ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

„ვეფხისტყაოსანი“ ზოგმა მთლიანად იცის ზეპირად. უმეტესობამ მხოლოდ ცალკეული თავები და სტროფები. მაგრამ ალბათ არ მოიძებნება ქართველი ადამიანი, რომელმაც თუნდაც სამი სტროფი არ იცოდეს ზეპირად. ესენია: „რომელმან შექმნა სამყარო...“, „იყო არაბეთს როსტევან...“ და კიდევ, აი, ეს სტროფი: ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა, ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა, ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა. ამ სამივე სტროფს განსაკუთრებული როლი აკისრია. პირველი საერთოდ „ვეფხისტყაოსანს“ იწყებს, მეორე - პოემაში გადმოცემულ ამბავს, მესამე კი - პოემის მთავარი გმირის თავგადასავალს. სამივე სტროფი იმ ბრწყინვალე კარიბჭეებს მოგვაგონებს, რომელთაც დიდებულ ტაძრებში შევყავართ. მაგრამ დავუბრუნდეთ განსახილველ სტროფს. მკითხველი, რომელიც მიჩვეულია წაკითხულის პირდაპირი მნიშვნელობით გაგებას, შეიძლება გააოცოს იმან, რომ უცხო მოყმე, ეს ლომივით ვაჟკაცი, წყლის პირას მტირალი ზის. არადა, ჩვეულებრივ, რეალურ ცხოვრებაში ლომივით ვაჟკაცები არ ტირიან ხოლმე. ქვემოთ ვნახავთ, რომ მთელ პოემაში ასეა - პოემის მთავარი გმირები, მამაკაცებიც და ქალებიც, წამდაუწუმ ტირიან, მათი ცრემლები ნაკადულებად მიედინება, ზღვას ერთვის, კლდეებს ღარავს და ა.შ. მოდით, თავიდანვე გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს ტირილი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტირილი და ცრემლთა ფრქვევა პოემაში ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით არაა ნახმარი. იგი გადატანითი მნიშვნელობით გამოხატავს ძლიერ მწუხარებას, ძლიერ განცდებს. რა თქმა უნდა, ძლიერი მწუხარება და განცდები ხშირად მართლაც ცრემლებს იწვევს, განსაკუთრებით ქალებში, და სწორედ ეს ბუნებრივი მოვლენა აქვს მხედველობაში პოეტს, როდესაც მწუხარება, თუნდაც უცრემლო, შედარებული აქვს ტირილთან და ცრემლთა ფრქვევასთან. მთავარი კი ისაა, რომ ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ძლიერ წუხილს, ან გადატანითი მნიშვნელობით, ცრემლთა ღვრას იწვევს, პოემაში ყოველთვის ბუნებრივი, რეალისტური და დამაჯერებელია. როგორც ქვემოთ ვნახავთ, წყლის პირას მჯდარ უცხო მოყმეს მართლაც დიდი საწუხარი და სადარდებელი ჰქონდა. სხვათა შორის, სიტყვა „ტირილს“ დღესაც ხშირად ვიყენებთ გადატანითი მნიშვნელობით. მაგალითად, ფრაზას „რა გატირებს?“ ხშირად ვხმარობთ მნიშვნელობით: „რას წუწუნებ?“. ან - „დაიწყო ტირილი, ფული არ მაქვსო“ (ეს ფრაზა განსაკუთრებით ხშირად გვესმის ხოლმე!). ეს ნიშნავს: „დაიწყო წუწუნი, ფული არ მაქვსო“. ასე რომ, სტრიქონი - „ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა“ - უნდა გავიგოთ ასე: დაინახეს წყლის პირას მჯდარი უცნობი მწუხარე ვაჟკაცი. მომდევნო სტროფიდან ვიგებთ, რომ უცხო მოყმეს ვეფხის ტყავის სამოსელი აცვია. ამით იმასაც ვხვდებით, რომ უცხო მოყმე პოემის მთავარი გმირი უნდა იყოს, რადგან პოემას „ვეფხისტყაოსანი“ ჰქვია. თუ რატომ აცვია ვეფხის ტყავი, ამას ქვემოთ თვით უცხო მოყმე აგვიხსნის. მაგრამ იმას კი ვხვდებით, რომ ვეფხის ტყავი რაღაც განსაკუთრებული მიზეზით უნდა ეცვას და არა იმის გამო, რომ სხვა ტანსაცმელი არა აქვს ველური ადამიანივით. ბოლოს და ბოლოს, ლაგამ-აბჯარ-უნაგირი მარგალიტებით აქვს მოჭედილი და ერთი მარგალიტიც ეყოფოდა ჩვეულებრივი ტანსაცმლის შესაძენად. ერთი სიტყვით, უხვი მარგალიტებითა და ვეფხის ტყავის სამოსელით უჩვეულოდ შემკულმა ჭაბუკმა, რომელიც მწუხარებით იყო მოცული, ძალიან დააინტერესა ჩვენი მონადირეები. მეფემ ერთი მსახური გაგზავნა მის მოსაყვანად, მაგრამ უცხო მოყმემ ყურიც არ ათხოვა მას. მეფეს გაუკვირდა, გაწყრა კიდეც და ახლა თორმეტი მსახური გაგზავნა მასთან. უცხო მოყმე ახლა კი მოეგო გონს, ირგვლივ მიმოიხედა, ლაშქარი დაინახა, ცხენზე ამხედრდა და იქედან გაცლა დააპირა. მსახურებმა მისი შეპყრობა მოინდომეს, მაგრამ ჭაბუკმა თორმეტივე მათგანი დაჰხოცა - ზოგი ერთმანეთს შეანარცხა, ზოგს კი მათრახით მოუსწრაფა სიცოცხლე. მეფე როსტევანი მთლად განრისხდა და ახლა ლაშქარი დაადევნა მას. მაგრამ უცხო მოყმემ არც მათ დააყენა კარგი დღე. „კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა“. ახლა კი თვით მეფე და ავთანდილი გამოუდგნენ მას. უცხო ჭაბუკმა მეფე რომ დაინახა, მისადმი რიდი გამოიჩინა, ცხენს მათრახი გადაჰკრა და თვალის უსწრაფესად გაუჩინარდა. როსტევანის მხლებლებმა იგი ბევრი ეძებეს, მაგრამ კვალიც ვეღარ იპოვეს მისი. მერე მკვდრებსა და დაჭრილებს მიჰხედეს. მეტად დამწუხრებული მეფე მხლებლებითურთ დაბრუნდა სასახლეში, სადაც სიხარული მწუხარებამ შეცვალა. ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება, ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება, სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება, მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება“. მეფის ამ სიტყვებში ჭეშმარიტი ქრისტიანული მორჩილებაა გამოხატული. თინათინმა მამის ასეთი მწუხარება რომ დაინახა, მორიდებით ჰკითხა მიზეზი. როსტევანმა მოუთხრო საკვირველ უცხო მოყმესთან უსიამოვნო შეხვედრის ამბავი. ადამიანი იყო, თუ მოჩვენება გამომეცხადა, არ ვიცი, მაგრამ მის შესაპყრობად გაგზავნილი ლაშქარი დამიხოცა, ხოლო როცა მე დავედევნე, მომერიდა და უკვალოდ გაუჩინარდაო. ამ ამბავმა ისე დამადარდიანა, ალბათ ამიერიდან ვერაფერი გამახარებსო. თინათინმა ანუგეშა მამა. ქალმან ჰკადრა: „მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე მეფეო, რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა? რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?“ როგორც ვხედავთ, თინათინი მამას ლამის საღვთისმეტყველო კამათს უმართავს ღმერთის შესახებ. თინათინმა ურჩია მამას, უცხო მოყმის მოსაძებნად ყველგან დაეგზავნა ხალხი. თუ ვერ იპოვიდნენ და ვერც მის ამბავს გაიგებდნენ, მაშინ მართლაც ეშმა მოგჩვენებია და ნუღარ იდარდებო. მეფეს მოეწონა თავისი ასულის რჩევა და ყოველ მხარეს გაგზავნა ხალხი უცხო მოყმის მოსაძებნად. მათ იგი მთელი წელი ეძებეს, მაგრამ მისი მნახველიც ვერავინ იპოვეს. მართალი ყოფილა ჩემი ასულიო, - თქვა მეფემ, - მართლაც ეშმა მინახავს, ამერიდან ძველებურად დალხინებული ვიცხოვრებო.