დედათათვის

დედანო კეთილნო! ისმინეთ და ყურად იღეთ სიტყვა გიხაროდენისა, რომელიც ეხარა დედასა ღვთისასა გაბრიელ მთავარანგელოზისა მიერ: „გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა“(ლუკ. 1,28). ესე სიტყვა თქვენცა გიხაროდენ, კეთილნო დედანო, რამეთუ „უფალი თქვენთანა.“ ამის დამტკიცება: იხილეთ, თუ ვითარ მრავალნი დედანი იქმნენ წმიდანი და გამოჩნდენ ქრისტეს სულის განსასვენებელნი; ესე იგი, ტაძარნი ღვთისანი, სადაცა სუფევდა მადლი ქრისტესი. ესე ვითართა დედათა ეკუთვნის თხრობად: გიხაროდენ დედანო კეთილნო, რამეთუ უფალი თქვენთანა! რამეთუ მათცა მიემადლა საკვირველი მადლი ღვთისა, რომლებთა გვამში ისაყდრა ქრისტემან სულიწმიდის მოვლინებით და მუცლისა მათისა ნაყოფნი, ურიცხვნი წმიდანი სულნი ანგელოზობენ წინაშე ღვთისა გვირგვინად მშობელთა და სასიქადულოდ ეკლესიისა. ამას მოგილოცავთ, დედანო, რათა იქმნეთ მადლითშემოსილნი; მშობელნი მადლისანი. რამეთუ „ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის“(მათ. 7,17). ძალიან იშვიათად იქმნება, რომ მშობელთა ზნეობა და ცხოვრებითი თვისებანი არ გადმოენერგოს შვილთა. ამისთვის მიაქციეთ ყურადღება თავთა თქვენთა და შეიმოსეთ სამკაულნი სულისანი: პატიოსნება, კეთილმორცხვობა, სიმშვიდე, სიმდაბლე, ენის წესიერობა და არა ენოვნობა ხმამაღლობითი, გინებითი და მაწყევარობითი, რამეთუ ფრიად საძაგელ არს ენოვანი დედაკაცი, ესე იგი, კაპასი, დამვიწყებელი საპატივცემულო სიჩუმისა. იცანით ბუნება თქვენი დედობისა და ნუ მამაკაცობთ წესის უმაღლეს თავაღებით. თქვენ მოვალეობას დაუმდაბლეთ თავი მორჩილებად ქმრისა და ნუ უფალ ქმართა იქმნებით. თვალნი თქვენნი ნუ განტევებულად მხედველობენ მიზი­დვად არა შენდობილთა მიმართ, არამედ ხვედრი თქვენი კმა-გეყავნ მიღებად ხორცის გემოვნებისა, რამეთუ სხვა არარაი უცხო იხილოთ მეორესთან, არამედ იგივე დაცემა ბუნებისა. არა კმაყოფილება თავისი ხვედრისა კაცობრივი ბუნების გარყვნილებაა, გაპირუტყვებაა ბუნებისა, რომლითა იქმნებით ცოდვის სიმთვრალით გაბოროტებულ, მარადის განუძღომელ, მოუსვენარ, ოჯახის დამღუპველ, ქმარისა მკვლელ, შვილთა ურცხვინოების და არაწმინდების წინამძღვარ, მეზობელთა სამასხრო-საცინელ, მტერთა მამხიარულებელ, მეგობართა სატირალ, ხორცით უპატიო და სულით წაწყმედულ და სხვათაცა მრავალთა წამწყმედელ. ნუ, საყვარელნო და პატიოსანნო დედანო! ნუ განიშორებთ ამგვარი უწესოებით ანგელოზსა, თქვენი ოჯახის მფარველსა, რამეთუ სადაცა არს მეუღლეობა დაცული ურთიერთისა ოდენ მხოლოდ სიყვარულისა მქონებელნი, მუნ ოჯახსა მათსა ფარავს ანგელოზი ღვთისა. ხოლო ურთიერთის გამცემი მეუღლეობაში მიიღებს რისხვას და დამდაბლებას. და უკეთუ ეშმაკისა მიერ იქმენ ცთუნებულ და შთავარდი სულით და ხორცით დასაღუპავ მრუშებაში უკანდელ დროებაში, აწ მაინც განაგდე შენგან ვითარცა გველი და მოსპე ამიერიდგან მკვლელობა ქმრისა შენისა და ესრედ რა ყოფდე გონიერმან ქმარმან დააფასოს მოქცევა და სინანული შენი და არ მოგიხსენოს და შეგიყვაროს. უკეთუ არა დასცხრე სიბოროტისაგან შენისა, დარწმუნდი, რომ უეჭველად გეწევა რისხვა ღვთისა და დაისჯები ამ ცხოვრებაში ვიდრე სიკვდილამდე. ამასთან იქონიეთ, დედანო, ღვთისმოყვარენო, შვილთა მიმართ ერთნაირი მზრუნველობა, თუ მაინცდამაინც რომელიმე მეტად შეგიყვარდეს, ეცადეთ სხვებზე დიდად აღრჩევას ნუ გამოაჩენთ საქმითაც, თორემ შური აღეშენება თქვენგან მათ შორის. ყველას ტკბილად მოეპყარით და მათი ბედნიერებისათვის ერთნაირივე ზრუნვა იქონიეთ და ესრედ სიყვარულისა ძენი და ასულნი აღზარდეთ. თქვენ ხართ გზა შვილთა თქვენთა, თქვენ ხართ მთესველი მათ გულში თესლისა და ვაი, თუ თესლი უკეთურებისა დაითესოს მათში თქვენ მიერ, რომლის პასუხისგება დიდ არს თქვენთვის წინაშე ღვთისა! დედანო, ღვთისმოყვარენო, ნუ იქმნებით უქმობისმოყვარულნი ქალბატონების მიჩვევითა, არამედ იყავით შრომისმოყვარენი, ღირსეული ხელთსაქმობითა და ოჯახური თაოსნობითა. ნუ იქმნებით კარტითა და ნარდისა თამაშითა მარად დროტარების უნაყოფოდ მტარებელნი! თავიანი და მშრომელი დედაკაცის ოჯახი მდიდარია პირუტყვითა, ძროხათი და ნაწველითა მისითა, ინდაურითა და ქათმებითა. აგრეთვე ფრიად განშვებულ არს ბაღეულობა ხეხილითა და ბოსტნეულითა, რომლის ნაყოფითა სუფრა მისი დიდებულ არს და აღსავსე არს ოჯახური ყოველგვარი შემოსავალითა. ეზო მისი აღიარებს თავიანი დედაკაცის საქმიანობას, ფრიად დამშვენებული სამოთხიური ნერგებითა და მწვანელოვანებითა. სახლი გამოაჩენს კარგი დედაკაცის ღირსებას დიდად სუფთაობითა და თან გარდა მათი საწოლისა, სადმე სახატოს მოწყობითა. ერთი სიტყვით, კეთილთავიანი და მშრომელი დედაკაცი იცნობება ოჯახის განხილვისათანად. ხოლო უმეტესად ზნეობითი სიკეთე და ღვთაებრივი მადლიანობა დედაქალისა იცნობება თავის ქვეშევრდომებთან, გინა მოსამსახურეებთან თუ ვითარ მადლიანად ექცევა მათ. ჰოი, რა ბედნიერია ის ოჯახი, სადაცა არს მადლიანი დედაკაცი! ვინ არ შენატრის კეთილ და ღვთიურ დედაკაცის ოჯახს! ვინ არ ულოცავს დიდ ბედნიერებას კეთილ და ჭეშმარიტი მეუღლის პატრონს? ვინ არ ისურვებს მათი ოჯახის შვილს სასძლოდ თითქმის უმზითოდაც! კადნიერია თქმა, მაგრამ არა უშავს, რომ უწოდოთ ამგვარ ოჯახს ეკლესიად, გინა სამოთხედ. რამეთუ ვითარცა ეკლესია და სამოთხე არს მადლის წყარო, ეგრეთვე ოჯახი ღვთიურ დედაქალისა და ჭეშმარიტ მეუღლეობისა არს წყარო სიმშვიდისა, სიწმინდისა, პატიოსნებისა, სიყვარულისა, დღეგრძელობისა და ყოველგვარ სულით და ხორცით სიხარულისა. რომელიც მოგმადლონ, კეთილ მეუღლენო, უფალმან იესო ქრისტემან ორთავ სოფლისა დღეკეთილობა თქვენი საღვთო ოჯახობითურთ. ამინ.