სამთაგანვე ქვაბს მისლვა და მუნით არაბეთს წასლვა

ეს თავი იწყება სტროფით, რომელშიც კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს რუსთველის დიდი განსწავლულობა. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს: ღმერთი კეთილს მოავლინებს, მით ბოროტსა არ დაბადებს, ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს, თავსა მისსა უკეთესსა უზადო-ჰყოფს, არ აზადებს. აქ ნახსენები „ბრძენი დივნოსი“ არის ადრეული შუასაუკუნეების უდიდესი მოაზროვნე დიონისე არეოპაგელი, უფრო სწორად, ფსევდო დიონისე არეოპაგელი, როგორც მას უწოდეს მეცნიერებმა, როდესაც დაადგინეს, რომ 1 საუკუნის მოღვაწე დიონისე არეოპაგელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო იმ თხზულებების ავტორი, რომელიც მე-5-6 საუკუნეებში შეიქმნა და მიეწერა დიონისე არეოპაგელს. ამ თხზულებებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს შუასაუკუნეების აზროვნებაზე და მძლავრი იმპულსი მისცეს მის განვითარებას. ამ თხზულებების ნამდვილ ავტორად ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია მე-5-6 საუკუნეების ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ქართველი ბერი პეტრე იბერი. (კერძოდ, ასეთი შეხედულება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გამოთქმული აქვთ ქართველ მეცნიერს შალვა ნუცუბიძეს და ბელგიელ ერნესტ ჰონიგმანს, რომელთა ეს მოსაზრება გაიზიარა მეცნიერთა დიდმა ნაწილმაც). ჩვენმა გმირებმა ჯერ ტარიელის მიერ დევებისთვის წართმეულ გამოქვაბულში შეიარეს. ტარიელ ბრძანა: „მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა; მუნ მივალ, სადა ვყოფილვარ, მჭირდა სადამდის ხელობა; მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა, მე რომე გიძღვნით ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.“ მართლაც ასმათი მათ ირმის ხორცით გაუმასპინძლდა. იმხიარულეს და ილაღობეს, ღმერთს მადლობა შესწირეს ჭირის ლხინად შეცვლის გამო. ნახეს დევთა საგანძურები. ტარიელმა ეს ყველაფერი ფრიდონს უძღვნა. შემდეგ ყველანი არაბეთისაკენ გაემართნენ. ავთანდილი ისე ღელავდა, ისე იყო „გალეული“, როგორც მთვარე მზის შესაყრელად. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა, შესთვალა: „გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა, მე მოვალ, მეფე ინდოთა, დარბაზსა თქვენსა სეფესა, გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა.“ თუ ტარიელმა ზღვათა მეფეს არც კი გაუხსენა ძველი ცოდვები, ამჯერად როსტევან მეფეს ახსენებს მათ პირველ შეხვედრას, რომელიც სამწუხარო შედეგით დამთავრდა. იგი როსტევანის მაშინდელ მოქმედებას – ტარიელის შეპყრობის მცდელობას სიავეს უწოდებს, მაგრამ მისი შეპყრობის მოწადინეთა დახოცვის გამო ბოდიშს უხდის და შენდობას თხოვს. „მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა; მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, დავხოცე მონა მრავალი, მსახური სრისა თქვენისა. აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია, ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია, ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია.“ როსტევან მეფეს რომ მახარობელი მიუვიდა, „ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა“, ხოლო „თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა“. მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი, ვისცა ესმის, მივიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი, ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი, თქვეს: „ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია შენი მზანი.“ ავთანდილმა ტარიელს მათკენ მომავალი როსტევან მეფე შორიდანვე დაანახა და თხოვა, მასთან მე ვერ მივალ, მრცხვენია, შენ და ფრიდონი შეხვდითო. „ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა, იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა, ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა, რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა.“ ტარიელმა ავთანდილს მეფისადმი ასეთი მოკრძალება მოუწონა: ტარიელ უთხრა: „კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ, იქი ნუ მიხვალ, იქმმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა, ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა.“ ავთანდილი ადგილზე დარჩა, ხოლო ტარიელი და ფრიდონი როსტევან მეფის შესახვედრად გაემართნენ. როსტევანმა ტარიელს თაყვანი სცა, ტარიელმაც სამაგიერო პატივი მიაგო. ერთმანეთს გადაეხვივნენ, როსტევანმა ტარიელს ყელშიც კი აკოცა: „მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ“. შემდეგ საუბარი დაიწყეს. ტარიელმა მაშინვე ავთანდილზე ჩამოუგდო სიტყვა. „ნუ გიკვირს მისი ვერ-ნახვა და დაყოვნება ხანისა! მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ-მოტანისა, ვიაჯი რასმე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა.“ ტარიელმა „დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა.“ შემომხვეწელად ვარ მოსულიო, უთხრა როსტევან მეფეს, ავთანდილისთვის გეაჯები, რომელმაც დიდი დახმარება გამიწიაო; მაგრამ ეს გრძელი ამბავია, ახლა კი ხვეწნითა და მუდარით შემდეგს გკადრებთო: „თქვენთა უყვართ ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა; მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ ამათ ალსა, – რომე მივსცეთ ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა. ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა.“ ამოიღო ხელმანდილი, მოინასკვა ზედა ყელსა, ადგა, მუხლნი მიუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა, გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მომსმენელსა. ტარიელი რომ მუხლმოყრილი დაინახა, მეფე როსტევანი მეტად შეწუხდა, უკან დაიხია და თაყვანისცა ტარიელს: რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუდგა, თაყვანის-სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა, მოახსენა: „ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა, თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.“ რასაცა მთხოვთ, ყველაფერს შეგისრულებთ, ჩემი ქალი თუნდაც ტყვედ წაიყვანოთო, მით უფრო ავთანდილს თუ შევრთავთ, რომლის მსგავსს ჩემი ასული ვერსად იპოვის, ცამდის რომ გაფრინდესო. „მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა, თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა.“ ეს სტრიქონები ძალიან საინტერესოა. მასში აშკარად ჩანს საქართველოს ისტორიული სინამდვილის ანარეკლი „ვეფხისტყაოსანში“, მეფის ერთადერთი ასულის გამეფებასა და დაქორწინებასთან დაკავშირებით. დავუკვირდეთ, – ამ სიტყვებს როსტევანი ამბობს საზეიმო მომენტში, რაც გამოწვეულია ავთანდილის დაბრუნებით, უცხო მოყმის საქმის მოგვარებით და საცოლესთან ერთად სტუმრობით. ექსტაზში მყოფი როსტევანი იმასაც კი ეუბნება ტარიელს, ჩემი ასული გინდაც ტყვედ წაიყვანო და მოკლა, იმასაც კი დაგთანხმდები, არათუ ავთანდილს შევრთოო. და აი, ასეთ საზეიმო მომენტში როსტევანი ზუსტად, საქმიანად, ცივი გონებით, შეიძლება ითქვას, იურიდიული პუნქტუალობითაც კი, განსაზღვრავს თინათინისა და ავთანდილის სტატუსს: მას შემდეგ, რაც ისინი შეუღლდებიან, ავთანდილი იქნება მხოლოდ სიძე, თინათინის ქმარი, ხოლო მეფე თინათინი იქნებაო. ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტა. ასე არ მოხდა პოემის მიხედვით ინდოეთში, რასაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა. ასე არ მოხდა თავიდან (თამარის პირველი დაქორწინების დროს) საქართველოში, რამაც აგრეთვე ტრაგიკული მოვლენები გამოიწვია. დავუბრუნდეთ შინაარსის გადმოცემას ტარიელი ძალიან გაახარა როსტევანის სიტყვებმა და მდაბლად ეთაყვანა მას. ფრიდონი კი სასწრაფოდ გაეშურა ავთანდილთან, მიახარა მას ეს ამბავი და როსტევანთან წაიყვანა. როსტევანი დიდი სიხარულით შეეგება თავის გაზრდილს. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა; იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირს-ა. მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა. როსტევანს ნესტანი წარუდგინეს. „გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა.“ შემდეგ ყველანი მეფის სასახლეში მივიდნენ, სადაც თინათინი ელოდათ. შევიდეს, ნახეს თინათინ, მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა, სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა. ტარიელი და ნესტანი მდაბლად მიესალმნენ თინათინს, რომელმაც ისინი სამეფო ტახტზე დასაჯდომად მიიწვია, მაგრამ ტარიელმა მიუგო, რომ ტახტზე ჯდომა დღეს ყველაზე მეტად მას შეჰფეროდა ავთანდილთან ერთად. „დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა, მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ, მზესა მზეთასა.“ ავთანდილი გვერდზე დაუსვეს თინათინს. თინათინს შერცხვა, ფერი წაუვიდა და გულმა კრთომა დაუწყო, მაგრამ მეფემ დაამშვიდა, - ნუ გრცხვენია, რადგან „ბრძენთა უთქვამთ სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა.“ „აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა, სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა! ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა! თქვენით ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!“ მეფემ ბრძანება გასცა, თაყვანი ეცათ ავთანდილისათვის და მას „მეფე“ უწოდა, თუმცა, როგორც ადრე განაცხადა, ავთანდილი მხოლოდ თანამეფე იყო თინათინისა, მისი ქმარი, და მხოლოდ ამდენად მეფე. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება: „ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება, დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე - სიბერე ვითა სნება, ჩემად სწორად ჰმსახურებდეთ, დაიჭირეთ ჩემი მცნება!“ ავთანდილს „ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს“.