ასულთათვის

ვინაიდგან სიტყვა ჩვენი იყო საოჯახო და ითქვა დედათა­თვის, აქვე ღირსეულად შეუდგინო ასულთა მათთა სიტყვა რაოდენიმე, რომელნიცა იზრდებიან თავის ხვედრი ოჯახთა საბედნიეროდ. თქვენ, ახალნორჩნო, ასულნო, ანგელოზთა მობაძავნო, ნეტარ ხართ თქვენ, რამეთუ მაღლისა მზისა ნათელი წმიდასა მაგას გულსა შინა თქვენსა ანათებს! ნეტარ არს გვამი ეგე თქვენი უბიწო, რამეთუ ტაძარი სულისა წმიდისა არს და ნეტარ ხართ უკეთუ ესე იცნათ და დაიმარხოთ გულსა შინა თქვენსა, თუ რა ძვირფასი და სანატრელია ვიდრე ქორწინებამდე დაცვა ქალწულებისა და არა შებღალვა გვამისა შეგინებულობითა. რამეთუ ყოველი, რომელიც უბიწოდ და შეუგინებელი გვამით მიემთხვევა გვირგვინოსნობას, იგი ჭეშმარიტად იქმნება კურთხეული ზეციერის მამისაგან და სულიწმიდა გადმოვალს მასზედა, აკურთხებს ქმრისადმი საიდუმლოებით შეერთებას და დაბეჭდავს ძლიერებითა ჯუარის დაწერისათა მეუღლეობასა მათსა. ამისთვის გევედრებით, საყვარელნო შვილნო, ახალმოზარდნო ასულნო, მტკიცედ გადაწყვიტეთ გულსა შინა თქვენსა უბიწოდ შენახვა გვამისა ვიდრე გათხოვებამდე და უკეთუ ესრედ მტკიცედ გადაწყვეტთ თქვენს შეუგინებლობას, მაშინ უბრძანებს ღმერთი ანგელოზსა, რათა დაგიფარონ და დაგიცვან უწესო პირებისაგან, თუ ძალით არ წაახდენთ სინიდისს. თქვენი ორთავ სოფლის ბედნიერება შესდგება ამ ახალგაზრდობის პატიოსნებით, ღვთის სარწმუნოებით აღ­ზრდილობისაგან. ხოლო ქალწულებრივი უმანკო და უეშმაკო სახე ანგელოზებრივად გამოგაჩენენ და დიდად ქებულგყოფენ საზოგადოებაში. ამასთანავე მომავალი თქვენი კეთილმეუ­ღლეობის კავშირი იქმნება მტკიცე და გამოუცვლელ. რამეთუ პირველი იგი სიყვარულისა თვისება ქმრისადმი მხოლოდ ცნობილი, — ძლიერი სიყვარულით შეიკრვის და არა გიტევებენ სხვისადმი მიახლებად, უკეთუ არა უგუნურობით და რომელიმე მიზეზით არა განრყვენით თავნი თქვენი ძალით. კვალად გევედრებით, დაიცევით უბიწოება თქვენი მცირე ხან და წმიდათ მიემთხვიეთ ღვთივ ნაკურთხ ქორწინებას. რა დიდი საქმეა, შვილო, ხუთი-ექვსი წლის თავის დაცვა. ესე იგი, თექვსმეტ-ჩვიდმეტ წლამდი მაინც არა არს ბუნება დიდად მაიძულებელი და შემდეგ ხუთი ან ცოტა მეტი წლისა შეგხვდებათ ქორწინება და რად შებღალავთ თქვენს წმიდა გვამს მცირე ხანის მოუთმენელობით? უკეთუ ჩვენ სიყრმიდანვე ახალგაზრდული სურვილი დავადუმეთ ამ ხორცის თვისების აღუსრულებლობითა და სიკვდილამდე გადავწყვიტეთ ქრისტეს სიყვარულისთვინ სრულიადი უბიწოება, ნუ უკუე თქვენ ხუთი-ექვსი წელი ვერ დაიცევით მოთმინებით თქვენი ქალწულებრივი პატიოსნება, თქვენი ოჯახის საბედნიეროდ და სულით და ხორცით საკეთილდღეოდ! ოჰ! ნეტავი იცოდეთ, თუ რა ღვთაებრივი მადლი მღელვარებს გულსა ქალწულებრივად აგებულსა და სრულიად შეუგინებელად დადგრომილსა ქრისტესთვინ მოთმინებითა! მაშინ არათუ ხუთი და ექვსი წელი, არამედ ასიცა წელიწადი დაადგრეთ ქრისტესათვინ სიწმიდით და მხნეთ დაუთმოთ ბრძოლასა სისხლისასა დროსა ჰასაკოვანებისა, ოდეს იგი ძლიერად ღელავს ცეცხლი ბუნებისა. რამეთუ უძვირფასეს არს ყოვლისა დიდებისა სიმტკიცე ქალწულებისა. და აწ ვინაიდგან ჩვენ სრულიად სიცოცხლე ჩვენი ამისდა შეგვიწირავს, რათა არა დაშრტეს სიწმიდის ლამპარი, ნუ უკუე, თქვენ, შვილნო, ქორწინებამდე არა დაითმინოთ უბიწოდ დამარხვა თავისა, რათა სახელოვანად და ღვთის სათნოდ მიემთხვიოთ ქორწინებას! სახელოვანად მეთქი, რომ ვამბობ, ეგ თქვენც იცით, თუ რავდენი სულმოკლენი ქალ-შვილნი სახელგატეხილნი და სირცხვილეულნი არიან საზოგადოდ უპატიოდ ცნობილნი, მუცელქმნელობითა. ხოლო უბიწოდ თავის დამცველნი დიდად სახელოვანად ქებულ არიან. ნეტარ არს იგი ქალწული, რომელმაც შეუგინებელად იქორწინა, ხოლო უნეტარეს არს სრულიად შეუგინებლობა უქორწინებელად სახელისათვის ქრისტესისა, რომელმან გამოისაჭურისნა თავი თვისი სახარებისთვინ. აწ რომელთა ძალგიძთ ესე დატევნად, დაიტიეთ, ესე იგი, ვისაც შეგიძლია მოთმინება სრულიად ქალწულებით ქრისტესთვინ, შესწირეთ შეუგინებელად თავი თვისი, ხოლო რომელსაც არ ძალგიძთ მოთმინება, იქორწინეთ უბიწოდ შეუგინებელი ხორცით და მრწამს, რომ თუ ღვთის სათნოებით იცხოვრებთ, სასუფეველსა შინა ღირს იქმნებით სუფევად. ხოლო სრულიად ქალწულება და ღვთის სათნოდ ცხოვრება ანგელოზთა სწორებაა და სუფევაცა მისი უსანატრელეს. გარნა არ იქმნს, რომ ვინმემ უცებ აჩქარებით აღიტაცოთ ფიქრით მარტო და გადაწყვიტოთ მონაზონება, არამედ კარგათ განიკითხეთ თავი თქვენი და ისე გონიერად შეუდეგით ქრისტეს ძლიერებას.