ამბავი როსტევან არაბთა მეფისა

„ვეფხისტყაოსანში“ გადმოცემული ამბავის თხრობა მართლაც რომ დიდებულად, ლაღად და ლამაზად იწყება. პოემის ავტორი თავის ხელთუქმნელ „ტაძარში“ ასეთი სტროფით შეგვიძღვება: იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი. როსტევანი ამ სტროფში უამრავი სიკეთით შემკულ ადამიანად არის წარმოდგენილი. როგორც ქვემოთ ვნახავთ, როსტევანი მართლაც ასეთი მეფე იყო. როსტევან მეფეს ერთადერთი შვილი ჰყავდა, ასული, სახელად თინათინი, „სოფლისა მნათი მნათობი“. როცა იგი გაიზარდა, მეფემ ვაზირები თავისთან იხმო, გვერდით დაისვა ისინი და საამო საუბრით გაანდო მათ, რომ თავისი ასულის გამეფება სურდა, რადგან ვაჟი არ ჰყავდა, ხოლო თვითონ სიბერეში იყო შესული და არ იცოდა, როდის მოკვდებოდა. ნახე, რა დიდებულად ჟღერს ეს სტროფები, რომელთა შინაარსი მე ასე მოკლედ და მშრალად გადმოვეცი: სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული. მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული. ბრძენი ხამს მისად საქებრად და ენა ბევრად ასული. მისი სახელი - თინათინ, არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია. მეფემან უხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია. გვერდთა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია. უბრძანა: „გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა, რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა! მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვჭვრეტთ ღამესა უთენაროსა. მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია? ჩემი მზე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია.“ ამ სტროფებში როსტევანი წარმოგვიდგება, როგორც ბრძენი, ამოდ მოუბარი და თავმდაბალი მეფე. აღსანიშნავია, რომ როსტევანი თინათინს თავის „ძეს“ უწოდებს. „ძე“, მართალია, ვაჟს ნიშნავს, მაგრამ რადგანაც საერთოდ ტახტის მემკვიდრეები ვაჟები იყვნენ, ამიტომ „ძე“-ში მემკვიდრე იგულისხმება. როსტევანს რადგან ვაჟი არ ჰყავდა, თინათინი მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო, ამიტომ მას თავის „ძეს“, ანუ მემკვიდრეს უწოდებს. ძალიან საინტერესოა, თუ როგორ პასუხობენ ვაზირები როსტევანს. რუსთველი სამეფო კარისათვის დამახასიათებელ, მლიქვნელი, პირფერი ვაზირების ტიპიურ, რეალისტურ სურათს გვიხატავს. ვაზირთა ჰკადრეს: „მეფეო, რად ბრძანეთ თქვენი ბერობა? ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა. მისივე მეტობს ყვავილთა სული და ტურფა ფერობა. მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა? მაგას ნუ ბრძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია, თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია. ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია. სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.“ ხედავთ, რას ეუბნებიან ვაზირები? რა დროს შენი სიბერეა, შენი ვარდი ჯერ არ დამჭკნარა, მაგრამ სულაც რომ გახმეს, მაინც სხვა ყვავილებს აჯობებს ფერით და სურნელებითო; შენი მსჯელობა, თუნდაც არასწორი იყოს, მაინც სხვების სწორ მსჯელობას სჯობიაო. ე.ი. თინათინის გამეფება არასწორი რომც იყოს, შენი გადაწყვეტილება მაინც სწორი იქნებოდაო! ნამდვილად ნამეტანი მოუვიდათ ვაზირებს! ამისთანა საშინელი და გაუგონარი მლიქვნელობით მათ, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენეს როსტევანს. არადა, არაბეთის მეფეს არაფერი სჭირდა მათი სამლიქვნელო. იგი ისედაც სწორად და ბრძნულად მსჯელობდა. შემდეგ, ეტყობა, ვაზირები ცოტა გონს მოვიდნენ და უკვე საქმიანად ალაპარაკდნენ: „თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია, არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია, შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.“ ამჯერად ვაზირები სრულიად გულწრფელად და დასაბუთებულად დაეთანხმნენ მეფეს: თუმცა თინათინი ქალია, მაგრამ ხელმწიფედ ღმერთისგან არის დაბადებულიო. მეფობა რომ იცის, ეს ჩვენც ბევრჯერ გვითქვამსო. ლომის ლეკვები, გინდ ძუ იყოს, გინდ ხვადი, ორივე ლომიაო. ერთი სიტყვით, გამოასწორეს ნათქვამი. ტყუილად კი არ იყვნენ ვაზირები! მეფე როსტევანის კარზე ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა დიდებული იყო ავთანდილი, ამირსპასალარის, ანუ ჯარების მთავარსარდლის შვილი, მშვენიერი აღნაგობის, მზისა და მთვარის მსგავსი უებრო რაინდი. იგი თინათინის მიჯნურობას გულში დაფარულად ატარებდა. მეფის გადაწყვეტილებამ თინათინის გამეფების შესახებ ავთანდილი ძალიან გაახარა, რადგან უფრო ხშირად შეძლებდა მის ნახვას. როსტევან მეფემ თავისი გადაწყვეტილების განხორციელება დაიწყო: არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: „თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან; მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან. მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან.“ თინათინის მეფედ კურთხევაზე უამრავი ხალხი მოვიდა. როსტევანმა იგი სამეფო რეგალიებით შეამკო: თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა, მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზემხედველითა. ხალხმა თაყვანი სცა თინათინს, როგორც მეფეს, თინათინი კი შემკრთალი და აღელვებული იყო ამხელა ნდობის გამოცხადების გამო. იგი მეფის ტახტზე ჯდომის ღირსად ჯერ კიდევ არ თვლიდა თავს. მაგრამ მამამ დაამშვიდა შვილი და როგორც ბრძენმა მეფემ, ბრძნულად დაარიგა თავისი მემკვიდრე. ძალიან საყურადღებოა ეს დარიგება. მასში უპირველესად ქართველი ადამიანის ხასიათი, მისი ეროვნული ბუნება, თავისებურება ჩანს. როსტევანი, პირველ რიგში, თინათინს ადამიანებთან ურთიერთობას ასწავლის, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი - დიდგვაროვნები თუ უბრალო ყმები: „ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების, უხვად გასცემდე, ზღვათაცა შესდის და გაედინების.“ ნეტავ, ასეთი დამრიგებელი ჩვენს დღევანდელ „მეფეებსაც“ ჰყავდეთ! როსტევანს მიაჩნია, რომ უხვად გაცემა მეფეთა მოვალეობაა, რადგან ეს ქვეყნის სიმშვიდისა და კეთილდღეობის საფუძველია; ვინც ძუნწობს, ის ამით უფრო მეტს ჰკარგავს: „მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია; უხვსა ჰმორჩილებს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია! რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!“ აქ კარგად ჩანს ქართველი ადამიანის ხასიათი, ქართველი მეფის კრედო. არაბეთში ხომ „შეფარვით“ საქართველო იგულისხმება. როსტევანის დარიგებაში ლაპარაკია, რა თქმა უნდა, გონივრულ სიუხვეზე. (სიუხვის მახინჯი ფორმა უყაირათო მფანტველობაა. ესეც, სამწუხაროდ, დამახასიათებელია ქართველი ადამიანის ბუნებისათვის). თინათინმა ყურადღებით მოუსმინა მამას: ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა. თინათინმა დაუყოვნებლივ აღასრულა მამის დარიგება და „უზომო, უანგარიშო, ულევი“ საბოძვარი გასცა. აქ შევჩერდეთ და დავუკვირდეთ, რა ხდება როსტევანის სამეფოში. როსტევანს ვაჟი მემკვიდრე არ ჰყავს, მას ჰყავს ერთადერთი ასული. იგი მის გამეფებას გადაწყვეტს, რაზეც ვაზირების სრულ თანხმობას იღებს. ასეთი შემთხვევა საქართველოს ისტორიიდანაც ცნობილია. იმ დროს, როდესაც „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, საქართველოშიც სწორედ ისეთივე პრობლემა იდგა, როგორც პოემის მიხედვით არაბეთის სამეფოში. საქართველოს მეფეს გიორგი 111-ს როსტევანის მსგავსად ვაჟი-მემკვიდრე არ ჰყავდა. მას ჰყავდა ერთადერთი ასული, თამარი, რომელიც თავისივე სიცოცხლეში თავის თანამეფედ დასვა, ვაზირთა და სხვა სახელმწიფო მოღვაწეთა თანხმობითა და თანადგომით. ქალის გამეფება როგორც საქართველოში, ისე პოემის არაბეთში არაკანონიერი იყო და არსებულ წესსა და სამართალს არ შეესაბამებოდა. ამიტომ ამას მართლაც ვაზირთა მხარდაჭერა და თანხმობა სჭირდებოდა, რათა ქვეყანაში შფოთი და არეულობა არ დაწყებულიყო. ახლა გავიხსენოთ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შესავალში რუსთველი მეფე თამარზე ამბობს - „მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქიაო“. მაშინ აღვნიშნეთ, რომ თამარის სახელი პოემის რომელიმე პერსონაჟი ქალის სახელის ქვეშ უნდა ყოფილიყო შეფარული. ეს პერსონაჟი ქალი, რა თქმა უნდა, თინათინია. იგიც ხომ თამარივით მეფის ერთადერთი ასული იყო, რომელიც მამამ თავის თანამეფედ დასვა. შეიძლება უბრალო დამთხვევა და შემთხვევითობა იყოს, მაგრამ ორივე სახელი „თამარი“ და „თინათინი“ „თ“ ასოთი იწყება. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ანალოგიური წესით სახელის შეცვლის შემთხვევები ისტორიაში მრავლადაა ცნობილი და დღესაცაა დამკვიდრებული. მაგალითად, როდესაც საერო პირი საეკლესიო მოღვაწეობას იწყებს, მას სახელს უცვლიან უმეტესად ისეთი სახელით, რომლის პირველი ასო იგივეა, რაც ძველი სახელისა. აქვე უნდა აღვნიშნოთ შემდეგი: მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებში და ძველ სათავგადასავლო ნაწარმოებებში გავრცელებულ სიუჟეტს წარმოადგენს მეფის ერთადერთ ასულთან დაკავშირებული ამბები. იქნებ რუსთველმაც ეს გავრცელებული სიუჟეტი გამოიყენა თავის პოემაში? ამაზე უარყოფითად უნდა ვუპასუხოთ, რადგან სწორედ რუსთველის დროს იყო საქართველოში რეალურად ასე - საქართველოს მეფეს ერთადერთი ასული ჰყავდა. თავად რუსთველი აცხადებს, თამარის სახელი პოემაში „შეფარვით“ მყავს ნაგულისხმევიო. ცხადია, მეფის ერთადერთ ასულთან დაკავშირებული სიუჟეტი საქართველოს ისტორიული სინამდვილიდანაა აღებული და არა ლიტერატურული ტრადიციებიდან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოემაში ასახული ამბავი ემთხვევა იმ მოვლენებს, რომელიც საქართველოში მოხდა თამარის გამეფებასა და დაქორწინებასთან დაკავშირებით. მხატვრულ ნაწარმოებში სრული დამთხვევა მხატვრულად ასახულსა და რეალურ ასტორიულ სინამდვილეს შორის არც არის მოსალოდნელი. (გავიხსენოთ ისტორიული რომანები). ამ თვალსაზრისით, რუსთველს, როგორც ჩანს, სხვა მიზანდასახულება ჰქონდა, რაზეც გზადაგზა, შინაარსის განხილვის პროცესში ვისაუბრებთ. გავაგრძელოთ პოემის შინაარსის გადმოცემა. ამ საყოველთაო ლხინისა და ზეიმის დროს როსტევან მეფემ მოულოდნელად მწუხარედ ჩაჰკიდა თავი. ავთანდილი და ვაზირი სოგრატი შეშფოდნენ და მეფეს მორიდებით ეახლნენ. ვაზირმა მას გასახალისებლად ხუმრობაც კი ჰკადრა: შენმა ქალიშვილმა ამდენი საბოძვარი რომ გასცა და ქონება გაგინიავა, ალბათ ესა გწყინსო. აბა, ეს რა ჭირი აუტეხე თავს, რომ გაამეფეო. მეფე, რა თქმა უნდა, ხუმრობას მიუხვდა, ესიამოვნა კიდეც, ვაზირმა მისი გახალისება რომ სცადა: რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა, გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?! „კარგა ჰქმენო, - დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, - ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუვის, ვინცა დაიყბედნა!“ ეგ არ მადარდებსო, - უთხრა ვაზირს, - ჩემი ჭმუნვის მიზეზი ისაა, რომ დავბერდი, ჩემს სამეფოში კი ერთი კაციც არ მეგულება, მე რომ მგავდეს სიმამაცითო. ღმერთმა ვაჟი არ მომცა, ის რომ დამგვანებოდაო. მხოლოდ ავთანდილია, ცოტა რომ მგავს, რადგან მე თავად გავზარდეო. ავთანდილიც მიუხვდა, რომ მეფემ ხუმრობით გააქილიკა იგი, ამიტომ ისიც აჰყვა ხუმრობაში და მეფეს ურჩია, კვეხნისაგან თავი შეეკავებანა: „ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა“, - უთხრა როსტევანს, მერე კი დაუმატა: „მოასპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია, გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!“ მეფე არათუ გაბრაზდა, არამედ, პირიქით, გამხიარულდა. გადაწყვიტეს, ერთმანეთს ნადირობაში შეჯიბრებოდნენ. სანაძლეოც დადეს - ვინც წააგებდა, სამი დღე თავშიშველი უნდა ევლო. ისე, ავთანდილს რა ენაღვლებოდა, ალბათ ჩვეულებრივი ქუდი ეხურა, როსტევანი კი თუ დამარცხდებოდა, სამი დღით თავის სამეფო გვირგვინს უნდა შელეოდა!