ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან

ფრიდონმა ტარიელსა და ნესტანს დიდი ქორწილი გადაუხადა, რომელიც რვა დღე გრძელდებოდა. ტარიელმა ფრიდონს სთხოვა, ავთანდილთან მოციქულობა გაეწია და მისთვის ტარიელის განზრახვა გადაეცა. ტარიელი მადლობას უხდიდა ავთანდილს გაწეული დიდი დახმარებისათვის და ახლა თავად სურდა, ავთანდილს დახმარებოდა: უთხარ: „ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა! ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა! თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა, არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა. აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები? ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები, ტკბილით სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა საომარები. თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები.“ საინტერესოა, რომ ტარიელი თავის სათქმელს თვითონ კი არ ეუბნება ავთანდილს, არამედ მასთან ფრიდონს აგზავნის. ესეც ზუსტი ფსიქოლოგიური დეტალია. საქმე ისაა, რომ ტარიელი ძალზე დაინტერესებულია იმით, რომ ავთანდილს სამაგიერო სიკეთე მიუზღოს, მაგრამ არ უნდა ავთანდილმა ამაში რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოს. მას კარგად ახსოვს, რომ ავთანდილმა კამათში ის ყოველთვის „დაჯაბნა“, რა თქმა უნდა, ტარიელის სასარგებლოდ. ახლაც ფრთხილობს, ისევ თავისი არ გაიტანოს ავთანდილმა და ამიტომ დასახმარებლად ფრიდონს უხმობს. მართლაც, ტარიელმა მას ახლაც წინააღმდეგობა გაუწია. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა, მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა, თქვა თუ: „მეშველი რად მინდა? მჭირს არავისგან წყლულობა! ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის, მორჭმული ღმრთისა ნებითა საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა, არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა, მას ზედა შველა რად მინდა? რად მეჭვ, რასაცა თნებითა?“ ავთანდილი მისთვის დამახასიათებელი დამაჯერებლობით უსაბუთებს ფრიდონს, რომ ტარიელის დახმარება არაა საჭირო. იგი ტარიელს მადლობას უხდის დახმარების სურვილისათვის, მაგრამ ჯერ უნდა თავად იგი ნახოს ინდოეთში მორჭმულ მეფედ მჯდარი ნესტანთან ერთად. „ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე: ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე, გვერდსავე გიჯდეს მნათობი, პირი ელვათა მკრთომარე, მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.“ მაგრამ ამჯერად ტარიელი მაგრად დაუხვდა ავთანდილს. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი, მან ბრძანა: „მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი. ვითა მან ჰპოვა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი, ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი! მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები, „მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავრჩები; ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები, ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები.“ ტარიელი კატეგორიულად სთხოვს ავთანდილს, არაბეთში წავიდნენ და არაბთა მეფეს ავთანდილისათვის მისი ასულის ხელი სთხოვოს. ავთანდილი ტარიელის ასეთმა კატეგორიულობამ შეაშფოთა და თავად წავიდა ტარიელთან შესახვეწად, ხელი აეღო ამ განზრახვაზე. ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად, ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეჰხედავს ზე წელად, ეტყვის: „კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად, კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.“ იგი როსტევანს ვერ ჰკადრებს, მისი ასულის ხელი სთხოვოს, მით უფრო, ძალადობა იხმაროს გამზრდელის მიმართ, ეს თინათინს გააჯავრებს. ტარიელმა დაარწმუნა ავთანდილი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ავთანდილი დასძრახა კიდეც მეტისმეტი კრძალვისა და რიდის გამო. „დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა, მძულს განუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა, თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა, თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.“ ავთანდილიც, ბოლოს და ბოლოს, დასთანხმდა. ალბათ გულში გაუხარდა კიდეც, რომ ტარიელმა ამ დავაში „გაიმარჯვა“. როგორც ვხედავთ, რუსთველს თავის გმირთა შორის დამოკიდებულება უაღრესი ფსიქოლოგიური სიზუსტით აქვს გადმოცემული. ერთიც დავიმახსოვროთ ამ ეპიზოდიდან: ავთანდილი ერთგან ამბობს, რომ შეიძლება ტარიელს ინდოეთში მტრები დახვდნენო. ტარიელს ინდოეთი მართლაც მტრებისგან დაპყრობილი დახვდა, მაგრამ ამას მომდევნო თავებში გავიგებთ.