სიტყვით, ამ ქვეყანას აღვიქვამთ და მივიღებთ ისეთს, როგორც ის ღმერთმა შექმნა და მოგვცა. და ეს იქნება ჩვენი ღვთითბოძებული ადამიანური ბედნიერების მთავარი საფუძველი, აღარ გავიმწარებთ რა სიცოცხლეს ამაო შფოთვით, და ჩვენს გარემომცველ სამყაროსთან (ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჩათვლით) სრულიად ასატან და ნორმალურ ურთიერთობას დავამყარებთ. თუ ეს არ გავაცნობიერეთ, გამოდის, რომ ჩვენ ღმერთი არა გვწამს, ან - რადგან ეს ქვეყანა ღმერთმა სწორედ ასეთად შექმნა - ჩვენ ღმერთს უსამართლოდ, ბოროტად მივიჩნევთ. ყოველივე ამისგან კი, როგორც იტყვიან, ღმერთმა დაგვიფაროს! აი, რატომ გვაწვდის ამ უდიდეს, მართლაც ღვთიურ ჭეშმარიტებას რუსთველი პირველ რიგში, ღმერთზე საუბრის შემდეგ. სწორედ ღმერთზე საუბრის შემდეგ! მეოთხე სტრიქონში - „მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა“, - რუსთველი გვეუბნება, რომ ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანები თვით ღმერთის სახისანი არიან. ეს კი, როგორც იცი, ბიბლიაშიც ასე სწერია. როგორც ვხედავთ, პოემის პირველ სტროფში რუსთველმა სამყაროს შექმნის ზოგადი, ყოვლისმომცველი სურათი დაგვიხატა. სწორედ ამიტომ განვიხილეთ ეს სტროფი საკმაოდ დაწვრილებით. ახლა მეორე სტროფზე გადავიდეთ. პოემის ავტორი ყოვლისშემქმნელ ღმერთს სთხოვს მფარველობასა და ძალას სატანის დასაძლევად, მიჯნურობის სურვილის გაყოლას თვით სიკვდილამდე. აქ რუსთველი პირველად ახსენებს სიტყვას „მიჯნურობა“. როგორც ქვემოთ ვნახავთ, მიჯნურობა ქალ-ვაჟური სიყვარულის უმაღლესი სახეა. პოეტი ღმერთს აგრეთვე ცოდვათა შემსუბუქებას, მიტევებას თხოვს. როგორც ვხედავთ, ამ სტროფში რუსთველი ლაპარაკობს ყოველივე იმაზე, რაც ღმერთისაგან შეუძლია მიიღოს ადამიანმა ჭეშმარიტი ბედნიერების მისაღწევად: ღვთის მფარველობა, სატანის ანუ ბოროტების დაძლევის ძალა, უმაღლესი ქალ-ვაჟური სიყვარული და ცოდვათა მიტევება. თუ პირველ სტროფში პოეტმა ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის ყოვლისმომცველი სურათი დაგვიხატა, მეორე სტროფში დაგვანახა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერების მიღწევაც მხოლოდ ღმერთის დახმარებით, მისი ნებითაა შესაძლებელი. სწორედ ესაა მიზეზი პოეტის გულმხურვალე ვედრებისა ღმერთის მიმართ. ახლა მომდევნო სტროფზე გადავიდეთ. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი სიკვდიდმდე გასატანისა, ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა. შენ ალბათ იცი, რომ რუსთველის დროს საქართველოში მეფობდა თამარი - სილამაზით, სიბრძნით, სათნოებითა და ღვთისმოსაობით სახელგანთქმული. მისი მეუღლე იყო დავით სოსლანი, რომელიც, მართალია, მეფედ ითვლებოდა, მაგრამ უფრო ფორმალურად, რადგან ნამდვილი მეფე გახლდათ თამარი. სწორედ დავით სოსლანი იგულისხმება ზემოთმოყვანილ სტროფში. „მეფისა მზის თამარის“ ლომი არის დავით სოსლანი. თუ რატომ არის მოხსენებული პირველად დავით სოსლანი, ხოლო შემდეგ ფაქტობრივად რანგით მასზე მაღლა მდგომი თამარი, ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს. ამჯერად ამას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. დავით სოსლანს რომ თამარის ლომი ეწოდება, ამან არ გაგაკვირვოს. პოემის ძირითად ტექსტშიც ასეა - პოემის მთავარ გმირებს ხან „მზე“ ეწოდებათ, ხან „მთვარე“, ხან „ლომი“. გავიხსენოთ, ლომი ცხოველთა მეფედ ითვლება. აქედან მოდის მეფის და მისი მემკვიდრეების შედარება ლომთან, ცხოველთა მეფესთან. ახლა განვიხილოთ სტროფები, რომლებიც მეფე თამარს ეძღვნება. თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლდათხეული, ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული, ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული. მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა, ბროლ-ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა. გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. . . . ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები, ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები. მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი ვის მორჩილებს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი, დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი, ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი. თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა; აჰა, გული გამიჯნურდა, მიხვდომია ველთა რბენა! მიაჯეთ ვინ: ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა. სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა. . . . ჩემი აწ სცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია; ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო, ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია. ამ სტროფებში ნათლად ჩანს, რომ რუსთველი ლაპარაკობს თავისი მიჯნურობის შესახებ მეფე თამარისადმი. თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს მიჯნურობა, ამის შესახებ ქვემოთ ვიმსჯელებთ. ჯერ კი განვმარტოთ, რას ნიშნავს ამ სტროფებში რამდენჯერმე ნახსენები სიტყვები - „ხელი“ და „ხელობა“, რადგან ამ სიტყვების სწორად გაგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „ვეფხისტყაოსანზე“ თანდართულ ლექსიკონებში ეს სიტყვები ასეა განმარტებული: „ხელი“ - გიჟი, შმაგი; „ხელობა“ - გიჟობა, შმაგობა. ამ განმარტებით გამოდის, რომ სტრიქონში - „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“, რუსთველი თავის თავზე ამბობს - ჩემს პოემას გიჟობით, შმაგობით ვწერო. ეს კი, ცხადია, ძნელი დასაჯერებელია. „ვეფხისტყაოსანი“ გიჟობით დაწერილი ნამდვილად არ არის, თუნდაც ეს სიტყვა სიმბოლური მნიშვნელობით გავიგოთ. ამიტომ ამ სიტყვებს სხვანაირადაც განმარტავენ. საქმე ისაა, რომ სიტყვა „ხელი“ იმდროინდელ წყაროებში თანამდებობასაც ნიშნავს. თუ ეს სიტყვა განსახილველ სტროფშიც თანამდებობას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ რუსთველი თავისი პოემის დაწერას რაღაც თანამდებობას უკავშირებს. მაგრამ ესეც არაბუნებრივი განმარტებაა. სინამდვილეში საქმე ცოტა სხვაგვარადაა. საქმე ისაა, რომ „ხელის“ განმარტება, როგორც გიჟისა, შმაგისა, ძალიან ზოგადია და საჭიროა მისი დაზუსტება. ეს სიტყვა „ვეფხისტყაოსანში“ სამგვარი კერძო მნიშვნელობითაა გამოყენებული: 1. შეშლილი, სულელი, ჭკუანაკლული; 2. განრისხებული, გამწყრალი, გაგულისებული; 3. ძლიერი სულიერი მღელვარებით შეპყრობილი - ა) მიჯნურობის გამო; ბ) მეგობრობისა და თანაგრძნობის გამო; გ) მშვენიერებით, სილამაზით, სიმამაცით აღტაცების გამო. სხვათა შორის, „ხელის“ მე-2 მნიშვნელობა - განრისხებული, გამწყრალი, გაგულისებული - დღესაც არის შემორჩენილი. მაგალითად, „გაახელა“ ნიშნავს: გააბრაზა, გააღიზიანა. ახლა ისევ გავიხსენოთ ეს სტროფი: მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი ვის მორჩილებს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი, დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი, ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი. ამ სტროფში რუსთველი რადგან თავის მიჯნურობაზე ლაპარაკობს, ცხადია, სიტყვები „ხელი“ და „ხელობა“ აქ მე-3ა მნიშვნელობით უნდა გავიგოთ: ძლიერი სულიერი მღელვარებით შეპყრობილი მიჯნურობის გამო. ასე რომ, ეს სტროფი შემდეგნაირად უნდა განიმარტოს: მე, რუსთველი, მიჯნურობის გამო ძლიერი სულიერი მღელვარებით შეპყრობილი ვწერ ამ პოემას; ვისაც ჯარი მორჩილებს (ე.ი. მეფე თამარს), მისადმი მიჯნურობის გამო ვარ ძლიერი სულიერი მღელვარებით შეპყრობილი და მისთვის ვკვდები; დავუძლურდი მიჯნურობისაგან განცდილი ტანჯვის გამო, მაგრამ განსაკურნებელი წამალი არსადაა, რათა ან განვიკურნო, ან მოვკვდე. როგორც ვხედავთ, ამ სტროფში გამიჯნურებული ადამიანის (ამ შემთხვევაში რუსთველის) სრულიად ბუნებრივი და მართალი განწყობაა გადმოცემული. (შეადარე სხვა განმარტებები: მე, რუსთველი, სიგიჟით ვწერ ამ პოემას; ან - თანამდებობის გამო ვწერ ამ პოემას). ამგვარად, სრულიად ცხადია, რომ ზემოთმოყვანილ ექვსივე სტროფში რუსთველი თავის მიჯნურობაზე ლაპარაკობს თამარისადმი: თამარია მისი ხელ-მქნელი; თამარს „სისხლისა ცრემლდათხეული“ უნდა ვაქებდეთ; დაუძლურებულია თამარისადმი მიჯნურობით; თამარისადმი მიჯნურობის გამო ველად არის გაჭრილი; თამარია მისი სიცოცხლე; თამარი მისადმი, როგორც მიჯნურისადმი, ჯიქივით შეუბრალებელია. როგორც ქვემოთ ვნახავთ, რუსთველი აქ თავის მიჯნურობაზე ისეთივე სიტყვებით, ისეთივე განცდებით ლაპარაკობს, როგორც პოემის გმირების მიჯნურობაზე და მათ სამიჯნურო განცდებზე პოემის ძირითად ტექსტში. შენ შეიძლება გაგაკვირვოს შემდეგმა გარემოებამ (ეს, სხვათა შორის, ბევრს აკვირვებს): როდესაც რუსთველი ამ სტრიქონებს წერდა, იმ დროს თამარი უკვე დაქორწინებული იყო. აკი მისი ქმრის შესახებ რუსთველი მე-3 სტროფში ლაპარაკობს. მიუხედავად ამისა, პოეტი საქვეყნოდ აცხადებს, თამარზე გამიჯნურებული ვარო. როგორ უნდა აიხსნას ეს? საქმე ისაა, რომ რუსთველის დროს საქართველოში მეფე თამარისადმი მიჯნურობის საქვეყნოდ გამოცხადება არ ნიშნავდა იმას, რომ ეს მიჯნურობა ნამდვილი იყო. ასე მხოლოდ მეფე-ქალის განსადიდებლად, მისადმი უზენაესი თაყვანისცემის გამოსახატავად იქცეოდნენ. მეფე თამარისადმი მიჯნურობის განცხადების შემთხვევები ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებშიც არის დადასტურებული. მემატიანეები აღნიშნავენ, რომ მეფე თამარს ისეთი ადამიანებიც კი უმიჯნურდებოდნენ, რომლებსაც საერთოდ არც ენახათ თამარი. ამას, რა თქმა უნდა, თამარის ხოტბის, მისი განდიდების მიზნით აღნიშნავდნენ მემატიანეები. შენ, შეიძლება, გაგონილი გაქვს ხალხური გადმოცემები შოთა რუსთველისა და თამარ მეფის სიყვარულის შესახებ. ამ თქმულების წყარო, ალბათ, პოემის შესავლის ზემოთმოყვანილი სტროფებია. მაგრამ არც ისაა შეუძლებელი, რომ თავის დროზე, ვთქვათ, დაქორწინებამდე, შოთა მართლაც გამიჯნურებული ყოფილიყო თამარზე და ეს ხალხის მეხსიერებას შემოენახა. ამის დაშვება, რა თქმა უნდა, შეიძლება, რადგან „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი, როგორც მისი გვარიდანაც ჩანს, დიდგვაროვანი პიროვნება ყოფილა და მეფის კარზეც ალბათ ხშირად უხდებოდა ყოფნა. ამასთან, პოემის მიხედვით შოთა უაღრესად განსწავლული პიროვნება ყოფილა და არაა გამორიცხული, თუნდაც ამის გამო თამარს მისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიექცია. ამის გათვალისწინებით არც ისაა გამორიცხული, რომ შოთა მართლაც გამიჯნურებოდა თამარს. მაგრამ ეს რომ ასეც ყოფილიყო, შოთა რუსთველი ამ მიჯნურობას ნამდვილად არ გააცხადებდა საქვეყნოდ, პოემის ფურცლებზე (მით უფრო, რომ თამარი უკვე დაქორწინებული იყო დავით სოსლანზე), რომ არა ის წესი, რომელიც მიღებული ყოფილა იმ დროს. ეს წესი იყო მეფე თამარის განსადიდებლად, მის მიმართ უსაზღვრო თაყვანისცემის გამოსახატავად მისადმი მიჯნურობის საქვეყნოდ გამოცხადება. ზემოთმოყვანილ სტროფებში, სადაც რუსთველი თავის მიჯნურობაზე ლაპარაკობს თამარისადმი, ძალიან საყურადღებოა ერთი სტრიქონი: „მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია“. ამ სტრიქონის მიხედვით, პოემის ავტორს თამარი პოემის რომელიღაც პერსონაჟ ქალში ჰყავს შეფარვით ნაგულისხმევი. როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეს მართლაც ასეა. ამასთან, „შეფარვის“ ხერხის გამოყენების შემთხვევები მსოფლიო ლიტერატურაშიც მრავლად არსებობს. თუ რა საჭიროებამ გამოიწვია თამარის სახელის „შეფარვა“ პოემაში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო საკითხია. ამ საკითხს ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ, ახლა კი ამ სტრიქონის გათვალისწინებით ისევ რუსთველის მიჯნურობას დავუბრუნდეთ თამარისადმი. ყურადღება მივაქციოთ ერთ ფაქტს: რუსთველი მიჯნურობაზე ისე ღრმად, ისე ბუნებრივად, ისე დამაჯერებლად ლაპარაკობს, რომ სრულიად აშკარაა, მას თავად განუცდია ეს უზენაესი გრძნობა, სიყვარულის სახმილი და სიხარული. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ რუსთველი გამიჯნურებული ყოფილა ან პოემის წერის დროს, ან მანამდე. ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო მისი ნამდვილი მიჯნურობის ობიექტი, მხოლოდ ის ვიცით, რომ თავად პოეტი ლაპარაკობს კონკრეტულად თამარისადმი თავის მიჯნურობაზე. ლოგიკურად ისმება კითხვა: იქნებ რუსთველის მიერ თამარისადმი გაცხადებული მიჯნურობა მართლაც ნამდვილია, ოღონდ ამოფარებული იმ დროისათვის ოფიციალურად მიღებულ წესს მეფე-ქალის განდიდების, თაყვანისცემის მიზნით მისადმი მიჯნურობის საქვეყნოდ გაცხადების შესახებ? იქნებ რუსთველმა აქაც „შეფარვით თქმის“ მეთოდი გამოიყენა?.. მოდით, ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვოთ და გავაგრძელოთ „ვეფხისტყაოსანის“ ტექსტის გაცნობა. მაშ ასე: რუსთველი ჯერ ღმერთზე ლაპარაკობს, შემდეგ თამარ მეფის „ლომზე“, ანუ დავით სოსლანზე, შემდეგ კი თვით თამარ მეფეზე. ამის შემდეგ პოეტი ახსენებს თავისი პოემის მთავარ გმირებს - ტარიელს და მის მეგობრებს - სამ „მნათობს“. თავის პოემას იგი „წყობილ მარგალიტს“ უწოდებს. „ვეფხისტყაოსანი“ მართლაც წყობილი მარგალიტია, მისი შემქმნელი კი - ლექსის უდიდესი, განუმეორებელი ოსტატი. სწორედ ლექსის წერის ოსტატობაზე მსჯელობს პოეტი პოემის შესავლის რამდენიმე სტროფში (12-17). ამ სტროფების შინაარსი საკმაოდ ადვილი გასაგებია, ამიტომ მათზე აღარ შევჩერდები. შემდეგ პოეტი მსჯელობს მიჯნურობის შესახებ. რამდენადაც თვით პოემა მიჯნურობას ეხება, შესავლის ეს ნაწილი განსაკუთრებით საინტერესოა. განვიხილოთ შესავლის ამ ნაწილის პირველი ორი სტროფი: ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა, იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა! მას ერთსა მიყნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან; ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან, მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან. ტრადიციული გაგებით, პოეტი ამ სტროფებში ახსენებს ზეციური გვარტომობის მქონე მიჯნურობას, მაგრამ მას ემიჯნება და ამბობს, რომ მან პოემაში ასახა ამქვეყნიური ხორციელი მიჯნურობა - „ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან, რომელიც თუკი სიძვაში არ გადადის, ზეციურ მიჯნურობას ჰბაძავს. სხვადასხვაგვარად განმარტავენ პირველ სტრიქონს - „ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა“: ა) ზოგის აზრით, აქ ლაპარაკია ქრისტიანულ საღმრთო სიყვარულზე. ეკლესიაში თუ დადიხარ, იქ, ალბათ, ხშირად გაიგონებდი, რომ ღმერთი იგივე სიყვარულია. აი, სწორედ ამ სიყვარულზეა თითქოს ლაპარაკი ზემოთმოყვანილ სტრიქონში. ბ) ზოგი აქ მიჯნურობის ზეციურ იდეას ხედავს, დიდი ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის მოძღვრების საფუძველზე. ამ მოძღვრების თანახმად, დედამიწაზე ყოველივე არსებულს შეესაბამება ზეციური იდეები. სხვანაირად რომ ვთქვათ, ზეციური იდეების ანარეკლებს, ბაძვას წარმოადგენს ყოველივე, რაც კი დედამიწაზე არსებობს. განსახილველ სტრიქონშიც თითქოს ამაზეა ლაპარაკი, - რომ ამქვეყნიური მიჯნურობა არის მიჯნურობის ზეციური იდეის ანარეკლი, მიბაძვა. მე კი მგონია, რომ არც ერთი ეს შეხედულება არაა მართებული. მე სხვანაირ ახსნას შემოგთავაზებ, იქნებ შენც დამეთანხმო. სანამ ვიმსჯელებდეთ იმაზე, თუ როგორი მიჯნურობა იგულისხმება პირველ სტრიქონში, ჯერ ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა პოემის გმირთა მიჯნურობა დავინახოთ სტრიქონებში: „ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან, მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან“. ტრადიციული გაგებით, „ხელობანი ქვენანი“ ნიშნავს პოემის გმირთა მიჯნურობას, რომელიც ზეციურ მიჯნურობას ჰბაძავს მაშინ, როდესაც სიძვაში არ გადადის. „სიძვა“, ალბათ, იცი, რაც არის - სქესობრივი გარყვნილება, მრუშობა. გამოდის, რომ პოემის გმირი მიჯნურები ზოგჯერ ზეციურ მიჯნურობას ჰბაძავენ, ზოგჯერ კი სიძვას ეწევიან, მრუშობენ. მაგრამ ყოვლად შეუძლებელია, რუსთველს თავის საყვარელ გმირებზე ასეთი რამ ეთქვა. ამდენად, ყოვლად შეუძლებელია, „ქვენა ხელობა“ პოემის გმირთა მიჯნურობას ნიშნავდეს. რჩება ერთადერთი ვარიანტი (სხვათა შორის, სრულიად ბუნებრივი) - პოემის გმირთა მიჯნურობის შესახებ რუსთველი ლაპარაკობს თავიდანვე, მიჯნურობაზე მსჯელობის დაწყებისთანავე. ამ სტრიქონში, „ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა“. სიტყვებს შორის - „მიჯნურობა“ და „პირველი“ ცნობილმა რუსთველოლოგმა ნოდარ ნათაძემ ჩაამატა ტირე, რადგან, მისი უდაოდ სწორი თვალსაზრისით, აქ მოცემულია მიჯნურობის განმარტება - „პირველი და ტომი გვართა ზენათა“, ანუ სტრიქონი ასეთი სახის უნდა იყოს: „ვთქვა მიჯნურობა - პირველი და ტომი გვართა ზენათა“. ამ მიჯნურობას რუსთველი უსაზღვრო ხოტბას ასხამს და მას ზეციურს უწოდებს. ანალოგიურ უსაზღვრო ხოტბას რუსთველი პოემის გმირებსაც ასხამს, რომელთაც ხან „მზეს“ უწოდებს, ხან „მთვარეს“, ხან „მნათობს“. ამგვარად, რუსთველი ქალ-ვაჟური სიყვარულის სამგვარ სახეობაზე ლაპარაკობს. ეს სახეობებია: 1. მიჯნურობა; 2. „ქვენა ხელობა“; 3. სიძვა. „ქვენა ხელობა“ მიჯნურობასა და სიძვას შორის დგას, იგი ქალ-ვაჟური სიყვარულის შუალედური სახეა. გავიხსენოთ „ხელის“, „ხელობის“ მნიშვნელობა: ძლიერი სულიერი მღელვარებით შეპყრობილი მიჯნურობის გამო. რუსთველმა ამ სიტყვას „ქვენა“ დაუმატა, რითაც აღნიშნა დაბალი სიყვარულის სახეობა, ერთის მხრივ, - მიჯნურობისაგან, მეორეს მხრივ, - სიძვისაგან განსხვავებული. მიჯნურობისადმი მიძღვნილი დანარჩენი, მომდევნო სტროფები შედარებით ადვილი გასაგებია და, ვფიქრობ, მათი განმარტება აუცილებელი არაა. მათში რუსთველი მიჯნუ- რობის დამახასიათებელ თვისებებს აღგვიწერს და შენ კარგად დაინახავ, თუ რატომ არის მიჯნურობა ქალ-ვაჟური სიყვარულის უმაღლესი, „ზეციური“ სახე. მაშ ასე, ჩვენ ერთად განვიხილეთ „ვეფხისტყაოსანის“ შესავალი. ახლა კი გადავიდეთ პოემის ძირითად ტექსტზე, რომელიც ჩვენ გვაზიარებს უმაღლესი ქალ-ვაჟური სიყვარულის, უერთგულესი მეგობრობისა და უკეთილშობილესი რაინდობის ლამაზ ამბავს.