ახალმოდის ცოლ-ქმრობა
მეუღლეობა, გინდა ცოლ-ქმრობა დასაბამიდან ადამიანის გაჩენისა ღვთისა მიერ კურთხეული საგანია, რომლის კავშირით არსებობს ოჯახში ბედნიერება. ეს კავშირი ცხოვრების ყველა სხვა მიმდინარე დამოკიდებულების უმაღლესი კავშირია; მით, რომ ამაზეა დამოკიდებული ოჯახის ბედნიერება და შვილთა დღეკეთილობა. საუბედუროდ ჩვენდა, ახალი მესიები რომ მოევლინა ქვეყანას, ამათ ახალი საუკუნე ახალი ქვეყანა და ახალი სჯული შექმნეს. სჯული მეთქი, რათა ბიწი არა შეეხოს წმიდა სჯულს; სჯული კი არა - ღალატი წმიდა სჯულისა, ღალატი ოჯახისა, ღალატი მეუღლეობისა და შვილთა კეთილდღეობისა, და ნაცვლად ერთ წმიდა კავშირისა არაწმიდებით მრავალთათვის წითელ კვერცხივით საცვალ საბიწიერო მეუღლეობა შემოიღეს, რომლის წყალობით განქორწინება და ქორწინება ხელის ჩამორთმევაა და მეტი არაფერი.
გონიერება ითხოვს, ადამიანმა ცხოვრებაში ჩაიხედოს და წინდახედულობა დღე-კეთილობისა არ შესწიროს საცთურებით სავსე მადას. გონიერება წამდაუწუმ გულთა ფრენის ნიავთ ქროლას არ უნდა ემონებოდეს, თორემ კაცურ დიდსულოვნებას დაკარგავს და მის ღირსეულობას დათრგუნავს, მხოლოდ ღორებრივად წუმპეში ეძებდეს იქნება მის საგემოვნო საზრდოს.
გონიერების საზრდო სიბრძნეა და არა გულისთქმა, გონიერების შვენიერება სიბრძნის ტრფიალებაა და არა წარმავალ შვენიერებისა და დროებითი გემოსი. ბრძენთა საქმე ცხოვრების ამაღლებაა; ცხოვრების გასამოთხებისათვის ბრძნულ კანონმდებლობის პირობებში უნდა ქმნიდეს საკაცობრიო საძმო მტკიცე ნიადაგს და არა პირად სიამოვნებათა თამაშობას. დიაღ, მხოლოდ პირად წუთიერ გემოვნებათა თამაშობაა დღევანდელი ახალმოდის ცოლ-ქმრობა; ხან ერთთან, ხან მეორესთან, ხან მესამე-მეოთხესთან სათვეო და წლიურ თამაშობით ლირწობა, უსჯულოება, არაწმიდება და უმტკიც სიყვარულის სიბოროტით ფარფაშობა. კვალად ვიტყვი, გონიერება არ არის, რომ კერძო თვალთა სიამოვნებას და გემოვნებას კაცმა მრავალ მოყვასთა სიცოცხლე და ბედნიერება შესწიროს; ბრძნის საქმეა, რა იგი მას არ უნდა, სხვას არ უყოს. მაშ, რა ვუწოდოთ იმ ადამიანს, რომელიც ერთის შეყვარებულს მეორე რომ ითვისებს, გინა ერთის შეყვარებით მეორეს რომ კლავს? განა განათლებამ ადამიანების წამებას უნდა შეასხას ფრთები?!
ადამიანი თავისუფალიაო, გაიძახიან და სჯულით შეკვრა წინააღმდეგიაო, მხოლოდ სინიდისი არის ჩვენი ღირსეულება და სჯულიო. კარგი, ბატონებო, მაგრამ თავისუფლება და სინიდისის საყდარი განა სხვისი საყვარელ პირის მითვისებას და მის ძლით ძმის შეწუხებას ქადაგებს? მართალია თავისუფლება გაქვს, მაგრამ ეგ შენი საკუთრების და არა ძმის საწინააღმდეგოდ, იმ ძმის, რომელსაც მისი თავისუფლებაც ხელშეუხებლად უნდა და ითხოვს შენგანაც ხელი არ შეახო. განა ძმის ასეთი აზრი თავისუფლების ჭეშმარიტება და სინიდისის სპეტაკი აზროვნება არ არის? ხოლო შენი მოქმედება ძმის საყვარელ პირის გადაბირება-მითვისებით არის ძმის მკვლელობა, მის თავისუფლების დათრგუნვა და შენი სინიდისის შეგინება.
არის აზრი, თუ ერთმანეთი სძულს ცოლ-ქმარს, მაშინ შეუძლებელია ცხოვრება ერთადო. ცოლ-ქმარს სიყვარული აერთებს და თუ ეს სიყვარული გაქრა, ვინც უყვარს იმას შეეუღლოსო. მაგრამ თუ ერთხელ შეეუღლე და თუ ეს სიყვარული ცბიერი არ იყო, მერე რამ უნდა დაგაშოროს ამ სიყვარულისგან? ერთხელ შეყვარებული პირი რაიმე უკმაყოფილების გამო რომ დასტოვო და მეორე შეიყვარო, ეგებ მასთანაც შეგხვდეს უკმაყოფილება-სიძულილი და სანამდი უნდა იარო ასე? არა, ეს სიყვარული კი არ იქნება, არამედ სიყვარულის ღალატი. ჭეშმარიტი სიყვარული დროებით შემოსულს სიძულილს აღმოფხვრის. „სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, ყოველსავე თავსიდებნ, ყოველსა მოითმენ, სიყვარული არა სადა დავარდების” (1 კორ.13, 4-8).
დამიგდე ყური, ყმაწვილო! დღეს ყმაწვილობის სინაზე და დაუჭკნობელი ხორცის ფეროვნება გამშვენებს და როგორც მაისის ვარდს სურნელად გიყნოსებენ, მაგრამ აგერ სიბერის ხანმა სალამი გიძღვნა, მაშინ შენი პატრონი და ერთგული მომვლელი ვინ გეგულება, რადგან ცოლ-ქმრობა საგულისთქმოდ მხოლოდ დააარსე და აწ შენ მრავალთა მიერ გამოცვლილ მოხუცს არავინ შეგიყვარებს და არც გულტკივნეულად მოგივლის? ან ვთქვათ შენი სიყმაწვილის დროსაც შეგეყარა რამე მძიმე სნეულება, რანაირი სიყვარული იქნება შენმა შეყვარებულმა მეუღლემ შენგან ქადაგებული „თავისუფალი სიყვარული” აირჩიოს, სხვას გაყვეს და შენ გაგხადოს მსხვერპლად უპატრონოდ დავარდნისა? არა, ჭეშმარიტი მოსიყვარულე მეუღლენი საფლავამდი მტკიცე კავშირით საერთო ტანჯვა-სიხარულის უღელს წევენ.
ახალმოდის ცოლებს რა ნიადაგი ექნება ოჯახის საქმეში? იმ ოჯახში, სადაც სიკვდილამდი დარჩენის აღთქმა ზღვაში გადაუგდია და სახლის კარებზე წაუწერია: თავისუფალი ხარ, სინიდისმა თუ გირჩიოს, სხვასთან იხარე! მერე როგორი დროის სინიდისი? სინიდისზე საქმის მინდობა მაშინ ღირს, როცა ღმერთი მართავს სინიდისს და მასზედ აქვს ადამიანს დამოკიდებულება ცხონების და წარწყმედისა. ასეთი ღვთისაგან დამოკიდებულების გამო იგივე ღვთიური სჯული არის სინიდისი. ასეთი სინიდისი განა იპოვება ახალმოდის ახალგაზრდა ცოლ-ქმრებში, რომელთა სინიდისს ღმერთთან არა აქვს დამოკიდებულება და არცა ღმერთი მართავს მათ, არამედ პირუტყვული თავისუფლება წყალწაღებულად ამეფებს მათ? დაუკვირვებლად თუ მივიღებთ, „ყოველივე ჯერ არს ჩვენდა”, მაგრამ როცა დაუკვირდებით, „არა ყოველივე უმჯობეს არს”(1 კორ. 6,12). ჯერ ერთი ახალგაზრდობა... მერე ასეთი თავისუფლება… და ამის შემდეგ ოჯახის ერთგული დედობა, განა მოეთხოვება გულმფრინავ ახალგაზრდა სასძლოებს?! განა იკადრებენ და მოიცლიან შვილების აღზრდის და ოჯახის ტვირთის თავსდებად? არა. წუთიერ სიამოვნების მიმდევარი ერთგულ ოჯახის წევრობას ვერ გასწევს და ამგვარად შვილების უყვარული და ოჯახობათა წმიდა კრებულობის დამრღვევი ადამიანები კიდევაც ოცნებობენ „საერთო პანდუქსიონში, ზოგად პანსიონში ბავშვთა აღზრდაზე”.
ძიძაობა ხომ ახლაც არის მიღებული და საზოგადოდ ძიძაობას რა მიზეზი აქვსო. და მერე ვინ სთქვა, რომ დღევანდელი ძიძაობა თვინიერ აუცილებელ, პატივ-სადებ მიზეზისა, დედა-შვილურ სიყვარულის დაკნინება, დამცირება არ იყოს? დედის მკერდის და ოჯახის ალერსის მოცილება გულქვავებას უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე სიყვარულს; უცხო ხელები ვერასოდეს ვერ გასწევენ მშობლიურ ხელების მაგიერობას. უცხო ქვეყნებში „საუცხოვო აზრებიც” იბადება, მაგრამ ჩვენთვის ხომ ყველაფერი კარგია, რაც უცხოეთიდანაა შემოტანილი! ზემოდახასიათებულ დედების და მამების გულის სათქმელ თავისუფლების წყალობით ოჯახები ისპობა და ცხოვრების უძირო მღელვარე ზღვაში უხომალდოთ მცურავნი მწარე ტალღების ცემით მოიშთვიან. ვაი, რა სამწუხაროა მშობლებისაგან ასეთი ბუნების წესთა უცნობელობა, საღმრთო საზღვარდებულებათა დარღვევა, ადამიანურ პატიოსნების, ზნეობის და ნეტარების დაკარგვა და საერთო ზოგად ბედნიერებისკენ წინსვლის ნაცვლად ველურ ხალხოსნობისკენ გადაქანება მსოფლიო ცხოვრების ჩარხისა! მოვედით, კურთხეულნო მეუღლენო, თქვენ, რომელნიც ხართ შვილნი ეკლესიისანი, განმტკიცდით ცოლ-ქმრობის მადლიან კავშირით; იცანით საღმრთო სჯულისდება, რომ შვილთა შობისათვის და ურთიერთ სიყვარულით ოჯახურ საქმეთა დახმარება-მოვლისათვის ურთიერთისა შეგაუღლად ღმერთმან და არა გულისთქმის მიდევნებით მეძაობისათვის. „წმიდა არს ქორწილი და საწოლი შეუგინებელი”(ებრ. 13,4; კრიტელის დიდი კანონი, გალობა 8), ხმობს წმიდა ეკლესია. წმიდა საქმეა გვირგვინის კურთხევა იმ შემთხვევაში, როცა ერთმანეთის ერთგულებასა და სიყვარულს საფლავის კარამდე მტკიცედ დაიცავთ. ამას ქვია საწოლი შეუგინებელი. ასეთი მეუღლეობა, როგორც პირადად თავიანთ თავისა და ოჯახისა არის ბედნიერება და ნათელი, აგრეთვე საზოგადოდ სამოყვრო უვნებლობით ყველასათვის ნათელმყოფელი კავშირია.