თათბირი ნურადინ-ფრიდონისა თათბირი ავთანდილისა თათბირი ტარიელისა

ამ სამივე თავს ერთად განვიხილავთ. მაგრამ სანამ შინაარსს მივყვებოდეთ, წინასწარ უნდა ვთქვათ შემდეგი: ქაჯეთის ციხის ასაღებად საბრძოლო გეგმის განხილვა უმნიშვნელოვანესი მომენტია პოემისა, რადგან პოემის გმირები მთავარი მიზნის – ნესტანის ქაჯთაგან გამოხსნის ამოცანის წინაშე დგანან. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა პოემის გმირებისათვის. ამ დროს მაქსიმალურად უნდა გამოვლინდეს მათი საბრძოლო და ინტელექტუალური ღირსებანი. და თუ ჩვენ პოემაში ვხედავთ მხატვრულად გარდასახულ საქართველოს ისტორიულ ყოფიერებას, აუცილებელია ეს მომენტიც ამ თვალსაზრისით გავიაზროთ, ე.ი. უნდა დავაკვირდეთ პოემის გმირების (ანუ ქართველი ადამიანების, ქართველი მებრძოლების) ხასიათის გამოვლინებებს მის წინაშე მდგარი სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანის გადაჭრისას. როგორც ქვემოთ ვნახავთ, პოემის ამ მომენტშიც ვლინდება ქართველი ადამიანის ის ხასიათი, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში და, გარკვეულწილად, საქართველოს ბედიც განსაზღვრა. მაშ, ჯერ გავეცნოთ, რა გეგმას სთავაზობს ფრიდონი თავის მეგობრებს ქაჯეთის ციხის ასაღებად. ფრიდონის თქმით, იგი უცდომელ გეგმას სთავაზობს თავის მეგობრებს. ჩვენ ცოტანი ვართო, ამბობს იგი, ქალაქის აღებას კი დიდი ძალები სჭირდება, პირისპირ ომში ვერაფერს გავხდებით, ხოლო თუ კარს დაგვიხშავენ, ათას წელსაც ვერ შევუვალთ. ამიტომ ასეთ ხერხს მივმართოთ: ყმაწვილობაში ჯამბაზობაში მწრთვნიდნენ, თვალის უსწრაფესად გავდიოდი თოკზე. მოდით, ერთ ბურჯზე თოკი შევტყორცნოთ და გამოვაბათ, მე მასზე ისე გავირბენ, როგორც მინდორზე, შიგ შევალ და იქ ყველას დავხოცავ, შემდეგ კარებს გავაღებ და თქვენც იქით წამოდით, სადაც ბრძოლის ხმა შემოგესმებათო. ავთანდილ უთხრა: „ჰე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან: ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან; სთათბირობ ძნელსა თათბირსა, მტერნი ივაგლახ-ივიან, მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან!“ თოკზე გასვლის დროს შენი აბჯრის ხმას გაიგონებენო, ეუბნება ავთანდილი, თოკს გადაჰკვეთენ და ვერაფერს მიაღწევ, ეგ გეგმა არ ვარგაო. ჩემი გეგმა კი ასეთია: თქვენ მოფარებულ ადგილას დაიმალეთ, მე კი ვაჭრულად შევიმოსები, ერთ ჯორზე იარაღს გადავკიდებ, ისინი ვაჭრებს თავისუფლად უშვებენ, მაგრამ სამივე ვერ შევალთ, რამეს იეჭვებენ, მე მარტო შევალ, იქ ფარულად ჩავიცვამ აბჯარს და შიგ სისხლის რუებს დავაყენებ, თქვენ კი გარედან შეუტიეთ კარებს, რომელთა კლიტეებს მე დავლეწავ და გავაღებო. ტარიელმა მეგობრებს უთხრა: მე ვიცი, რომ გმირთაგმირები ხართ, თქვენი გეგმები თქვენსავე ძალგულოვნებას შეეფერება, ვიცი, რომ ფიცხელი ბრძოლა გწადიათ, მაგრამ ჩემს მდგომარეობაშიც შედით: თქვენი ბრძოლის ხმაზე ჩემმა მიჯნურმა რომ გადმოიხედოს და მე ვერ დამინახოს, ეს ხომ ჩემი დიდი სირცხვილი იქნებაო. „მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა, ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა? თქვენ გქონდეთ ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.“ ამას სჯობს, გავინაწილოთ ას-ასი კაცი და გამთენიისას ერთდროულად შევუტიოთ, მათ ვემცრობით და შეგვებრძოლებიან, ჩვენ კი ჩვენი ხრმალის სიძლიერე ვანახოთ. ერთ-ერთი შევაღწევთ, დანარჩენები კი გარედან ვიბრძოლებთო. ტარიელს ყველა დაეთანხმა. გაიყვეს ას-ასი მეომარი და საბრძოლველად მოემზადნენ. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედა ზის ტანითა მით წერწეტითა; დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია: რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია. გამთენიისას ციხის კარებს მიადგნენ. შიგ მყოფებს უბრალო მგზავრები ეგონათ და უშფოთველოდ დახვდნენ, მაგრამ როცა დაინახეს, რომ ისინი საბრძოლველად იყვნენ მოსულნი, კარები გააღეს და იმედიანად შეებნენ. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა. ტარიელი მედგრად იბრძოდა. მისი შემხედვარე მტერი იარაღის კვრის გარეშეც ესალმებოდა სიცოცხლეს. მეციხოვნეები მთლიანად ამოწყვიტეს. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთგან შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლნი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს, თქვეს: „ტარიელ რა იქნაო?“ მისად ჭვრეტად თვალნი არნეს. ციხის კართან უთვალავი მკვდარი მეციხოვნე და დამსხვრეული ხრმალ-აბჯარი ნახეს და მიხვდნენ, რომ აქ ტარიელს გაევლო ბრძოლით. მიჰყვნენ კვალს და ნახეს, რომ ტარიელს უკვე დაეხსნა ნესტანი. გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, შვენის აკვრა თმასა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა. თითქოს თანამედროვე სასიყვარულო-საგმირო ფილმის კადრებს ვუყურებთ: მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი, კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთად პობილნი. ავთანდილი და ფრიდონი მათ მიეახლნენ და ნესტანს მიესალმნენ. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა. სამასი კაცისაგან მხოლოდ ასსამოცი დარჩენილიყო ცოცხალი. ფრიდონი წუხდა მათ გამო, მაგრამ გამარჯვება უხაროდა. უთვალავი განძი ჩაიგდეს ხელში და სამიათას ჯორ-აქლემს აჰკიდეს. სამოცი კაცი ციხის მცველად დასტოვეს და ზღვათა ქალაქისაკენ გამოსწიეს ფატმანის სანახავად და მისთვის სიკეთის სამაგიეროს მისაზღველად. ახლა, როცა ჩვენი გმირების მთავარი მიზანი აღსრულდა, სანამ დანარჩენი ამბავის თხრობას გავაგრძელებდეთ, მომხდარ ბრძოლასთან დაკავშირებით მცირეოდენი კომენტარი დქაჯეთის ციხის აღების წინ ჩვენმა გმირებმა თათბირი გამართეს და გამარჯვების მისაღწევი თავთავიანთი გეგმა გააცნეს ერთმანეთს. რამდენადაც „ვეფხისტყაოსანში“ საქართველოა „შეფარვით“ ასახული, ხოლო მისი გმირები ასევე „შეფარვით“ ქართველები არიან, ამიტომ ქაჯეთის ციხის აღებისათვის ჩვენი გმირების გეგმაშიც ქართული ხასიათი, ქართული საბრძოლო ეთიკა უნდა იყოს გამოხატული, რაც კარგად შენიშნა რუსთველოლოგმა გიორგი მჭედლიშვილმა. როგორც ზემოთ ვნახეთ, ტარიელმა ფრიდონისა და ავთანდილის გეგმები დაიწუნა იმ მოტივით, რომ ბრძოლის დაწყებისთანავე ის ბრძოლაში არ იქნებოდა ჩაბმული, და ნესტანს იგი უომრად რომ დაენახა, ამით მის თვალში ჩრდილი მიადგებოდა. „თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა? ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა“. ტარიელის ეს მოტივი ყველასთვის მისაღები აღმოჩნდა, რადგან საქმე ეხებოდა ტარიელის თავმოყვარეობას, მიჯნურის წინაშე შეურცხვენლობას. ქაჯეთის ციხის აღების ეპიზოდი რეალურ ცხოვრებაში რომ წარმოვიდგინოთ, ტარიელის გეგმის თანახმად შეიძლება დამარცხებულიყვნენ კიდეც ჩვენი გმირები, რადგან პირდაპირი იერიში უნდა მიეტანათ ციხეზე. საქმე მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და, რა თქმა უნდა, ჩვენმა გმირებმა გაიმარჯვეს, მაგრამ რუსთველი რეალისტი პოეტია და ამიტომაცაა, რომ ჩვენმა გმირებმა ძალზე დიდი დანაკლისი განიცადეს, რაც საგანგებოდ აღნიშნეს კიდეც, – მათ სამასი მეომრადან მხოლოდ ას სამოცი შემორჩათ. როგორც ვხედავთ, ტარიელის გეგმა განსაზღვრა მორალის, სახელის, თავმოყვარეობის ფაქტორმა და არა გამარჯვებისათვის საჭირო ხერხების გამოყენების აუცილებლობამ. როგორც რუსთველოლოგი გიორგი მჭედლიშვილი აღნიშნავს, ასეთი მოტივირება იმდროინდელი საქართველოს საბრძოლო პრაქტიკაშიც იყო დამკვიდრებული, რაც აშკარად გამოვლინდა უკიდურესი ძნელბედობის ჟამს, მონღოლთა ლაშქრობების ხანაში. მონღოლების წარმატებული ლაშქრობები ქვეყნების დასაპყრობლად მრავალმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ბრძოლის გარკვეულმა ხერხებმა, კერძოდ ხაფანგში მტრის შეტყუების მეთოდმა თვალთმაქცური უკანდახევის გზით. ამ მეთოდით დაუმარცხებიათ მათ ლაშა გიორგის ლაშქარიც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ხერხი ქართველებისათვის მაინც მიუღებელი აღმოჩენილა, რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა ქართველი ადამიანის რაინდულ ხასიათს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი ისტორიული ეპიზოდი. როდესაც საქართველოში მონღოლები გაბატონდნენ, ისინი ქართველ მეფეებს აიძულებდნენ მათ ლაშქრობებში ჯარით მიეღოთ მონაწილეობა და მონღოლთა სარდლობას დაქვემდებარებოდნენ. ერთ-ერთ ბრძოლაში ნოინის განკარგულებით ქართველებს მონღოლებთან ერთად უკან უნდა დაეხიათ, მაგრამ ქართველთა მეფეს განუცხადებია – ჩვენ, ქართველებს, წესად არა გვაქვს, ჩვენსკენ მომავალი მტერი ვიხილოთ და ზურგი შევაქციოთ, თუნდაც სიკვდილი მოგველოდესო. მონღოლებს გაჰკვირებიათ ასეთი პასუხი, გამწყრალან და მეფისთვის უთქვამთ – რას სჩადიხართ, როგორ ბედავთ აბაღას გარეშე მტერთან შებმასო; თქვენ, ქართველები, უმეცარნი ხართ და არ იცით ბრძოლის ხერხებიო. მონღოლებს ჯერ უთხოვიათ ქართველებისათვის, შემდეგ დამუქრებიან, მაგრამ ისინი მაინც მტრის მრავალრიცხოვანი ლაშქრის დასახვედრად დაწყობილან. მონღოლებს ქართველების თვითნებობა აბაღა ყაენისათვის უცნობებიათ. აბაღა ყაენი სასწრაფოდ გამომართულა ბრძოლის ველისაკენ და ქართველთა მეფისათვის საყვედური უთქვამს: მე ვიცი, რომ ქართველები მხნე და შმაგი მებრძოლები ხართ, მაგრამ ასეთი რამ რომელიმე ნოინს რომ ჩაედინა, სიკვდილით დავსჯიდი, მაგრამ არ გადანაშაულებთ, რადგან არ იცით ჩვენი წესები; ახლა იქ დადექით, სადაც გიბრძანებთო. ამის პასუხად „მეფე გარდახდა ცხენისაგან, თაყუანისცა და ჰრქუა: დიდო ყაენო! არა არს ჩუეულება ქართველისა, რაითა მტერი იხილოს და ზურგი შემოაქციოსო“. როგორც ვხედავთ, ქართველ მეფესაც ამ ისტორიულ ეპიზოდში, და ტარიელსაც პოემის მიხედვით, თავმოყვარეობის დაცვა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე გამარჯვების მიზნით ბრძოლის არარაინდული, მაგრამ უფრო ეფექტური ხერხების გამოყენება. ქართველების მიერ ბრძოლის დროს რაინდული წესების ასეთი თავგამოდებული დაცვა რომ არა, როგორც გიორგი მჭედლიშვილი აღნიშნავს, შესაძლოა, საქართველოს ისტორიის განვითარებაც ნაკლებ კატასტროფულად წარმართულიყო. ა პატარა ისტორიული ექსკურსიც გავაკეოთ.