აპოლოგია რუსთაველისა, კონსტანტინე გამსახურდია

„შვიდი საუკუნის მანძილზე იდგა ბნელში ქართული პოეზიის იგავმიუწვდომელი ორფეოსი, პოეტთა შორის ბრძენი უდიდესი, ბრძენთა შორის მოძღვართ-მოძღვარი. არც ერთ სახლს ამშვენებს მისი სახელის მემორიული დაფა, არც რომელიმე აკადემიის წევრად აურჩევიათ იგი ოდესმე, არც თუ დაფნითა და მუხის ფოთლებით შეუმკიათ მისთვის შუბლი თანამედროვეთ. იგი ხელიდან გასხლტომია მემატიანეთა ყურადღებას და ვინ იცის, ბიოგრაფები შესძლებენ თუ არა თარიღების სალტეში მოაქციონ ოდესმე მისი აქ მოსვლის და იდუმალი გაუჩინარების ამბავი, ხოლო ქმნილება მისი დღესაც სძევს ჩვენს წინაშე, როგორც უპირატესი თავკიდური ქართული პოეტური კულტურისა, მომდევნო თაობათა პოეტებისათვის გარდაუვალი ბარიერი, ენათმეცნიერთათვის თავსამტვრევი საგანი, ისტორიკოსთათვის გამოუცნობელი მეტეორიტი.“