ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა

სანამ ამ თავის განხილვაზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ პოემის ამ ნაწილზე. ამ წიგნის შესავალში მკითხველს ვთხოვდი, ესარგებლა სასკოლო „ვეფხისტყაოსანით“, რადგან იგი შეიცავს სიტყვებისა და ფრაზების განმარტებებს და ამასთან მასში შესულია ის თავები, რომელსაც პირობითად „ინდო-ხატაელთა ამბავს“ უწოდებენ. ახლა სწორედ ამ ეპიზოდის განხილვაზე გადავდივართ. პოემის მკვლევართა დიდი ნაწილი „ინდო-ხატაელთა ამბავს“ რუსთველის დაწერილად არ მიიჩნევს და ამიტომ პოემის ბევრ გამოცემას ეს თავები აკლია. თუ რატომ არ მიიჩნევენ „ინდო-ხატაელთა ამბავს“ რუსთველისეულად, ამის მიზეზი გახლავთ მეფე ვახტანგ VI-ის მერ ჩატარებული რედაქტორული ჩარევა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ ტექსტებში, რის საფუძველზეც მან გამოსცა პირველი ნაბეჭდი „ვეფხისტყაოსანი“. ვახტანგ VI დიდად განსწავლული პიროვნება იყო და, რა თქმა უნდა, დიდადაც აფასებდა „ვეფხისტყაოსანს. მან ღრმად შეისწავლა პოემის ხელნაწერები და რადგან მათში აშკარად ჩანდა სხვადასხვა ავტორთა ჩანამატი სტროფები და მთელი თავებიც კი, გადაწყვიტა, გაეწმინდა პოემა ამ ჩანართებისაგან და გამოეცა ისეთი ტექსტი, რომელიც მიახლოებული იქნებოდა იმ ტექსტთან, რომელიც რუსთველის ხელიდან გამოვიდა. ვახტანგ VI-მ დიდი შრომა გასწია, რათა პოემა ჩანართების გარეშე დაებეჭდა. მიუხედავად ამ უაღრესად საჭირო საქმიანობისა და ძალიან კეთილშობილური მიზნისა, მან ერთი დიდი შეცდომაც დაუშვა - ჩანართად მიიჩნია და პოემას ჩამოაშორა ე. წ. „ინდო-ხატაელთა ამბავი“, რითაც დიდი ზიანი მიაყენა პოემას, რადგან მისი დასასრული აშკარად ხარვეზიანი გამოვიდა. სხვათა შორის, ვახტანგ VI-მ, როგორც მეფემ, პოლიტიკურ ასპარეზზეც ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა, რა თქმა უნდა, გულმხურვალე პატრიოტი იყო და საქართველოსთვის მხოლოდ სიკეთე სურდა. სწორედ ამის გამო თქვა დიდი გულისტკივილით დავით გურამიშვილმა მასზე: „რაზედაც მისდგა, არ დარჩა ის საქმე წაუხდომარეო“. ეს შეფასება „ვეფხისტყაოსნის“ მიმართაც მართებულია, რადგან ნამდვილი რუსთველური ტექსტის საკმაოდ დიდი ნაწილის ამოღება პოემიდან მართლაც რომ საქმის წახდენაა. სამწუხაროდ, „ვეფხიტყაოსნის“ ვახტანგისეული გამოცემა გახდა საფუძველი თითქმის ყველა შემდგომი გამოცემისათვის. ეს ტრადიცია დაირღვა მხოლოდ 1934 წელს, როდესაც პოეტმა და რუსთველოლოგმა კონსტანტინე ჭიჭინაძემ „ინდო-ხატაელთა ამბავი“ ნამდვილ რუსთველისეულ ტექსტად მიიჩნია და „ვეფხისტყაოსანში“ შეიტანა. მის შემდეგ ზოგმა რუსთველოლოგმა გაიზიარა „ინდო-ხატაელთა ამბავის“ რუსთველურობა, ზოგმა არა, ამიტომაც ეს ეპიზოდი ზოგ გამოცემაში მოხვდა, ზოგში არა. მაგალითად 1937 წლის საიუბილეო გამოცემაში ეს ეპიზოდი არის, ხოლო 1966 წლის საიუბილეო გამოცემაში არ არის. დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი რუსთველოლოგი ემხრობა „ინდო-ხატაელთა ამბავის“ რუსთველურობას. ეს ნაწილობრივ „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენმა კომისიამაც გაიზიარა, რომელმაც 1988 წლის გამოცემაში ეს ეპიზოდი განსხვავებული შრიფტით შეიტანა. ასე რომ, თუ ხელთ გაქვთ პოემის ისეთი გამოცემა, რომელშიც არ არის ორი თავი - „ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა“ და „ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება“, გთხოვთ, იშოვოთ პოემის ისეთი გამოცემა, რომელშიც ეს თავები იქნება. ახლა გავაგრძელოთ შინაარსის თხრობა და კომენტირება. როგორც წინა თავიდან ვიცით, ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი არაბთა ოთხმოცი ათასიანი ლაშქრით სასადილოდ დასხდნენ მინდორზე. ამ დროს დაინახეს დიდი ქარავანი. ადამიანებსაც და სახედრებსაც შავები ემოსათ. ტარიელმა ბრძანა, ისინი მათთან მოეყვანათ. მოიყვანეს. ჰკითხეს, ვინ ხართ, რატომ ხართ შავებშიო. მათ მოახსენეს, - ინდოეთიდან მოვდივართ, შავების ჩაცმა იქ არის დაწესებულიო. ტარიელმა და მისმა მეგობრებმა თავიანთი ვინაობა არ გაამხილეს და მოქარავნეებს კვლავ ჰკითხეს, ინდოეთში რა ხდებაო. მოქარავნეები მოჰყვნენ ტარიელისა და ნესტანის ამბავს. ნესტან-დარეჯანის დაკარგვის შემდეგ მეფე ფარსადანმა ვეღარ გაუძლო მწუხარებას და ამ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალაო, - ამცნეს მათ მოქარავნეებმა. ახლა მცირე კომენტარი. „ინდო-ხატაელთა ამბავის“ რუსთველურობას ეს ეპიზოდიც ადასტურებს. მართლაც, რაც ტარიელმა ინდოეთი დასტოვა და ნესტანის ძებნა დაიწყო, პოემის ავტორს არაფერი აქვს ნათქვამი ფარსადანის შესახებ იმის შემდეგ, როდესაც მან ტარიელს მოციქულები გაუგზავნა მკაცრი საყვედურის სათქმელად და თავის დას დავარს სიკვდილით დაემუქრა. არადა, პოემის ავტორი, რომელიც ყოველ ეპიზოდს დიდი სიზუსტით და დაწვრილებით გადმოსცემს, შეუძლებელია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხს არ შეხებოდა, როგორც ფარსადანის რეაქცია იყო ნესტანისა და ტარიელის დაკარგვაზე. და, აი, ამას სწორედ მოქარავნეთა მონათხრობში ვგებულობთ. ფარსადანის სიკვდილის ამბავის გაგებამ ნესტანსა და ტარიელს დიდი მწუხარება მოჰგვარა. რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა, საქმენი გააკვლადნა, ქალმან დიდნი დაიზახნა, ფიცხლა თავსა მოიხადნა, ტარიელცა დაიზახნა, დაფარული გააცხადნა, ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა, თოვლი გადნა. მოქარავნეებმა თქვეს, რომ ინდოეთში ხატაელთა ლაშქარი იყო შემოჭრილი და სატახტო ქალაქი ალყაში ჰყავდათ. დედოფალი ჯერ ცოცხალია, მაგრამ ყოველგვარი იმედი დაკარგული აქვსო. ტარიელმა და მისმა მეგობრებმა სასწრაფოდ აჰყარეს ლაშქარი და ინდოეთისკენ სამ დღეში სავალი სამ დღეში გაიარეს.