წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი

მიჯნურისათვის გაგზავნილი წერილი ყოველთვის უდიდესი ემოციური მუხტის მატარებელია, მით უფრო, თუ მიჯნურები რაიმე განსაცდელის წინაშე დგანან. ამ თვალსაზრისით ნესტან-დარეჯანის წერილის ბადალი, ალბათ, მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათობას წარმოადგენს. ეს არის უკიდეგანო სასიყვარულო ემოციის, უდიდესი სიბრძნის, მიჯნურისადმი უზომო ერთგულებისა და თავდადების სასწაულებრივი ნაზავი, რა თქმა უნდა, გენიალური პოეტის ჯადოსნური კალმით შესრულებული. წერილს ნესტანი ნაღვლიანი სიმშვიდით იწყებს: „ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი - ნავღელსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები; გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!“ ამ ნაღვლიანი სიმშვიდის შემდეგ მომდევნო სტროფი წამსვე მძაფრი ტრაგიზმით იმუხტება: „ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია! რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია; უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!“ ტრაგიზმი თანდათან ძლიერდება, იგი თითქოს რაღაც დიდებულ კულმინაციამდეა აღზევებული: „ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან? ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ, რა ქმნას უშენომან გულმან, შენგან დალახვრულმან! გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.“ ამ სტროფის შესახებ ცნობილი მეცნიერი მოსე გოგიბერიძე წერს: „კითხულობ ამ ტაეპს და არ იცი, რა თქვა და რა ადიდო: კონტრაპუნქტით შესრულებული მუსიკა ლექსისა, სიბრძნე ბედისწერის გამგებელი გონებისა, უმტკიცესი სიყვარულით დამწვარი გული, თუ საზღვართან მისული გულწრფელობა შეყვარებულისა!“ მომდევნო სტროფებში თითქოს საშინელ განსაცდელში ჩავარდნილი შეყვარებული ქალის სევდიან თვალებს ვხედავთ წერილზე დახრილს: „შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე, ჩემი მეთქვა გარდასრულად სიცოცხლე და ყოვლი ღონე, აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე, ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად! მომიგონებდი, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად. ვზი მზრდელად სიყვარულისა მის, ჩემგან დანერგულისად.“ მომდევნო სტროფებში ნესტანი თავის ტანჯულ ყოფას აღწერს და ტარიელს ემუდარება, მის გამოხსნას არ შეეცადოს და ამით სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაიგდოს. აქ ნესტანი უძლიერესი ნებისყოფის ქალად წარმოგვიდგება, რომელსაც თავისი გულისმიერი განცდები გონებისმიერი განსჯისათვის დაუმორჩილებია: „სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების! აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალ-გვართა, კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა, ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა! ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შებმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან. ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა! ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა; შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა; მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!“ ნესტანი ნებისყოფის ამ უდიდეს დაძაბვას თითქოს ვეღარ უძლებს და იგი კვლავ ცრემლებად იღვრება: „შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა, ჩემი სთქვა: სხვათა მიჰხვდაო იგი ალვისა ტანითა. არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა, ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა. შენმან მზემან, უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი. შენმან მზემან, ვერვის მიჰხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი! აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი. სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.“ მომდევნო სტროფები ნესტანის გონებისმიერი და გულისმიერი განსჯის ერთმანეთში შერწყმაა თითქოს. იგი ლაპარაკობს თავის იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, სადაც ის შეხვდება ტარიელს და მწარე სიცოცხლე ტკბილი სიკვდილით შეეცვლება: „ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა; მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივჰხდე მას ჩემსა ნდომასა, დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა. მზე უშენოდ ვერ იქმნების, რათგან შენ ხარ მისი წილი, განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მადვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი, თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი! მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა, მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა, მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა; ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა!“ ნესტანმა „გონებით“ იცის ასტროლოგიური თვალსაზრისი, რომ სიკვდილის შემდეგ, როცა ის დღეთა და ღამით „მზისა ელვათა კრთომას“ იხილავს სიკვდილის შემდეგ, იგი იხილავს ტარიელსაც, რადგან იგი „ლომია“, ხოლო ლომის „ეტლს“ (ანუ ზოდიაქოს, ანუ თანავარსკვლავედს) მზე აუცილებლად ეწვევა. (ასტროლოგიური თვალსაზრისი ეყრდნობა 12 თვის განმავლობაში მზის „გავლას“ 12 თანავარსკვლავედში, რომელთაგან ერთი ლომის თანავარსკვლავედია. ეს თანავარსკვლავედებია: ვერძი, კურო, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი, თხის რქა, მერწყული და თევზები). ნესტანი არ არის გულის, გრძნობების მონა. იგი ამ უმძაფრესი განცდების დროსაც კი არ ივიწყებს თავის სამშობლოს - ინდოეთს, თავის მშობლებს, და ტარიელს მოუწოდებს, მათ დაეხმაროს, მათ მიხედოს: „წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა!“ წერილის ბოლო ორ სტროფში ნესტანი თითქოს ბედს შერიგებული ჩანს, მაგრამ მას მაინც ბედს შეურიგალ მტკიცე ნებისყოფის ქალად აღვიქვამთ: „რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად, ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად. შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად, ვირე ცოცხალ ვარ, მეყოფი სატირლად და სატკივარად. აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა! გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა, რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა.“ ნესტანის წერილში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ერთი სრულიად ჩვეულებრივი სიტყვის შესახებ. ესაა „ჩემო“. რუსთველის ჯადოსნური კალამი ამ სიტყვას ისეთ ელვარებას ანიჭებს, რომ ყოვლად შეუძლებლად გვეჩვენება, მის მაგივრად სხვა სიტყვა ყოფილიყო გამოყენებული, თუნდაც „საყვარელო“, „ძვირფასო“ და ა.შ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს სტრიქონები: „ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები.“ . . . „ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!“ . . . „ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან?“ . . . „სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების.“ . . . „ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა.“ . . . „ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა!“ . . . „გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა.“ ნესტანმა წერილი და თავისი თავსაბურავიდან მოკვეთილი ნაწილი ტარიელისთვის გასაგზავნად ფატმანის მონას მისცა, რომელიც ამჯერად უკვე „წამ-ერთ“ დაბრუნდა ფატმანთან, „დღე იარა არ-მრავალი“. ავთანდილმა ღმერთს მადლობა შესწირა საქმის ასე წარმართვისათვის, ფატმანს მხურვალე მადლობა გადაუხადა და წასასვლელად გაემზადა. „წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი, ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი.“ ფატმანს მისი წასვლა ფრიად დაუმძიმდა: ხათუნმან უთხრა: „ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების, მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების; ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების.“ ავთანდილმა ფრიდონის ყმებს მადლობა უთხრა გაწეული სამსახურისათვის, მეკობრეთაგან წართმეული ალაფი უბოძა მათ და ფრიდონთან წერილი გაატანა.