ტარიელისაგან ინდოეთს მისლვა და ხატაელთა დამორჩილება

ინდოეთში მისვლისას მათ დაინახეს ხატაელთა უზარმაზარი ლაშქარი. ტარიელმა თავის ძმადნაფიცებს ჰკითხა, მზად იყვნენ თუ არა ომისათვის. მათ დაუდასტურეს მზადყოფნა. Aამხედრდნენ საუკეთესო ცხენებზე და ხატაელთა ლაშქრისაკენ დაიძრნენ. წინ მავალებმა ხატაელთა დარაჯები შეიპყრეს და მოიყვანეს. ტარიელმა ისინი ხატაელთა მეფესთან გააბრუნა და რამაზ მეფეს შეუთვალა: „უთხარით: „ბრძანებს ტარიელ, მეფე ლაღი და ჯანია, იგი ხელმწიფე მაღალი, მებრძოლთა მემაჯანია; ჩემსა ამბავსა გაცნევენ თქვენნივე დარაჯანია, შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა, ცუდნიღა დაღრეჯანია! დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო! ინდოეთსა ვით მოადეგ, შმაგთაგანცა უფრი შმაგო? აჰა, მოველ იგი ცეცხლი, რომე სრულად ამოგდაგო, ხრმალი ჩემო მოლესული შენს ტანზედა დავაბლაგო.“ დარაჯები სასწრაფოდ გაემართნენ ხატაელთა მეფესთან და ტარიელის დანაბარები მოახსენეს მას. როდესაც ტარიელმა და მისმა ლაშქარმა ცოტა კიდევ წაიწიეს წინ, გამოჩნდა ხატაელთა ხუთასი ცხენოსანი რამაზ მეფესთან ერთად. ისინი უიარაღოდ იყვნენ და შეწყალებას ითხოვდნენ. ყოვლთა მისცეს ზენაარი, მიუყარნეს მუხლნი წინა: „ნუ დაგვხოცო, მისსა ძალსა, ვინცა აგრე დაგარჩინა!“ ტარიელ დგას დაყმუვნებით, რამაზ წინა მოეფინა. ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა? ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია; „აღარ დაგხოცო“, უბრძანა, ძლეული შიშმან თუ ლია, - წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია; „ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია.“ ქალაქში მყოფებმა დაინახეს ლაშქარი, რომელთაც ინდოეთის დროშა ჰქონდათ აღმართული, მაგრამ ეს ხატაელების ხრიკი ეგონათ. მოეგებნიან ტარიელს, შორიშორ უსალამიან; შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, აალამიან, ვერ გამოენდვნენ ინდონი, თქვეს თუ: „ღალატსა ლამიან.“ არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან. ტარიელმა პირადად უხმო ქალაქის დამცველებს, თქვენი მეფე, ტარიელი მოვედიო. მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია, სრულად მჭვრეტელთა აივსო ზღუდე და ბანისბანია; ხმამაღლად ხმობდეს, იზახდეს: „მოგვშორდა სალმობანია, აქამდის რისხვა მაღალმან, აწ მოგვცნა წყალობანია.“ კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია; ერთობ ფლასითა მოსილნი უჭვრეტდეს მუნ მჭვრეტენია; ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია, ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია. დიდებულებმა უთანაგრძნეს ნესტანსა და ტარიელს ფარსადანის გარდაცვალება. „ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა.“ დედოფალი გამოიჭრა ამბის გასაგებად და ყველაფერი შეიტყო. „ტარიელ ზედა მოიჭდვნა მხურვალთა ცრემლთა მდენელმან“. ავთანდილმა და ფრიდონმა მიუსამძიმრეს დედოფალს, რომელსაც ისინი ტარიელმა წარუდგინა. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა მიმტკივნება; ტარიელ თქვა: „დედოფალო, გჭირს ამათი არმეცნება, ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება; ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება.“ დედოფალმა ბრძანება გასცა, გლოვა შეეწყვიტათ. უბრძანა: „გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო, დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო. ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო, იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო.“