წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა

პირ-მზე წერს: „აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო! მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო? მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო. აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები, ერთსა მცავს მთელი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები, ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!“ ნესტანი ფატმანს თხოვს, არავინ დაუწყოს ძებნა, რადგან ამით არაფერი გამოვა. იგი თავის თავზე ნაკლებად ფიქრობს, იგი მხოლოდ თავის მიჯნურზე დარდობს, რომელიც შეიძლება მისი გამოხსნის მცდელობას შეეწიროს. „მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა, ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა, არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.“ ნესტანი ფატმანის თხოვნას ასრულებს და ტარიელისთვის ნიშნად უგზავნის მისგან მოძღვნილი რიდის ერთ ნაჭერს. „გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია; ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია, თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია.“