„წმიდა არს ქორწილი და საწოლი შეუგინებელი“

უკეთუ შობილნი ღირს იქმნენ წოდებად წმიდანებად, უეჭველად მადლითა ღვთისათა და კავშირითა ეკლესიისათა მშობელნიცა არა იწოდებიან შეგინებულად და რა იგი არა შეგინებულ არს, იგიცა წმიდა არს და ესე დაამტკიცა ქრისტემან მისვლითა მისითა და წმიდა ჰყო ქორწილი კანას გალილიას და აკურთხა იგი და თანა პატივი სცა, რამეთუ შესცვალა წყალი ღვინოდ და უკეთუ ვინმე არს გულისხმისმყოფელ ღვთის საიდუმლოებისა, უხაროდენ წყლისა ამისა ღვინოდ შეცვლითა, რამეთუ თვით ესე არს სიხარული საიდუმლო, რომელთა წმიდა ჰყო ღმერთმან ქორწილი, ესე იგი ჩვენი ხორციელი ბუნება წყლისა მამულისა თანა ნერგ და მოდგმა და მსგავსად წყლისა მომდინარე შესცვალა საიდუმლო ღვინოდ, რომელ არს ნიში ზიარებად სიწმიდისა და სიხარულისა, ვითარცა იტყვის ფსალმუნი: „ღვინო ახარებს გულსა კაცისასა“(ფსალ. 103,15). და ესე არს შემაერთებელი ზიარების სიწმინდეთა. „ქორწილი წმიდა არს და საწოლი შეუგინებელი“. ეხლა ეს გამოვიკვლიოთ, თუ რასათვის შეუდგინა წმიდამან მოციქულმან ქორწილსა წმიდასა საწოლის შეუგინებლობა. ღმერთმან ყოვლადსახიერმან რა იგი წმიდა ჰყო და აკურთხა, უეჭველად არა მათ შორის საწოლთა მიდგომილებას იტყვის შეგინებულად, არამედ შეგინებულად ითქმის უწესონი მეუღლენი, არადამცველნი სიყვარულისანი და განმრყვნელნი ცოლქმრობის საიდუმლოებისა. აი, ამათ უწოდებს შემაგინებლად საწოლისა. ესენი არიან უძღებნი, უწესო ნდომისანი. ჭეშმარიტად ესევითარნი შეგინებულ არიან ყოვლითურთ, რომელთათვის არა არს ცხოვრება საუკუნო, არამედ ტანჯვა დაუსრულებელი. შენ გეტყვი, საყვარელო ძმაო, რომელიც ხარ ამ უპატიოსნო ბოროტებაში ჩავარდნილი: გამოიღვიძე მაგ ღრმა ძილისაგან და დაუკვირდი, თუ რავდენი სულის მკვლელი ხარ და რა უსჯულოებაში ხარ დანთქმული! შენი მეუღლე, რომელიც ერთსულ და ერთხორცად შეგაერთა ეკლესიამ, ამის მკვლელი ხარ; მეზობელი და ძმა შენი, რომლის მეუღლესთან შენ ბოროტებ, იმის მკვლელიც ხარ და თუ უქორწინებელთან ბოროტობ, მისი სულით და ხორცით მკვლელი ხარ — სულით წაწყმედად, ხოლო ხორცით პატიოსნების ახდით; ამათ შორის დანთქმული უსჯულოების უძღებებითა შენი სულისაც მკვლელი ხარ და ესრეთი შენი ცხოვრების ურცხვობით საზოგადოების გადამდები საშიშარი სნეულების სულის სენად ხარ გადაქცეული! ვაიმე, ძმაო საყვარელო, რა წყუდიადს მღვიმეში ხარ ჯაჭვით კრული და ჩავარდნილი! ვაიმე, ძმაო, შენი ოჯახის ბედნიერება და მშვიდობიანობა როგორ უბედურების ნიჭად შეგიცვლია! შენი ანგელოზებრივი შვილები, უმანკო სულნი, რა საბრთხეში მიგიცია და მათ ახალმოზარდს გონებაში ვითარ ბოროტი თესლი დაგითესია! ხოლო შენს მეუღლეს, რომლის საწუთო ბედნიერება შენ იყავ, დაუბნელე შვენიერება ცხოვრებისა; შენ მიუღე მას მოძრაობა სიხარულისა და სიამოვნებისა; შენ განუმზადე მას ვაება და ოხრვა და ჩააგდე იგი უკურნებელ სენში. ცა და ქვეყანამ შენი თავი მას არგო და მისცა, ხოლო შენ უღალატე! შენ მოგანდო მან თავისი სიცოცხლე და შენ დაუტევე იგი შეუბრალებელად სამარადისო გლოვაში! ჩაიხედე, ძმაო, სინიდისში და ასწონე სასჯელი და მწუხარება შენის გვირ­გვინოსნის მეუღლისა და მოდი გონში, თუ რავდენი სულის მკვლელი დამაბრკოლებელი ხარ! მოიგონე სიტყვა მაცხოვრისა: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა და თუ იკიდოს ქედსა მისსა წისქვილის ქვაი და შთავარდეს ზღვად“(მათ. 18,6; მარკ. 9,42), და შენ არამც თუ ერთის, არამედ მრავალი სულის დამაბრკოლებელი ხარ. ეხლა რა უნდა იფიქრო და მოიგონო შენ, ძმაო, რომ ამისი ნაცვალი პასუხი მისცე ღმერთსა, მაგრამ ვხედავ, არაფერი პასუხის მოცემა შეგიძლია. ამისთვის გირჩევ, ლოდის მსგავსი ცოდვა და უგულისხმოება რომ გკიდია გულზე, შენს მაგიერად ის ჩააგდე ზღვის უფსკრულში, ესე იგი დაივიწყე შენი ბოროტი ჩვეულება და შენდობას მიიღებ ღვთის უფსკრულის სახიერებისაგან აღსარებითა და სინანულითა. მადლმან ღვთისამან და ძალმან ქრისტესამან, რომელმან ჯოჯოხეთი შემუსრა და მას შინა პყრობილნი განათავისუფლა, შენთანცა მოავლინოს ძალი მისი და შემუსროს შენში აგებული ჯოჯოხეთი და განგათავისუფლოს საუკუნო ტყვეობისაგან. აწ ძალითა და შეწევნითა ღვთისათა ვსთქვათ კეთილმეუღლეობისათვის: კეთილმეუღლობა ნაკურთხია ღვთისაგან და სიმდიდრეა პატიოსნებისა და საუნჯეა სიხარულისა, სავანეა გულის განსვენებისა ურთიერთ გაუცემლობითა და კმაყოფილებაა ღვთისა მიერ წილხდომილისა. ესევითარად შემტკიცებულნო და შეთვისებულნო მეუღლენო, გიხაროდენ და მშვიდობა იესო ქრისტესი იყავნ თქვენთანა მფარველად და წარსამართებელად თქვენი ოჯახისა - ამინ! ხოლო მე მსგავსად თქვენის მოძღვრისა შეგაგონებთ, რათა ნაყოფიერ ჰყოთ შეერთება და ამხანაგობა ესე თქვენი და მოიმუშავოთ ყანაცა სულისა ურთიერთ დახმარებითა, დაცვითა მცნებათა ღვთისათა დასაწყისსა დღისასა - დილა განთიად და დასაბამი ღამისასა იკურთხეოდეთ მოწოდებითა ღვთისათა, ლოცვა-ვედრებითა, განიპყრენით ხელნი ზეცად მიმართ და შეავედრეთ ღმერთსა ყოველი თქვენი შრომა და საქმე და ცოლ-შვილი, და ესრეთი სახე ქრისტეანულის თქვენის ცხოვრებისა შვილთაცა თქვენთა ჩაენერგებიან წმიდა ლამპრად მათის მომავალის ცხოვრებისა. ნუ დაგეზარებათ ქველის საქმეთა და მოწყალებათა (რაოდენიცა ძალ-გედვათ) ვასხებად ქრისტესა და მოღებად მისგან ასწილად. აღსარება და ზიარება უსაჭიროესი მადლია ღვთისათანა შემაერთებელი და განსაწმენდელად თქვენდა - დიდის გულსმოდგინებით მიიღეთ. ნუ შეაპყროთ გულთა თქვენთა სიმდიდრედ, არამედ საშვალ-ზომიერი ცხოვრება უფრო სასარგებლოა სულით და ხორცით, მუშაკთა და მოსამსახურეთა უწყალო ტანჯვა და სასყიდლის დაკლება და საჭმლის ნაკლულევანეობა განარისხებს ღმერთსა. აშრომეთ ძალისაებრ და სასყიდელს და საზრდელს ნუ მოაკლებთ: თუ ავად გახდეს, დიდი სამადლოა თქვენდა ღირსად მოვლა მისი, რამეთუ თავისი დედის საყვარელი შვილია და თქვენიცა ქრისტეს მიერ ძმა არის. აგრეთვე ტყვეთა პატივი ქრისტეს მიერ ბრძანებულ არს: „საპყრობილესა შინა ვიყავ და არა მოხვედით ჩემდა“(მათ, 25,43), დააყვედრებს იგი მეორეთ მოსლვის დროს იმათ, ვისაც ტყვენი არ ებრალებოდათ. აღდგომის ანუ შობის დღესასწაულებში მაინც მოიკითხეთ ტყვე და მიართვით ქრისტეს ძღვენი საკუთრებისაგან, რამეთუ ამ დიდებულ დღესასწაულებში ყოველი კაცი განცხრომა და სიხარულშია და ეს სიხარულის დღეები მათთვის გამაორკეცებელია ტანჯვა-მწუხარებისა, ოთხ კედელშუა დამწყვდეულნი, ნაღვლიანნი და ვაებიანნი. აი, საყვარელნო, გამოიხატეთ ესრეთი მათი მდგომარეობა და ამგვარ დღესასწაულებში და უბრალო დღეებშიაც თანაუგრძნეთ მათ და მოიკითხეთ სიყვარულისთვის ღვთისა. მიართვით ქრისტეს ძღვენი და მოგერთმევათ გარდამეტებული ქრისტეს მარჯვენისაგან ორთავ სოფელში. ნუ იტყვი: „ისინი კაცის მკვლელნი არიან და ღირს არიან შენგანაც სიძულილისა“, ეს უგუნური ზრახვაა: არ ჰხედავ, რომ ამის თქმით თვით ქრისტეს უწუნებ მცნებას და ღვთივ სამართალს ჰგმობ?! ქრისტესი მცნება და სამართალი მაღლა სდგანა, ძმაო, ჩვენს სჯასა და ცნობაზედა! აწ კეთილად მივიქცევი თქვენს სჯულიერ ქორწილისადმი და ვისურვებ, რათა აწ თქვენს ქორწილშიც, მსგავსად კანას გალილიისა ტაბლაზედ, მჯდომარემან იესომ ყოვლადწმიდა დედით მისით აკურთხოს ქორწილი თქვენი და მარადის განუშორებლად იყოს თქვენს გულში ყოვლის თქვენის მწუხარებისა მხიარულებად შემცვლელად და ნაკლულევანებათა თქვენთა აღმავსებელად. ამინ.